Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - მაია აბაშიძის რეკომენდაციები

მხატვარი მაია აბაშიძე ყველაზე მეტად მისი გამორჩეული ესთეტიკის ილუსტრაციებით არის ცნობილი. პასტელური ფერთა გამა და გასული საუკუნის 50-60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო და პერსონაჟები მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. მის ნამუშევრებში ალტერნატიული რეალობაა ასახული, რომელიც არტისტის მიერ შექმნილ სამყაროში არსებობს. ნებისმიერი დეტალი, ფაქტურა თუ ფორმა სწორედ ძველი, 50-60-იანი წლების ცხოვრებისეული ფოტოებიდან არის გაცოცხლებული. 

Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ მხატვარ მაია აბაშიძის რეკომენდაციებს, სადაც ხელოვანისთვის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული არტისტების ნამუშევრებია გაერთიანებული.

გერჰარდ რიხტერი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი არტისტი 60-იანი წლებიდან ქმნის  რეალისტურ ფოტონამუშევრებს ფოტოების მიხედვით, რომლებიც მე ყველაზე ძალიან მომწონს. უყვარს ნამუშევრების გაბუნდოვნება (გაბლარვა). მისი ცნობილი ფრაზაა: მე ვაბუნდოვანებ, რომ ყველაფერი გავხადო თანაბარი, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბრად არამნიშვნელოვანი.

ელლა 2007

დედა და შვილი, 1995

ავტოპორტრეტი, 1996

იოშიტომო ნარა

იაპონელი მხატვარი, მისი ნახატები და სკულპტურები გამოხატავენ უცნაურ, სიზმრისეულ დაძაბულობას აგრესიულობასა და მელანქოლიას შორის.  მისი მთავარი გმირები არიან ბავშვები და ძაღლები, ამ უმანკო სუბიექტების უკან იმალება სუფთა ძალადობა. მისი ნამუშევრები იხრებიან ორ საპირისპირო პოლუსს შორის. უყვარს პანკ როკი, მაგრამ არა მხოლოდ როგორც  მუსიკა, არამედ როგორც თავისუფლების ნიშანი.

Pyromaniac, 1999

Smoking Girl

 

ალისა მონქსი

ამერიკელი მხატვარი  ხატავს მცირე სივრცეებს, სადაც წინა და უკანა პლანი შეტრიალებულია, იყენებს ნახევრად გამჭირვალე ფილტრებს, როგორებიცაა: შუშა, ორთქლი, წყალი, თავის ცნობილ ათწლიან წყლის სერიებში.

Morning After II, 2014

ლიუკ ტუიმანსი

ბელგიელი მხატვარი, რომელიც ქმნის ნამუშევრებს სხვა სურათებიდან და ფილმებიდან, თვლის, რომ ერთადერთი ორიგინალურობის ფორმაა ''აუთენტიკური სიყალბე". თავის ნახატებში ქმნის ანემიური ჭუჭყიანი ნაცრისფრისა და ყვითლის პალიტრას, რომლებიც გადარეცხილ ფოტოებს მოგვაგონებენ.

The Architect, 1998

ანსელმ კიფერი

გერმანელი მხატვარი და მოქანდაკე ნამუშევრებში იყენებს სხვადასხვა მასალას: ჩალა, ნაცარი, თიხა, ტყვია და შელაქი.  მის ნამუშევარში Hortus Conclusus (ლათ. “დაცული ბაღი”) გამოსახულია თვითონ მხატვარი იოგას პოზაში Savasana (“ცხედრის პოზა”). დასვენების ამ პოზიციის მიზანი არის დაძაბულობის გაქრობა სხეულიდან და გონებიდან, მოტივტივე სხეულის დაკავშირება დედამიწასა და კოსმოსთან. ამავე დროს კიფერი მიმართავს მიკროკოსმოსისა (ადამიანი) და მაკროკოსმოსის (სამყარო) შენაცვლების მუდმივ იდეას.

Hortus Conclusus, 2007-2014

რონ მიუეკი

რონ მიუეკი ავსტრალიელი ჰიპერრეალისტი მოქანდაკეა, რომელიც ქმნის უაღრესად დეტალიზებულ ნამუშევრებს. ის იყენებს მასალად სილიკონს, თმას, მინაპლასტიკას ადამიანის ფორმისა და ფაქტურის მისაღებად. ადამიანის ზომის ანგელოზი, რომელიც თითქოს არასრულყოფილად გამოიყურება, არის შუახნის კაცი, რომელიც სკამზე ჩაფიქრებული ზის, შეიძლება დამწუხრებულიცაა. მისი რეალისტური, თმიანი სხეული კონტრასტს ქმნის მის ღვთაებრივად ლამაზ ფრთებთან, რომელიც გაკეთებულია ნამდვილი ბატის ბუმბულისგან. ფიქრობ, ასე გამოიყურებიან ის პატარა ქერუბიმები, როდესაც იზრდებიან? ასევე ჩაგვაფიქრებს იმაზე, რამ გამოიწვია მისი ასე დასევდიანება.

Angel, 1997

ტაკაში მურაკამი

ტაკაში მურაკამი, თანამედროვე იაპონელი პოპ-არტისტი, მუშაობს ისეთ მედიუმებში როგორებიცაა მხატვრობა, სკულპტურა, ასევე კომერციულში: ანიმაცია და ტანსაცმლის დიზაინი. მის ნამუშევრებში ძალიან ბუნდოვნადაა გამიჯნული მაღალი და დაბალი დონის ხელოვნების დარგები. 

Oval Buddha, 2010






ავტორი : მაია აბაშიძე