ადამი, ევა და ლეო კარაქსის შეყვარებულები ხიდზე

ერთი რამ, რაზეც სრულიად კაცობრიობა თანხმდება, არის ის, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმბოლო დასავლურ ხელოვნებაში “თავდაპირველი ცოდვაა”.  მითის ყველაზე ბუკვალური ინტერპრეტაცია შემდეგნაირია: ის სიმბოლოა ადამიანის, როგორც თავისუფალი ნების მქონე, რაციონალური სუბიექტის, რომელიც ისჯება ცოდნის მიღების -აკრძალული ხილის დაგემოვნების გამო. სწორედ მისი ასეთი სიმარტივე განსაზღვრავს ინტერპრეტაციების უსასრულობას, რომელშიც  ლეო კარაქსის 1991 წლის ფილმიც - შეყვარებულები ხიდზე - შედის.




ბიბლიური სიმბოლიზმი თავის თავს პირველ რამდენიმე სცენაშივე ავლენს. ჰანსის (კლაუს-მიშელ გრიუბერი) და მისი “ვაჟის”,  ალექსის (დენი ლავანი)  თანაცხოვრების ჰარმონიულობა მაშინ იმსხვრევა, როცა ხიდზე მიშელი (ჟულიეტ ბინოში) ჩნდება. ეს ნარატიული სტრუქტურა “თავდაპირველი ცოდვის” მითის იდენტურია. მითის კლასიკური ინტერპრეტაციის თანახმად, სწორედ ევა ანადგურებს ღვთაებრივ იდილიას, რომელიც მამა ღმერთმა და მისმა პირველმა შვილმა, ადამმა, ედემის ბაღში დაასადგურეს. პარიზის ცენტრში მდებარე, თუმცა ყველა სხვა პარიზელისთვის აკრძალული ხიდი,  რომელზეც სამნი ცხოვრობენ, ბიბლიურ სიმბოლიკას კიდევ უფრო ნათლად აჩენს - ედემის კარიბჭის მონახულებაც ხომ ადამიანებიდან მხოლოდ ადამმა და ევამ მოასწრეს?   გარდა ამისა, მიშელი და ალექსი უსახლკაროები არიან, ბანაობენ მდინარეში, მიირთმევენ იმას, რასაც გარემო სთავაზობს… და მაინც ვერაფრის დანაკლისს ვერ გრძნობენ - ცხოვრობენ ზუსტად ისე, როგორც კაცობრიბის პირველი შეყვარებულები.




იმისთვის, რომ ბიბლიური მითის გავლენა კარაქსის ფილმზე კიდევ უფრო ნათელი გახდეს, სწორი იქნება სახელი “ჰანსის” ეტიმოლოგიას გადავხედოთ.  მისი საწყისები ივრითშია; ჰანსი მოდის იაჰვედან (YHWH), ტეტრაგრამატონიდან, ძველი აღთქმის ღმერთის სახელიდან. შესაბამისად, მამის ფიგურა კარაქსის ფილმში, რომელიც მართავს ხიდს, ბიბლიურ მამას პირდაპირ უკავშირდება. გარდა ამისა, მაყურებელი არაერთხელ ხედავს, თუ როგორ აძინებს ჰანსი ალექსს, გამჭვირვალე პატარა ბოთლებში ჩასხმული ძილის მომგვრელი  საშუალებით. თუ ამ მოცემულობას განვიხილავთ კონტექსტში, სადაც ადამის და ევას სამოთხიდან განდევნა ადამიანის ცნობიერის  შეცნობის  სიმბოლოა, გამოდის, რომ ალექსის დაძინება, ანუ მისი გაგზავნა არაცნობიერ არსებობაში, ცოდვამდელ ედემში ცხოვრების სიმბოლო ხდება, რომელიც მამამ განაპირობა; და როგორც ევა აცდუნებს ადამს “ცნობიერებაში”, რაც ედემის დატოვებით სრულდება, ისე აცდუნებს მიშელიც ალექსს, როცა ეუბნება, რომ მამის დამაძინებლები მას აღარ დასჭირდება, რადგან მიშელი მას “სხვანაირად” დაეხმარება. 




სიმბოლიზმის იგივე ხაზი უფრო მკაფიოდ გრძელდება. მამაზე დამოკიდებული და მოუმწიფებელი ალექსი, თავისუფალი ნების მქონე, თავდაჯერებულ მამაკაცად იქცევა მაშინ, როცა მიშელი მას ქურდობას ასწავლის, რითაც ალექსსა და ხიდს შორის გაბმულ ჯაჭვს აფერმკრთალებს. კარაქსი მიშელს ევასთან კინოფორმის გამოყენებითაც აკავშირებს. წყვილის სექსის პირველი სცენის დროს რეჟისორი, ახლო კადრის გამოყენებით, ყურადღებას მიშელის ხელზე ამახვილებს, რომელიც ალექსის შესახებად ბალახში გველივით მისრიალებს. ამით მიშელის ასოციაცია გველთან იქმნება, პერსონაჟთან, რომელმაც დაარწმუნა ევა გაესინჯა ხილი და პირველი შეყვარებულების “დაცემა” გამოიწვია. 



შესაბამისად, თუ ბიბლიის კლასიკური ინტერპრეტაცია გველს და ევას მხოლოდ სიმბოლურად აკავშირებს, კარაქსი მათ ერთ პერსონაჟში, მიშელში აერთიანებს, რომელიც ფილმის კონტექსტში  გაცნობიერებულად და პასუხისმგებლობით იწვევს ნიცშესეულ ღმერთის მკვლელობას. ერთ ღამეს მიშელი ჰანსს მუზეუმში პატიჟებს, სადაც ორის ეროტიკული ჩახუტება ნათლად აჩვენებს, რომ მიშელმა გაიმარჯვა ღმერთზე - გააადამიანურა იგი. შემდეგი, რასაც მაყურებელი ხედავს, არის ის, თუ როგორ იხრჩობა ჰანსი გარიჟრაჟის ღია ნაცრისფერ სენაში.  




ზუსტად ამ სცენის შემდეგ ძველი აღთქმის ღმერთ ჰანსს, მიშელის მამა, უკვე ადამიანი-ღმერთი ანაცვლებს. მისი ძალაც  ჯადოსნური წამლით “თვალების დახუჭვის”, დაძინების  მაგივრად, მათი ახელაა. ადამიანი ღმერთი პოულობს ექიმს, რომელსაც შეუძლია მიშელის სიბრმავისგან განკურნება.  ამით ის შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისგან აშორებს, რადგან ალექსი, რომელსაც არ უნდა მიშელის ხიდიდან გაშვება, მის საძებნელად გამოყენებულ პოსტერებით სავსე მანქანას აფეთქებს და ციხეში ხვდება; მიშელი კი თავის ექიმს მიჰყვება ცოლად. ეს ნარატიული განვითარება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მიშელის მიერ ძველი აღთქმის ღმერთის მიმართ დაგეგმილმა აჯანყებამ ფუძე მხოლოდ ახალ სისტემას - ადამიანი-ღმერთის მმართველობას დაუდო, რომელიც მაინც არ აძლევს შეყვარებულებს უფლებას ერთად და თავისუფლად იყვნენ. უკანასკნელ სცენაში მიშელი აცხადებს, რომ  დარჩენის სურვილის მიუხედავად, უნდა წავიდეს სახლში და კიდევ ერთხელ მიატოვოს ალექსი. თუმცა, წყვილი კიდევ ერთხელ აჯანყებას წყვეტს და ხიდიდან ჰანსივით ხტება.   მაგრამ მათი გადაწყვეტილება ძველი აღთქმის ღმერთთან დაბრუნება არ არის, წყალში ყოფნისას ისინი წყლის ზედაპირზე ამოდიან, ამჯერად რელობაში, რომელიც ყოფნასა და არყოფნას შორის არსებობს და უერთდებიან ნავს, რომელიც მოგზაურობაში “ბოლოჯერ” მიდის.  




ნავი სიკვდილის სიმბოლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ბერძნულ მითოლოგიაში, მკვდრების სულები ბოლო მოგზაურობაში ქვესკნელისკენ მდინარე სტიქსის გავლით მიდიოდნენ. შესაბამისად, ალექსი და მიშელი თვით არსებობის წინააღმდეგ ჯანყდებიან, რომელიც კარაქსისთვის თავისთავშივე განაპირობებს თავისუფლების შეუძლებლობას - თუ არსებობ, არსებობ სისტემაში, რომელიც მიუხედავად იმისა, გიხუჭავს თუ გიხელს თვალებს, აუცილებლად გართმევს სიყვარულს.

ფოტო:

1.theguardian.com



ავტორი : Symboloscope, თეა ყანდიაშვილი, კატო ჭავჭანიძე