ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

შუქჩრდილები, ჩაბნელებული სახეები, გეომეტრიული ფიგურები, კონტრასტული სინათლე და სიბნელე – ეს ვივიან საზენის ფოტოგრაფიის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც ავტორს ყველა სხვა ფოტოგრაფისგან გამოარჩევს.  ვივიან საზენის ფოტოგრაფიული გამოცდილება ერთდროულად დოკუმენტური და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს, თუმცა ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც მოდის ფოტოგრაფს.





ამსტერდამში დაბადებული  ფოტოგრაფისთვის კენიაში გატარებული ბავშვობის სამი წელი გარდამტეხი აღმოჩნდა.  აფრიკაში გადასახლება მამის სამსახურის გამო მოუწია, მაშინ ჯერ კიდევ ორი წლის იყო, ამიტომაც, სამი წლის შემდეგ,  ევროპაში დაბრუნებისას,  თვითმფრინავში ისეთი განცდა ჰქონდა, რომ უკან, სახლში კი არ ბრუნდებოდა, არამედ ტოვებდა სამშობლოს, სადაც ვეღარასდროს ვერ იცხოვრებდა.  თუმცა, აფრიკული  კულტურა, ცხოვრების წესი და კაშკაშა ნათელი ფერები სამუდამოდ აისახა ჯერ მის მეხსიერებაში, შემდეგ კი ფოტოგრაფის შემოქმედებაში.





„მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვუყურებდი ქალებს და ბავშვებს, რომლებიც მზის სინათლეს ხის ჩრდილში აფარებდნენ თავს, ვხედავდი მათზე გამოსახულ ჩრდილებს და გრაფიკულ ფორმებს.“





ბავშვის მეხსიერებაში შემორჩენილი ჩრდილები და  გეომეტრიული ფიგურები მომდევნო წლებში ვივიანმა მოდის ფოტოგრაფიაში გამოიყენა. ის იყო ფაქტობრივად პირველი, ვინც მოდის ფოტოგრაფიის წესები დაარღვია, მოდელები დახურული სივრციდან გარეთ გაიყვანა და ნამუშევრებში
სურეალისტური ნიშნების შეტანით  იდეალურად დამუშავებული  პრიალა ფოტოები დაუმუშავებელი, დაუმთავრებელი, დინამიკური და  ექსპერიმენტული ნამუშევრებით ჩაანაცვლა. ჟურნალები -  Austerlitz,  Purple Fashion magazine და  Self-Service ერთ–ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც 2000–იანი წლების დასაწყისში ვივიან საზენის გიჟური ექსპერიმენტები  გამოაქვეყნეს და საზოგადოებას არასტანდარტული კომერციული ფოტოები უჩვენეს.




თუმცა ვივიან საზენის ცხოვრებაში მოდა  ფოტოგრაფიამდე გაჩნდა, მაშინ როცა ხელოვნების სამეფო აკადემიაში მოდის შესწავლა დაიწყო, საბოლოოდ მოდელი გახდა და Viktor&Rolf-ის სახლთან მანამდე თანამშრომლობდა,  სანამ 1992 წელს ნენ გოლდინის ფოტოგრაფიის გავლენით უტრეხტში ფოტოგრაფის ხარისხი არ მოიპოვა. მისი ინტერესის საგანს  წარმოადგენდა ფოტო-წიგნის, როგორც მედიუმის კვლევა.



2008 წლიდან დღემდე ვივიან საზენმა სულ ათი ფოტო-წიგნი გამოსცა. პირველი წიგნი სახელწოდებით – Flamboya  თავიდან ბოლომდე აფრიკაში გადაღებულ ფოტოებს მიუძღვნა, სადაც  ბავშვობის შემდეგ მხოლოდ  2001 წელს დაბრუნდა. ალბომში თავმოყრილია აფრიკაში მცხოვრები ადამიანების პორტრეტები. ვივიან საზენმა ამ ფოტოებში ზოგჯერ სპონტანურად, ზოგჯერ კი პერფორმანსის ფორმით წინ წამოსწია საგნები, რომლებიც ადგილობრივების ცხოვრების სტილს განსაზღვრავდა და რომლებიც ძირითადად ფოტოგრაფის ბავშვობისდროინდელი მეხსიერებისგან იყო ნაკარნახევი.


აფრიკის თემა ვივიან საზენმა კიდევ ერთ წიგნში – Parasomnia-ში  გააგრძელა.

„წიგნის სათაური - “პარასომნია” არის ტერმინი, რომელიც ძილის დარღვევას – ძილში ლაპარაკს, სიარულს, სიბნელის შიშს გულისხმობს. ფოტოგრაფია ერთგვარი გზაა ჩემთვის შევაბიჯო ამ ქვეცნობიერ სამყაროში. ვცდილობ, გავაცოცხლო ის პარალელური რეალობა, რომელიც ბავშვობაში გამოვცადე და ჰოლანდიაში დაბრუნებულმა ვეღარსაც ვიპოვე.“




როგორც ვივიან საზენი ამბობს, დოკუმენტური და მოდის ფოტოგრაფია მისი პიროვნების შემადგენელი ორი სხვადასხვა მხარეა.  კომერციული ფოტოგრაფია მისთვის ერთგვარი პლატფორმაა, რომელშიც შეუძლია ექსპერიმენტული პროექტები განახორციელოს და სტანდარტული ფოტოების ნაცვლად მნახველს ისეთი კომერციული ფოტოები შესთავაზოს, რომელიც ამავდროულად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ხელოვნების ნიმუშები.

 

„ჩემთვის მოდის ინდუსტრია ექსპერიმენტებისთვის ერთი დიდი სათამაშო მოედანია, მაგრამ რეალურად არასდროს მომწონდა მისი ზედაპირული და კომერციული მხარე, რომელიც მხოლოდ ბიზნესს ემსახურება, უყურებ უამრავ ფოტოს და ხედავ მოდელებს ჩანთებით და სათვალეებით, ეს არის მხოლოდ პროდუქტი, პროდუქტი და არავითარი კრეატივი.“ – ამბობს ფოტოგრაფი ჟურნალ Guardian-თან საუბრისას.


მოდის ფოტოგრაფიაში სხვადასხვა წამყვან ბრენდებთან და ჟურნალებთან მუშაობის 17– წლიანი გამოცდილება ვივიან საზენმა ერთ ალბომში  –
In and Out of Fashion-ში  გააერთიანა  და დამთვალიერებელს უჩვენა, რომ კომერციული პროექტები შესაძლოა  ფოტოგრაფიის ისტორიაში ამავდროულად არტასტანდარტულ, ზოგჯერ ეროტიკულ და სურეალისტურ ხელოვნების ნიმუშადაც კი  დარჩეს. 



ავტორი : გვანცა ჩანადირი