თავზეხელაღებული ჯაზი და ღვინო ბექა გოჩიაშვილთან ერთად

ხვალ, 3 ოქტომბერს წინანდლის მამულში Jazz and wine-ის  მეოთხე ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ ვარსკვლავ ლისა სიმონესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას  მიიღებენ ქართველი მუსიკოსებიც. მათ შორისაა ბექა გოჩიაშვილი, ჯაზმენი, სტენლი კლარკის ბენდის წევრი, რომელმაც საერთაშორისო მსმენელის აღიარება ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა. 

TBC კონცეპტთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს ბექა გოჩიაშვილთან, რომელიც  თავისი განვლილი კარიერის, ხვალინდელი კონცერტისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება.


ბექა, გახსოვს პირველად როდის დაინტერესდი ჯაზით და შემდეგ როგორ გახდა ეს ინტერესი შენს ცხოვრებაში მთავარი რამ?

ამ ყველაფრის ინიციატორი მამაჩემი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სულ ჯაზს უსმენდა, უნდოდა, რომ თვითონაც დაეკრა, თუმცა ეს შესაძლებლობა შემთხვევით ჩემში აღმოაჩინა. ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, პირველად რომ დავუკარი და მას შემდეგ დღემდე ამით ვცხოვრობ.

"ჯულიარდში" რომ აღმოჩნდი, მაშინაც ძალიან პატარა იყავი,  მომიყევი შენს ამერიკულ გამოცდილებაზე, რა იყო  შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?

სანამ სწავლას დავიწყებდი, პირველად ჯულიარდში მოსმენაზე ჩავედი, როცა სტუმრად ჩადიხარ, მაშინ ნიუ-იორკი სულ სხვანაირია, მაგრამ თუ გააზრებული ამბიცია გაქვს, რომ ამ ქალაქში იცხოვრო, მერე უკვე ეგეთი საყვარელი ვეღარ არის. თავიდან რთული იყო ახალი ცხოვრების დაწყება, მე და მამაჩემი ვიყავით მხოლოდ და რეალურად სულ სხვა, აქაურისგან განსხვავებული ტემპი და გრაფიკი დამხვდა, მაგრამ მალევე ჩავდექი ფორმაში და მივხვდი, რომ იქ ცხოვრება სინამდვილეში დიდ და განსაკუთრებულ სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა.


არც სწავლის პროცესი ყოფილა რთული?

არც სწავლის პროცესი აღმოჩნდა რთული, მე კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მიმართულებით ვსწავლობდი, უფრო მეტად ჯაზი მაინტერესებდა, თუმცა ხანდახან  თეორიული დავალებები მქონდა, რაც ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. ჯაზი არ გამორიცხავს თეორიას, პირიქით, აუცილებელი და საჭიროც კია, მაგრამ ჯაზმენებს,  მითუმეტეს პატარა ასაკში, თეორია ნაკლებად გვიყვარს. სანამ ჯულიარდში დავიწყებდი სწავლას, მასწავლებლები, რომელთა შესახებაც ვიცოდი, კენი ბარონი და რონ კარტერი იყვნენ, მათთან სწავლის დროს კონკრეტული დავალებები არ გვქონდა, უბრალოდ ვიკრიბებოდით და ერთმანეთის დაკრულით სიამოვნებას ვიღებდით. ძალიან კარგად მახსენდება იქ სწავლის პერიოდი, მაგრამ, ზოგადად,  სკოლებს და უნივერსიტეტებს სტუდენტის ჩარჩოში მოქცევა ახასიათებთ, თითქოს გშტამპავენ და მეც ზუსტად მაგიტომ აღარ გავაგრძელე სწავლა, ალბათ  ყველაფერ ამას გამოვექეცი.


სანამ ჯულიარდს დაამთავრებდი, მანამდე უკვე უკრავდი სტენლი კლარკის ბენდში, მასთან როგორ მოხვდი?

სტენლისთან ჩიკ კორეასგან მოვხვდი, ჩიკ კორეასთან ლენი ვაითისგან, ლენი ვაითმა ჯაზფესტივალზე შემამჩნია,  როცა თერთმეტი წლისამ დავუკარი. ყველაფერი ერთმანეთს მიება, ზოგადად, ამერიკაში ასე ხდება, თუ ერთმა ადამიანმა გაგიცნო, მერე ყველა გიცნობს, გააჩნია რა კუთხით გამჩნევენ, პოზიტიურად თუ ნეგატიურად. როგორც აღმოჩნდა, მე პოზიტიური კუთხით გამიცნეს და ასე თავისთავად დაინტერესდნენ ჩემით. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა და ამას ძირითადად ახალგაზრდებს ეუბნებიან, ეს ალბათ უფრო ნეგატიური კუთხით წაქეზებას ჰგავს, სინამდვილეში კონკურენცია ყველგანაა, ამერიკაში კი ყველა ყველას ეხმარება, ერთადერთი კონკურენტი შენი საკუთარი თავია და თუ მოახერხე და შენს თავს აჯობე, ესე იგი ძალიან მაგარი ხარ. მთავარი იქ ყოფნის შესაძლებლობაა, მერე უკვე ყველაფერი თავისით ხდება, თავიდან თავი უნდა გადაირჩინო, მერე უკვე როცა ეს შენს ძალებს აღემატება, სხვები გადაგარჩენენ, ამასობაში კი ყალიბდები და სწორედ ეგ არის მთავარი გამოცდილება.


ჩიკ კორეა, ლენი ვაითი, სტენლი კლარკი... თანამედროვე ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სახელებია, პირადად შენთვის რა იყო ის მთავარი რამ, რაც მათთან მუსიკალურმა ურთიერთობამ დაგიტოვა?

სტიმული. ექვსი წლიდან ვნატრობდი და საბოლოოდ ამიხდა ოცნება, რომ ჩიკ კორეას შევხვედროდი, შემდეგ მასთან დუეტი დავუკარი და ალბომიც ჩავწერეთ... ეს ყველაფერი  გარანტიაა, რომ ჩემი მუსიკოსობა შემთხვევითი არ არის. კი, ჩიკ კორეასთან შეხვედრამდეც ვიცოდი, რომ ჯაზში შემთხვევით არ ვარ, თუმცა მასთან ან სტენლისთან ურთიერთობის შემდეგ პასუხისმგებლობა მომემატა და ეს ყველაფერი თითქოს ცხოვრების წესი გახდა. მგონია, რომ ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა მოზარდი მუსიკოსისთვის ყველაზე სასარგებლო რამ არის, მუსიკოსი კი ყოველთვის მოზარდია, ამ სიტყვაში ბავშვს ან თინეიჯერს არ ვგულისხმობ, რა ასაკშიც  უნდა იყო, სულ უნდა იზრდებოდე, მთავარ წარმატებადაც ზუსტად ამ პროცესს აღვიქვამ.


და რას ნიშნავს შენთვის მუსიკალური განვითარების პროცესი, პიროვნულ განვითარებასთან აქვს ამას რაიმე კავშირი?

კი, პიროვნული განვითარება აისახება მუსიკალურ განვითარებაზე და მუსიკალური განვითარებაც ოდნავ უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას შენს პიროვნებაზე. ეს ორი ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს, თუმცა თითოეული მათგანი ცალ-ცალკეა განსავითარებელი. მუსიკა იმდენად ორგანული და გულწრფელი რამ არის, პიროვნული განვითარების გარეშე, შეიძლება კი, ცოტახანი გაიტანო თავი, მაგრამ თუ საბოლოოდ ეს პროცესი არ შესრულდა, მგონია, რომ  შენი მუსიკაც და ბგერაც ინტერესს კარგავს.

ყველაზე დიდ კმაყოფილებას რა დროს განიცდი ხოლმე?

ყოველთვის, როცა კარგად ვუკრავ და ამის თქმის ნამდვილად არ მერიდება. ისიც ძალიან მომწონს, როცა ვამჩნევ, რომ ის, რასაც ვუკრავ, მსმენელს ნამდვილად ესმის.

მაინც რა არის შენთვის "კარგად დაკვრის" საზომი, ვინმეს ნათქვამი სიტყვა თუ შენივე აზრი?

ორივე. პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრება, მერე უკვე სხვების ნათქვამი სიტყვები - მამაჩემის, ზურა რამიშვილის ან სხვა ჩემთვის საყვარელი მუსიკოსების. როცა რაიმე ფრაზას ვუკრავ და უცებ აუდიტორიიდან წამოძახილი მესმის, ზუსტად მაშინ ხვდებიან ბედნიერების სხივები გალაქტიკაში ერთმანეთს, მაგაზე დიდი სიამოვნება ალბათ ცხოვრებაში ბევრი რამ, მაგრამ იმ მომენტში სხვა არაფერია.


მოსმენას რა ადგილი უჭირავს შენს მუსიკალურ განვითარებაში, არის ვინმე, ვისაც სულ უსმენ?

ზოგადად, მუსიკის მოსმენაც ძალიან მიყვარს და ადამიანის საუბრისაც, ლაპარაკსაც ყოველთვის მოსმენა მირჩევნია. ის, ვის მუსიკასაც დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი, კიტ ჯარეტი იყო. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, უბრალოდ რაღაც მომენტში მოვიცილე ეს გავლენა, თითქოს ინდივიდუალურობაში ხელს მიშლიდა და ეს ნამდვილად არ მინდოდა, მინდა, რომ მე თვითონ შევქმნა საკუთარი ისე, როგორც მან თავისი შექმნა. თუმცა ძალიან ადრე ვბაძავდი, მგონი, სასაცილოდაც კი.

მაშინ მითხარი, შენი მუსიკის კონცეპტი რა არის?

ენერგეტიკა და თავზეხელაღებულობა, სცენაზე ყოველთვის ნებისმიერ რისკზე წასვლა მიყვარს.

რას ნიშნავს მუსიკაში თავზეხელაღებულობა?

როცა არ ფიქრობ იმაზე, გამოვა თუ არ გამოვა. დაკვრის პროცესში მხოლოდ მუსიკალურად ფიქრობ, არა იმაზე, რა ფრაზა როგორ დაუკრა ან სად წახვიდე, უბრალოდ რაღაც მომენტში, როცა იდეები მოგდის, ფიქრობ, წახვიდე ამ იდეით, არ წახვიდე, თუ მაინც წახვიდე და ალბათ უნდა წახვიდე, მე ყოველთვის მივდივარ ხოლმე...


ჯაზი რა არის შენთვის, მახსოვს, ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, ჟანრი არ არისო, მაშინ რა არის?

თვითონ ჯაზი ბევრ სხვადასხვა ჟანრს მოიცავს, სულ ვითარდება და მაგიტომაც მხოლოდ ერთი რიტმი ან ერთი მუსიკა ჯაზს ვერ გამოხატავს. მე აღარ მინდა ჟანრობრივი შეფასება, იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად ზღუდავს მუსიკოსს, ეს მუსიკა კი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჟანრი. სიტყვა ჯაზს სინამდვილეში არ აქვს იმხელა ძალა, რამხელაც ჰგონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის, რასაც ეს სიტყვა გამოხატავს და ის დიდი მუსიკოსები, ვინც ამ სიტყვის თქმის დროს ასხენდებათ, ჩემთვის ძალიან საყვარელია, ეს მუსიკა საბოლოოდ მაინც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ჟანრი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჟანრის მუსიკა შესაძლოა ჯაზი გახდეს?

კი, ზუსტად. შეგიძლია ნებისმიერი მუსიკა აქციო ჯაზად, დანარჩენი უკვე, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია და იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აღიქვამს, შეიძლება საშინელება გამოვიდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მუსიკის ქცევა შეიძლება ჯაზად.


კლავიშის გარდა სხვა ინსტრუმენტზე დაგიკრავს?

კი დრამზე ვუკრავ. შეიძლება “ვუკრავ” ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვცდილობ. მინდა კარგად ვუკრავდე ბასგიტარაზეც, მაგრამ კარგად დაკვრასთან ჯერჯერობით ახლოსაც არ ვარ.

არსებობს რამე, რისი ნიჭიც ძალიან გინდა რომ გქონდეს?

წერის. ერთი ორჯერ მომინდა რაღაცის დაწერა. არის სათქმელი, რასაც ვერც მუსიკით ვერ ამბობ და ვერც ლაპარაკისას გადმოსცემ, მხოლოდ შეგიძლია დაწერო, რასაც ალბათ ნიჭი უნდა. მინდა, რომ მეც ვცადო და დავიწყო...

როგორ გგონია, ჯულიარდში რომ არ წასულიყავი, მხოლოდ ადგილობრივი სცენა საკმარისი იქნებოდა? როგორ შეაფასებდი დღეს ჯაზს საქართველოში?

არა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომაც წავედი, თუმცა ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში არსებობენ ძალიან კარგი ჯაზმუსიკოსები, იგივე ლუკა თოფურია, პაპუნა შარიქაძე და სხვები.


ქართველი მსმენელზე რას ფიქრობ?

ქართველი მსმენელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსმენელია. მოგონილია, თითქოს აქ არ არსებობს ჯაზის მოსმენის კულტურა, პირიქით, ძალიან ოჯახურ და შინაურულ გარემოს გიქმნიან, ხვდები, რომ მუსიკის მოსასმენად გულწრფელად მოდიან და რაც მთავარია, მთელი ამ დროის განმავლობაში შენთან არიან.

ვიცით, რომ ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობ, ამ ქალაქში როგორ მოხვდი?

ამსტერდამში 2014 წელს ჩვენი მუსიკალური ტურიდან მოვხვდი. მახსოვს, რომ პირველად 11 ნოემბერს ჩავედი, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე ანა ხერხეულიძე, რომელიც მანამდეც იქ ცხოვრობდა. იმდენად ხშირად მქონდა ტურები ევროპასა და ამერიკაში, აქამდე ვერც ვხვდებოდი, სად ვცხოვრობდი, თუმცა ბოლო დროს ამსტერდამში ვარ და როცა პირბადეებს მოვიხსნით, ლოს-ანჯელესში ვაპირებ გადასვლას.

რატომ მაინცდამაინც ლოს-ანჯელესი?

ყველაზე დიდი მუსიკალური სცენა ახლა სწორედ იქ არის, იქ არის ჩემი ყველა მეგობარი და ძალიან მაგარი მუსიკოსი, სტენლი კლარკიდან დაწყებული, მაიკ მიჩელით დამთავრებული. აუცილებელია, რომ ასეთი - ჩემთვის საუკეთესო გარემო შევიქმნა და ზუსტად მაგას ვაპირებ.


საქართველოში ცხოვრებას განიხილავ?

კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ დიდი ხანი  ჯერ კიდევ ვერ და არ. ესეც იმიტომ, რომ პატროიოტი ვარ და მინდა, ჩემი მხრიდან საუკეთესო გავუკეთო საქართველოს. თუმცა მგონია, რომ ოდესმე აუცილებლად დადგება დრო, როცა ის ხალხი, ვინც ამდენი ხანი წასული ვართ, ისევ აქ ვიცხოვრებთ.


ხშირად საუბრობ პატრიოტიზმზე, ყველა ინტერვიუში ამბობ, რომ ეს გრძნობა შენთვის ყველაზე მთავარია, რაც შენს პრინციპულ ნაბიჯშიც  დავინახეთ - ვგულისხმობ უარს რუსეთში შენი ბენდის მიერ გამართულ კონცერტზე დაგეკრა.  როდის მიხვდი, რომ შენი ქვეყნის ინტერესები ასეთი მნიშვნელოვანი იყო შენთვის?

სულ ასე იყო. არ მახსოვს, როდის შემიყვარდა დედა და მამა, დაბადებიდან ასეა, ამ მოცემულობით იბადები. ასეა ქვეყანასთან მიმართებითაც, არ მახსოვს, როდის გამიჩნდა ეს გრძნობა, უბრალოდ ვიცი, რომ მე ამ ქვეყანამ გამაჩინა და ჩემი მთავარი ინტერესი ჩემი ქვეყნის ინტერესია, ჩემი ქვეყნის ინტერესებს კი  არც ანწუხელიძის მკვლელებზე და არც ანწუხელიძის მკვლელების ქვეყნის მსმენელზე არ გავცვლი. სტენლიმ მითხრა, რომ მაშინ იმ კონცერტზე ძალიან ბევრი მკითხულობდა, დიდი პატივისცემა მათ, ვინც  ჩემ გამო მივიდა, მაგრამ ამ ქვეყნის მსმენელი ჩემთვის პრიორიტეტული არ არის.


3 ოქტომბერს წინანდალში  შენთვის საყვარელი ქართველი აუდიტორია მოგისმენს, ამჯერად Jazz and Wine-ის ფესტივალის ფარგლებში, მოგვიყევი რას დაუკრავ?

ეს კონცერტი განსხვავებული იქნება იმით, რომ გიო კაპანაძესთან ერთად ასე სერიოზულად პირველად დავუკრავ, გიო ჩვენი ქვეყნის მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, იმავეს ვიტყოდი ლევან დეისაძეზეც, მგონია, რომ ძალიან მაგარი კონცერტი იქნება, დავუკრავ ჩიკ კორეას, ერთ ჩემს მუსიკას და ერთსაც ლევან დეისაძისას. დავამატებ რაღაც ისეთსაც, რაც აქამდე ჯერ არსად დაგვიკრავს და აი ზუსტად ეგ იქნება თავზეხელაღებული დაკვრა.

მითხარი, შენს თავზეხელაღებულ ჯაზს რომელი ღვინო უხდება?

ან ხიხვი, ან რქაწითელი, ალბათ უფრო რქაწითელი.  


ისე ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან ინტერვიუს დროს?

დღეს არ ვიცი, ადრე მეკითხებოდნენ - "რა არის შენთვის ჯაზი", მგონი, დღეს გავეცი ამ კითხვაზე პასუხი, ადრე არ ვიცოდი რა იყო.

მაშინ მითხარი რაიმე ისეთი, რაც არ მიკითხავს და საინტერესო იქნებოდა, რომ შენზე ვიცოდეთ...

ჩემზე მეტი რა უნდა გითხრა არ ვიცი, ალბათ მაინც იმას გავიმეორებ, რომ უბრალოდ მინდა ჩემი მუსიკით, პრინციპებით და ქმედებებით  ჩემი ქვეყნის  მხარდაჭერა გამოვხატო.


სამომავლო გეგმები...

ვაპირებ ახალი ალბომი ჩავწერო, ბოლო ალბომი 2013 წელს ჩავწერე და მას შემდეგ ძალიან გრძელი პაუზა გამომივიდა, ახალი ალბომის ერთი  ნაწილი, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში ჩაიწერება, მეორე ნაწილი ლოს-ანჯელესში, თუმცა ვისთან ერთად, ამას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.





ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე, ფოტოგრაგის ასისტენტი: ნუცა ნებიერიძე, გრამოფონი: ART-THINGS