ყვარლის ტბის კურორტი - საუკეთესო ადგილი დისტანციური მუშაობისთვის

დღეს, როცა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, საიდან შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის პროცესი ასეთი თავისუფალი და პროდუქტიული არასდროს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. როგორი სამუშაო გარემო და საინტერესო ადამიანებიც  უნდა იყვნენ ირგვლივ, ჩემს საქმეს -  წერას - ყველაზე მეტად მშვიდ გარემოში განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა უყვარს. ამ მხრივ, შემოქმედებითი საქმიანობისთვის სახლში განმარტოებით ყოფნა დიდი კომფორტია, მაგრამ პროცესი კიდევ უფრო კომფორტული ხდება, როცა შენთვის საინტერესო ამბავზე წერას ერთ მხარეს ალაზნის ველების, მეორე მხარეს კი ყვარლის ტბისა და კავკასიონის ულამაზესი ხედების ფონზე ახერხებ.


დაახლოებით ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ყვარლის ტბის კურორტს ვესტუმრე და სამუშაო პერიოდი ამ არაჩვეულებრივ გარემოში გავატარე. თავისთავადაც მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო, ბოლო დროს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და სიმშვიდის შექმნისკენაა მიმართული, რადგან თუკი აქამდე ადამიანების უმრავლესობა ამ ადგილს ძირითადად კვირის ბოლოს, დასვენების დღეებში სტუმრობდა, ჩვენმა ახალმა რეალობამ, სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ქცევაც შეცვალა და კვირის  სამუშაო დღეების  ამ გარემოში გასატარებლად აქ უკვე ძალიან ბევრ საქმიან ადამიანსაც შეხვდებით.



მიზეზი გასაგებია, თუკი ჩემსავით სამსახური გაძლევს შესაძლებლობას,  მნიშვნელობა არა აქვს საიდან მუშაობ,  ბუნებრივია, სამუშაოს შესრულება იქ, სადაც აქამდე, როგორც წესი, მხოლოდ დასასვენებლად ჩადიოდი, კიდევ უფრო სასიამოვნო და საინტერესო ხდება. თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს, ეს შანსი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოიყენო და  კომფორტული სამუშაო გარემო კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესო,  დასვენების "არასამუშაო" საათებში კი მარტო ან მეგობრებთან ერთად ყველა იმ გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით ისარგებლო, რომელსაც კურორტი თავის სტუმრებს სთავაზობს.



დილის ყავისა და უგემრიელესი საუზმის შემდეგ, საშუალება გექნებათ თქვენი სამუშაო საათები ან თქვენი კომფორტული ოთახის სამუშაო მაგიდასთან, ან იქვე, რესტორნის სივრცეში გაატაროთ. ჩემთვის ყველაზე კომფორტული და მშვიდი სივრცე ტერასა აღმოჩნდა, საიდანაც ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება, ამიტომაც, მათ, ვისაც საკუთარ ოთახში სამუშაო მაგიდასთან მუშაობას, ამ დროის სუფთა ჰაერზე ყოფნა  ურჩევნია, ვურჩევ ამ ადგილს გვერდი არ აუაროს და სამუშაო დღის ნაწილი სწორედ აქ გაატაროს. რამდენიმესაათიანი დამღლელი მუშაობის შემდეგ, ტბის ნაპირთან  ფეხით ან სულაც ველოსიპედით გასეირნება, ალბათ თქვენი შესვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მსუბუქი ლანჩის შემდეგ, სამუშაო დღის დასრულებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნება თქვენს ძალებს იდეალურად აღადგენს და დარჩენილ სამუშაოს უფრო მეტი შემართებით შესრულებაში დაგეხმარებათ.



სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი მთელი თავისუფალი საღამოს გასატარებლად ყვარლის ტბის კურორტის სტუმრებს დასვენებისა და გართობის უამრავი შესაძლებლობა გეძლევათ: აუზი და სპა ცენტრი, რომელიც სხეულისა და გონების განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რესტორანი და ბარი, სადაც თქვენს კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებას ქართულ-ევროპული კერძებისა და კახური ღვინის თანხლებით შეძლებთ, წყლის ველოსიპედით ან კატერით ტბაში გასეირნება, ან სულაც ნაპირიდან თევზაობა და ამ ფორმით ბუნებასთან სიახლოვით კიდევ უფრო მეტი სიამოვნების მიღება. ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენი კომპანიის ოფისში ან სულაც სახლში გატარებული სამუშაო დღე ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქამდე ჯერ არ ყოფილა.



ავტორი : გვანცა ჩანადირი