Hammock Magazine x The Body Shop - ვარდისფერი კინოში

ვარდისფერს თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში ძალიან ხშირად შეხვდებით. არ ვიცი, კინოეკრანზე პირველად ვარდისფერი ვის კადრში მოხვდა, თუმცა ამ სიის შედგენისას ასეთი უკვე ძალიან ბევრი აღმოჩნდა. ცხადია, ამ ფერის ტონალობაც და მისი გამოყენების სიხშირეც სხვადასხვა რეჟისორისთვის სხვადასხვაგვარია, ამიტომ ამ სიაში როგორც უბრალოდ ვარდისფერ კადრებს, ისე უეს ანდერსონის “გრანდ ბუდაპეშტის”  მსგავსად, თავიდან ბოლომდე ვარდისფერ ფილმებსაც შეხვდებით.

What A Way To Go

კეი ლი თომპსონის მიერ გადაღებული 1960-იანი წლების ამერიკული შავი კომედია, რომელშიც ვარდისფერს  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქ შირლი მაკლაინის თმით დაწყებული, ტანსაცმლით, სახლის ინტერიერით და ექსტერიერით დამთავრებული, ყველაფერი ვარდისფერია. 

Gentlmen Prefer Blondes

მერლინ მონროს ცნობილი ვარდისფერი კაბა სწორედ ამ ფილმიდანაა. 1953 წელს გადაღებულ კომედიურ მიუზიკლს საფუძვლად 1949 წლის ამავე სახელწოდების მიუზიკლი დაედო. მერლინ მონროს ვარდისფერი კაბა და მთავარი გმირების შესრულებული ნომრები დღემდე ძალიან ბევრი თანამედროვე პოპ კულტურის წარმომადგენლისთვის დაუსრულებელი შთაგონების წყაროა.

Paris, Texas

ვიმ ვენდერსის 1984 წელს გადაღებულ ამ ფილმში ვარდისფერი  ფილმის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ ეპიზოდში ჩანს - მაშინ როცა ტრევისი ჯეინს ჰიუსტონის ერთ-ერთ Peep Show-ში პოულობს. ამ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში ჯეინს სწორედ ვარდისფერი კაბა აცვია.

The Grand Budapest Hotel

ვარდისფერი ფერით გამორჩეული ფილმების სია უეს ანდერსონის და განსაკუთრებით მისი “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” გარეშე წარმოუდგენელია. 2014 წელს გამოსულ კომედიურ ფილმში სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინიდან დაწყებული, კოსტიუმებით დამთავრებული, ყველაფერი ამ ფერის გარშემო ერთიანდება. ფილმმა ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად ოსკარის ოთხ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა, რომელთა შორისაც ტანსაცმლისა და პროდუქტის დიზაინის ნომინაციებიცაა.  

Marie Artoinette

თინეიჯერი გოგოს ვარდისფერი სამყარო სოფია კოპოლამ  „მარია ანტუანეტაში“ გვაჩვენა. ლაღი და თავისუფალი ავსტრიის პრინცესა, რომელსაც სამეფო ოჯახისგან მომავალი დედოფლის ტახტი ჰქონდა „მისჯილი“, ნელ-ნელა თავის ბავშვურ ვარდისფერ სამყაროს კარგავს და საბოლოოდ ისეთ დედოფლად იქცევა, როგორიც არასდროს უნდოდა რომ ყოფილიყო. კირსტენ დანსტის პერსონაჟის ცვლილებას ფილმის ესთეტიკური მხარეც მიჰყვება. მდიდრულ ცისფერ და ვარდისფერ კოსტიუმებს საბოლოოდ შავი ფერი ანაცვლებს, რითაც ავტორი, მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, პერსონაჟის ტრაგიკულ, სიცარიელით სავსე ცხოვრებას უსვამს ხაზს. ფილმის ესთეტიკური მხარე ამ ფილმში გამორჩეულია იმითაც, რომ მიუხედავად ეპოქისა, მასში თანამედროვე პოპ კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებიც იჩენს თავს, ვარდისფერ ფერს კი მანამ სანამ მარია ანტუანეტა ტრანსფორმაციას განიცდიდა, მისი ტანსაცმლის გარდერობშიც და სასახლის  ინტერიერშიც ძალიან დიდ ადგილი უჭირავს.

Moonrise Kingdom

უეს ანდერსონის კიდევ ერთი ფილმი, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი პერსონაჟის ვარდისფერი კაბა აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. 2012 წელს გადაღებული ეს ფილმი “გრანდ ბუდაპეშტისგან” განსხვავებით, განსაკუთრებულად ვარდისფერი ესთეტიკით არ გამოირჩევა, თუმცა უეს ანდერსონის კოსტიუმების დიზაინი ყოველთვის იმსახურებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. 

Lost in Translation

ალბათ ყველას ახსოვს სკარლეტ იოჰანსონის  პერსონაჟის ვარდისფერი პარიკი, რომელიც რეჟისორმა მსახიობს Lost in Translation-ში მოარგო, ფილმში, სადაც ხალხით გადაჭედილ ხმაურიან ქალაქში ორი მარტოსული ადამიანი ერთმანეთს პოულობს. ტოკიოს ლურჯი ფერების, კოპოლას ვარდისფერი ესთეტიკისა და თანამედროვე საუნდტრეკების ფონზე მაყურებელი ხედავს, როგორ ისადგურებს ორ მეგობარს შორის განსაკუთრებული ჰარმონია და სიყვარული. თარგმანში დაკარგულმა“ 2003 წელს სოფია კოპოლას დიდი წარმატება მოუტანა, ფილმი ოსკარის ოთხ კატეგორიაში იყო ნომინირებული, ჯილდო კი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.

Closer

კიდევ ერთი ცნობილი ვარდისფერი პარიკი, რომელიც ამჯერად ნატალი პორტმანის გმირმა მოირგო, ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი სახასიათო დეტალია. 2004 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ნატალი პორტმანი, ჯუდ ლოუ და კლივ ოუენი თამაშობენ, მოცარტის ოპერის All Women Do It-ის თანამედროვე ტრაგიკული ვერსიაა. ალბათ ამიტომაც, გარდა ვიზუალური ესთეტიკისა, ფილმი თავისი საუდტრეკებითაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

Her

მიუხედავად იმისა, რომ ხუაკინ ფენიქსიდან დაწყებული, სკარლეტ იოჰანსონის ხმით და საუდტრეკებით დამთავრებული, ფილმში ყველაფერი ულამაზესია, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გმირი და არც ამ სიაში მოხვედრის მიზეზი არაფერია იმასთან შედარებით, რაც სპაიკ ჯონსის ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაგრჩებათ. უბრალოდ უყურეთ და მოუსმინეთ, სხვა ყველაფერზე საუბარი ძალიან რთულია.

Centimeters Per second

თუ აქამდე არ იცოდით, მაკოტო შინკაის ამ ანიმედან გაიგებთ, რომ ხუთი სანტიმეტრი წამში ის სიჩქარეა, რა დროშიც საკურას ყვავილი ხეს შორდება და მიწას ეცემა. გაიგებთ იმასაც, თუ რა უმნიშვნელოა დრო და სივრცე  მანამდე, სანამ ტაკაკის და აკარის მსგავსი სიყვარული არსებობს. გირჩევთ უყუროთ ამ ანიმეს და განსაკუთრებით მოუსმინოთ ბოლო ხუთ წუთს. 

The Wolf of Wall Street

 



მარტინ სკორსეზეს მიერ 2013 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული და მისი როგორც ნიუ იორკელი ბროკერის გამდიდრებაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს, რომელმაც ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა. ვარდისფერი აქ მარგო რობის პერსონაჟის კაბა და ოთახის ინტერიერია.

 

Suspiria

 

1977 წელს იტალიელი რეჟისორის, დარიო არჯენტოს საშინელებათა ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ბალეტის მოცეკვავე ჯესიკა ჰარპერის პერსონაჟი ასრულებს. “სუსპირია” არგენტოს ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომელმაც რეჟისორს დიდი წარმატება მოუტანა. “სუსპირია”, რომლის შთაგონებითაც 2018 წელს ლუკა გუადანინომ იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, კრიტიკოსების მხრიდან აღიარებულია, როგორც ვიზუალური ესთეტიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოსურათი, რომლის კადრებშიც ბევრჯერ შეხვდებით დასამახსოვრებელ ვარდისფერ ინტერიერებსა თუ დეტალებს.

Harry Potter and the Order of the Phoenix



დოლორეს ამბრიჯის გარეშე ვარდისფერი მაგიის შესახებ საუბარი წარმოუდგენელია. თუ კიდევ დარჩა ვინმე ვისაც ეს ფილმი არ უნახავს, აქ წაკითხვას ჯობს თავადვე ნახოთ.

 



ავტორი : გვანცა ჩანადირი