ვარდისფერი დეტალები დევიდ ჰოკნის შემოქმედებაში

ბრიტანელი მხატვარი, ფოტოგრაფი და  სცენის დიზაინერი დევიდ ჰოკნი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომელსაც 60-იანი წლების პოპ არტ კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ჰოკნის შემოქმედება დასაწყისიდან დღემდე მუდმივ ცვლილებას განიცდის,  თუკი მის მიერ ადრეულ წლებში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები და პეიზაჟები ძირითადად შავი და მუქი ფერებითაა გამორჩეული, 60-იან წლების დასაწყისში  ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლით ჰოკნის ნამუშევრებს  კაშკაშა და ნათელი  ფერები ემატება. ამერიკული   ცხოვრების სტილით და მზიანი ამინდებით შთაგონებული არტისტის პალიტრაზე მთავარ ადგილს ღია და ნათელი აკრილის საღებავები  იკავებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი ვარდისფერს უჭირავს, რაც მის ნახატებში ფორმის თვალსაზრისით  პატარ-პატარა დეტალებითაა გამოხატული.  


ვარდისფერი კალიფორნია

დევიდ ჰოკნი კალიფორნიას პირველად 1964 წელს ეწვია.  წვიმიანი და ნისლიანი ლონდონის შემდეგ  მზიანი ამინდები, პალმებიანი სანაპირო და საცურაო აუზები არტისტისთვის მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა, ეს ყველაფერი კი მომდევნო წლებში ჰოკნის სტილის და ხელწერის  ძირითად განმსაზღვრელ ნიშნებად იქცა.

 საცურაო აუზების, ლოს-ანჯელესის ქუჩების  თუ ზოგადად, ამერიკული ცხოვრების სტილის ამსახველი კადრები ჰოკნიმ ერთი ხელწერის ქვეშ გააერთიანა, რომლებსაც ძირითადი ტენდენციების გარდა, კიდევ ერთი  რამ –  უბრალო, პატარა ვარდისფერი დეტალები აქვთ საერთო.

Portrait of an Artist


ვარდისფერ პიჯაკში გამოწყობილი არტისტი, რომელიც აუზში მეორე ფიგურას უყურებს, ჰოკნიმ  1971 წელს დახატა. მისი შექმნის ინსპირაცია კი უბრალო შემთხვევითობა იყო. ჰოკნის სტუდიაში ორი ფოტო, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, იატაკზე  შემთხვევით ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდა, ერთზე აუზში მოცურავე მამაკაცი იყო გამოსახული, მეორეზე კი ბიჭი, რომელიც მიწას უყურებს, ჰოკნიმ ეს ორი ფოტო ნახატის სახით გააერთიანა, საბოლოოდ კი მიიღო ნამუშევარი, რომელიც ცოცხალი მხატვრების ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადაა შეფასებული.  ის 2018 წელს კრისტის აუქციოზე 90.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 A Bigger Splash


კალიფორნიული საცურაო აუზებით შთაგონებულ ჰოკნის ამ თემაზე კიდევ ერთი ნახატი  – A Bigger Splash აქვს შესრულებული. თუმცა განსხვავებით წინა ნახატისგან, მასზე ადამიანები არ ჩანს, აქ ღია ვარდისფერი შენობის ფონზე  ჩანს მხოლოდ წყლის შხეფი, რომელიც გვეუბნება, რომ ეს-ესაა ვიღაც აუზში ჩახტა. ჰოკნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ რამდენიმე წამის ასახვა აღმოჩნდა.  „როცა წყლის შხეფს ფოტოაპარატით იღებ, შენ წამს ყინავ და ის სულ სხვა რამ ხდება, გავაანალიზე, რომ წყლის შხეფის ამ კუთხით დანახვა, რეალურ ცხოვრებაში  ვერ მოხერხდება, რადგან ის ძალიან სწრაფად ხდება, ამიტომაც მე ნახატზე ძალიან, ძალიან ნელა გამოვსახე. “ – განმარტავს ავტორი.

Bewerly hills Housewife


1967 წელს შექმნილ ამ  ნახატზე  ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი  ამერიკელი ფილანთროპი ბეტი ფრიმანია გამოსახული, რომელიც საკუთარი მდიდრული სახლის წინ დგას. ნახატი ჰოკნის  California Dreaming სერიის ნაწილია, თავდაპირველად ის თავად ბეტი ფრიმანმა შეიძინა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ნამუშევარი კრისტის აუქციონზე 7.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

Man in Shower in Beverly Hills & Domestic Scene, Los Angeles


„ამერიკელები შხაპს მუდმივად, ნებისმიერ დროს იღებენ... ზოგადად, შხაპის მიმართ ხელოვანის ინტერესი ნათელია: ხედავ  მთელ სხეულს, რომელიც მოძრაობს, ადამიანი ყოველთვის გრაციოზულად და ნაზად ეხება თავის სხეულს, მხატვრობაში შხაპის ასახვის თითქმის სამასწლიანი ტრადიცია არსებობს, ბევერლი ჰილსის სახლებში უამრავი სხვადასხვა ზომის და ფორმის შხაპებს შეხვდებით, ეს ყველაფერი ჩემთვის სიმდიდრის შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია და ის ძალიან არაბრიტანულია.“ – ამბობს ჰოკნი თავისი ნამუშევრების შესახებ.  Domestic Scene, Los Angeles –  რომელზეც საშხაპის ქვეშ ორი ვარდისფერი სხეულია გამოსახული, ჰოკნიმ ამერიკული ჟურნალის, Physique Pictorial-ის მსგავსი ფოტოდან აიღო, ეს ჰომოეროტიკული ყოფითი სცენა მისთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე მეორე ნახატი Man in Shower in Beverly Hills-ისიც შექმნა.  ამ ნახატზე გამოხატული  მოძრავი წყლის და ფარდის დეტალები ჰოკნის  სხვა ნახატებშიც არაერთხელ გვხვდება.

Peter getting out of Nick's pool


1964 წლიდან ჰოკნი ლოს-ანჯელესის სანტა მონიკას მხარეში ცხოვრობდა, მოსწონდა გაშლილი სივრცე, სადაც  ერთდროულად ნათელი ფერები, შუა  საუკუნეების დიზაინის სახლები, მოდერნისტული კორპუსები, გეომეტრიული ფიგურები და მწვანე გაზონზე დარჩენილი წყლის შხეფები აღმოაჩინა.  ლოს-ანჯელესის მზიანი ამინდები ჰოკნისთვის პასუხი იყო კითხვაზე, თუ რატომაა ეს ქალაქი ყველაზე “sexy”, მიხვდა, რომ აქ მცხოვრები ადამიანების სილამაზე და  ქუჩაში მოსიარულე ათლეტური სხეულები  ქალაქის კლიმატის  დამსახურებაა.  ამ პერიოდში ჰოკნი აბსტრაქტული და  მოძრავი ფორმების ძიებით იყო დაკავებული, 1966 წელს შექმნილი „პიტერი, რომელიც ნიკის აუზიდან ამოდის“  ჰოკნის ამ პერიოდის  აღმოჩენების ნათელი მაგალითია.

American Collectors (Fred and Marcia Weisman)


ამერიკელი კოლექციონერი ფრედ ვეისმენი და მისი ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი ცოლი მარსია, ჰოკნის პორტრეტების იმ სერიის ნაწილია, რომელზეც მხატვარმა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანი დახატა. როგორც ჰოკნი ამბობს,  ეს პორტრეტი არა მხოლოდ სახეებს,  არამედ მათ მთლიან გარემოს ასახავს, ამიტომაც მასში ვეისმენების ლოს-ანჯელესის ბაღია ნაჩვენები.  ავტორმა აბსტრაქტული ფორმებით, ნათელი ფერებით და შუქჩრდილებით 60-იანი წლების  გავლენიანი ამერიკული ოჯახის ცხოვრების სტილი  ასახა.

Shirley Goldfarb & Gregory Masurovsky


კიდევ ერთი ოჯახური წყვილი, რომელიც ჰოკნიმ Double პორტრეტების სერიაში გააერთიანა,   შირლი გოლდფარბი და გრეგორი მასუროვსკი არიან. ვარდისფერ ინტერიერში მჯდომი მწერალი ქალი, რომელიც ამადროულად გარე ღია სივრცის ნაწილია, საკუთარი მეუღლის ზურგით ზის, რომელიც თავის მხრივ მისთვის განკუთვნილ პატარა ჩაკეტილ სივრცეშია მოქცეული. აღსანიშნავია, რომ Double პორტრეტის სერიის ნახატებში,  მიუხედავად იმისა, რომ ობიექტები ერთმანეთთან რაღაცით არიან დაკავშირებული, ისინი ძირითადად ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით იყურებიან, რითაც  ავტორს, სავარაუდოდ, მათი ურთიერთობის ფორმაზე  სურს ხაზგასმა.

Henry Geldzahler and Cristopher Scott


ვარდისფერ სავარძელზე მჯდომ ჰენრი გელდზელერს  ჰოკნი პირველად ენდი უორჰოლის სტუდია Factory-ში შეხვდა.  ამ დროს ჰენრი უკვე  მეტროპოლიტენის მუზეუმის წარმატებული კურატორი იყო. თავდაპირველად ესკიზისთვის ჰოკნიმ გელდზელერი და კრისტოფერ სკოტი ნიუ-იორკში, ჰენრის აპარტამენტში, პოლაროიდის კამერით გადაიღო, ლონდონში დაბრუნების  შემდეგ კი ამ პოლაროიდზე ასახული ორი ადამიანი უზარმაზარ ტილოზე გადაიტანა. სხვათა შორის,  ვარდისფერი სავარძელი,  რომელზეც ჰენრი ზის, თავდაპირველად მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის იყო  განკუთვნილი, თუმცა ჰენრიმ ის Met-ის ინტერიერისთვის დაიწუნა,  სამაგიეროდ  შემდეგ საკუთარ აპარტამენტში მოუნახა  ადგილი.

ვარდისფერი თეატრი




ჰოკნის
შემოქმედებაში ვარდისფერი არა მხოლოდ ამერიკულ ნახატებში, არამედ მის სასცენო მხატვრობაშიც გვხვდება. სცენის პირველი დიზაინი მან 1996 წელს ლონდონის Royal Court Theatre-ში შექმნა, მომდევნო წლებში კი საკუთარი მხატვრობით ისეთი სასცენო დადგმები გააფორმა, როგორებიცაა ერიკ სატის Parade, პუჩინის Turandot , შტრაუსის The Woman without a Shadow  და რიჩარდ ვაგნერისტრისტანი და იზოლდა”.  მან ასევე 1994 წელს პლასიდო დომინგოს ოპერისთვის სასცენო კოსტიუმები და დეკორაცია შექმნა.  ჰოკნი ამ ნამუშევრებშიც - როგორც კოსტიუმებში, ისე დეკორაციაში -  ხშირად იყენებს ვარდისფერს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში სცენისთვის გამოყენებული აქვს მკვეთრი ვარდისფერი შუქიც.

ვარდისფერი აიპედი




დევიდ ჰოკნი იმ არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არც ექსპერიმენტების ეშინიათ  და  მუდამ ახალი ფორმების ძიებაში არიან.  60-იანი წლების დასაწყისში ახალი სტილის შექმნა და  კაშკაშა ამერიკულ ფერებზე გადასვლა ამის ნათელი დადასტურებაა, ამასვე ადასტურებს ჰოკნის შემოქმედებითი ძალების მოსინჯვა პრინტმედიაში და ფოტოგრაფიაში,  დღეს კი იმავეს თქმა მის მიერ აიპედის, აიფონის და კომპიუტერის ეკრანზე შესრულებულ Digital ნახატებზე შეგვიძლია. 2009 წელს ჰოკნიმ აიფონის და აიპედის სახით მხატვრობის ახალი ფორმა აღმოაჩინა,  რამაც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა  მისი ესკიზების წიგნიც ჩაანაცვლა და  მხატვრის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც გახდა.




ჰოკნი  ციფრულ ეკრანზე  დღემდე ხატავს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს და ზოგადად,  მის გარშემო არსებულ სამყაროს. ამ ნახატებს კი მის დანარჩენ ნამუშევრებთან, რა თქმა უნდა, ნათელი, კაშკაშა კალიფორნიური ლურჯი და ვარდისფერი ფერები აქვს საერთო.



ავტორი : გვანცა ჩანადირი