ტიმოთი შალამე, ლეონარდო დიკაპრიო, მერილ სტრიპი და სხვები Don’t Look Up-ის cast-ს შეუერთდნენ

Netflix-ის კომედიაში, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ადამ მაკკეია, მონაწილეობენ ასევე   მსახიობები:  ჯენიფერ ლოურენსი, რობ მორგანი, ქეით ბლანშეტი, ჯონა ჰილი, მეთიუ პერი, კიდ კუდი, ჰიმეშ პატელი და ტომერ სისლეი.

ინფორმაცია ჯენიფერ ლოურენსისა და რობ მორგანის კომედიაში მონაწილეობის შესახებ, მალევე გახდა ცნობილი,  თუმცა დანარჩენი მსახიობების ვინაობა Netflix-მა 14 ოქტომბერს, სოციალური მედიის საშუალებით გამოაცხადა.

კომედია ორი გამოუცდელი ასტრონავტის შესახებ მოგვითხრობს,  რომლებიც აღმოაჩენენ, რომ გიგანტური ასტეროიდი  დედამიწისკენ მოემართება  და პლანეტას 6 თვეში გაანადგურებს. მეცნიერები   მთელი ქვეყნის გარშემო მოგზაურობას იწყებენ და მოსახლეობას გარდაუვალი სიკვდილის შესახებ აფრთხილებენ, თუმცა ადამიანები ახალ ინფორმაციას არ იჯერებენ და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ.

სავარაუდოდ, ორი ასტრონავტის როლს ჯენიფერ ლოურენსი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ, თუმცა Netflix-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით,  ისაა, რომ ფილმის გადაღებები წლის ბოლომდე აუცილებლად დაიწყება, თუმცა როდის იხილავს მას მაყურებელი, ჯერჯერობით უცნობია.

Netflix-მა ფილმი პირველად 2020 წლის  თებერვალში დააანონსა და გამოაცხადა, რომ  გადაღებები აპრილში დაიწყებოდა, თუმცა კორონავირუსმა ამ გეგმებს ხელი შეუშალა. შესაძლოა, ამ ვითარებამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალა, რადგან  გადაღებების გადადება მაკკეის საოცნებო მსახიობების ერთ ფილმში  გაერთიანებაში დაეხმარა.



ავტორი : ნია დვალი