აგნეს მარტინი - სპირიტუალიზმში სრულყოფილების მაძიებელი მისტიკოსი მხატვარი

„ჩემი ნამუშევრები შერწყმის ძალასა და განუსაზღვრელობის შესახებაა შექმნილი“, - ამბობდა კანადური წარმოშობის  მხატვარი აგნეს მარტინი, რომელსაც სწამდა, რომ  „ხელოვნება იყო  შეუმჩნეველი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა“, სურდა, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი სიმძაფრე მინიმალიმზმის თანმხლები სინაზისათვის შეერწყა და ძენ ბუდიზმით იყო შთაგონებული. აღმოსავლური ფილოსოფიითა თუ რელიგიებით გატაცებული ქალი მიიჩნევდა, რომ მისეული მხატვრობისათვის თარგად ბუნება უნდა ქცეულიყო. მის მიერ მკრთალი თანამიმდევრული ხაზებითა თუ ნათელი ფერებით შექმნილი  ნახატები, რომელთა შექმნის დროსაც ძირითადად გეომეტრიულ ფიგურებს იყენებდა, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ხასიათს და მინიმალისტურ სისადავეს ერთდროულად ატარებს.



აგნეს მარტინი 1912 წელს კანადაში დაიბადა. ის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ფერმაში ცხოვრობდა და, როგორც ცნობილია, არცთუ ისე სასიამოვნო ბავშვობა ჰქონდა, ვინაიდან მხატვრის დედა - მარგარეტ მარტინი საკმაოდ მკაცრად ზრდიდა შვილებს და აქტიურად ერეოდა აგნესის სოციალურ ცხოვრებაში. იმ ფაქტმა, რომ აგნესს დედის მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, რომელმაც „შინ“-ის განცდა წაართვა, მის პიროვნულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, აგნესის დაუსრულებელ მოგზაურობას დაედო საფუძველი. მისი ოჯახი ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად მანამ, სანამ საბოლოოდ ნიუ-იორკში არ გადაინაცვლეს, სადაც აგნესმა  კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯში უმაღლესი განათლების მიღება ხელოვნების განხრით დაიწყო. ნიუ-იორკში ცხოვრებისას მარტინი თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესდა და ისეთ მხატვართა შემოქმედებამ გაიტაცა, როგორებიც იყვნენ არშილ გორკი თუ ჟოან მირო. სწორედ რომ ამ კოლეჯში სწავლისას გადაწყვიტა მარტინმა, რომ ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებოდა, მხატვრობა იყო.




1947 წელს აგნესის ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური ეტაპი დაიწყო - ის ტაოსში, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში წავიდა, სადაც მისი შთაგონების მთავარ წყაროს - აღმოსავლურ ფილოსოფიას გაეცნო. ტაოსში მხატვარი ისმენდა ლექციებს ძენ-ბუდიზმის შესახებ, რომლის მოძღვრების თანახმად, დაცლა და გათავისუფლება საკუთარი აზრისა თუ პროექციებისგან გასხივოსნების შესაძლებლობას იძლევა. ადამიანი მუდმივად ძიების პროცესში უნდა იყოს, რათა საკუთარ არსებაში მცხოვრები ბუდა აღმოაჩინოს. აგნეს მარტინი ძალიან მოიხიბლა აღმოსავლური ხედვით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ცხოვრებისეულ სირთულეებს. მხატვარმა ხელოვნების კურსები ნიუ-მექსიკოშიც გაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ, 1957 წელს დაბრუნდა ნიუ-იორკში. 




მარტინის მხატვრობაზე როგორც ტაოსში გატარებულმა პერიოდმა, ასევე კანადურმა ფესვებმაც დიდი გავლენა იქონია. მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში ნიუ-მექსიკოში მდებარე უდაბნოებია არეკლილი და ამასთან, მათ ფერმერთა მინდვრებთანაც აიგივებენ, გარემოსთან, რომელშიც მხატვარმა ბავშვობის წლები გაატარა. საინტერესოა, რომ მარტინმა გაანადგურა ყველა ის ნამუშევარი, რომელიც მის აბსტრაქციასთან ზიარების პირველ ნაბიჯებს ასახავდა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ 1955-1957 წლებში, როცა ის ნიუ-მექსიკოში ცხოვრობდა, რამდენიმე ავტოპორტრეტისა და აკვარელით დახატული ლანდშაფტების გარდა, მხატვარი ძირითადად ბიმორფული სტილის ნამუშევრებზე მუშაობდა, რომლებშიც დიდი იყო ჟოან მიროს გავლენა. 




აგნესის ხელწერა იმითაა სახასიათო, რომ მხატვარი გამოსახვისას  ერთგვარ ქსელურ ბადეებს ქმნიდა, ხაზებს, სფეროებს, ფიგურებსა და ნაზ ფერებს იყენებდა და  კვადრატის ფორმის ტილოებსა თუ ქსოვილებზე მუშაობდა. ხელოვანისათვის ღირებული პირად განცდებთან შერწყმული სპირიტუალიზმის გავლენით მუშაობა იყო, და ალბათ სწორედ ეს გამოარჩევდა მინიმალისტური ხელოვნების პიონერს სხვებისაგან. გამორჩეული იყო ქალის ნამუშევრებში აღმოსავლური მსოფლმხედველობის ანარეკლიც  - თუნდაც დაოისტური ტრადიციისათვის დამახასიათებელი ლტოლვა ბალანსისა და ჰარმონიის შენარჩუნებისაკენ. ძენ ბუდიზმის გავლენით კი მარტინი ცდილობდა, მისი გამოსახვის სტილი ნულთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო, რაც სიმარტივესთან და ყოველივე ამქვეყნიურისაგან დაცლასთან ასოცირდებოდა, სწორედ ეს იყო ჭეშმარიტება აგნესისათვის და სწორედ ამიტომ იყენებდა მხატვარი მარტივ ფორმებს, რათა სრულყოფილებისათვის მიეღწია. აგნეს მარტინი ბუნებასთან დაკავშირებული თემატიკითაც იყო მოხიბლული - „ბუნება ფარდების ერთმანეთისაგან განცალკევებას ჰგავს, შენ მასში უნდა შეხვიდე“. - ამბობდა მხატვარი, რომელმაც მრავალი აბსტრაქტული ნამუშევარი შექმნა ამ თემაზე, მაგალითად, 1960 წელს - „თეთრი ყვავილი“ და 1963 წელს - „ღამის ზღვა“.





1962 წელს აგნეს მარტინს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მხატვარს ელექტროშოკური თერაპია ჩაუტარდა. მაშინ როცა საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მსგავს პრობლემებს ყოველთვის აქვს ანარეკლი შემოქმედებაში, აგნესი ამბობდა, რომ შიზოფრენიასა და მის ნამუშევრებს შორის კავშირი არ უნდა გვეძებნა.  1967 წელს მხატვარმა გადაწყვიტა, მიეტოვებინა  ნიუ-იორკიც,  მხატვრობაც და მარტო ყოფნით დამტკბარიყო. ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ კი, 1968 წლიდან 1977 წლის ჩათვლით, მხატვარი სოფელ კუბას მახლობლად, კვლავ ნიუ-მექსიკოში დასახლდა,  სადაც 1971 წლიდან ისევ აქტიურად ხატავდა, თუმცა ოდნავ შეცვლილი სტილით - შეიცვალა როგორც გეომეტრიული, ასევე ფერთა ვარიაციები - ფერთა მუქი გამა, კაშკაშა ტონებით ჩანაცვლდა. ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანმა ამ პერიოდში დახატა, იმდენად ცოცხალი და თითქოს ზედაპირზე მოლივლივე ფერებითაა შექმნილი - მნახველს გაუჭირდება იფიქროს, რომ მსგავსი ვიბრაციის  ნამუშევართა ავტორი შიზოფრენიით ტანჯული მხატვარია.



მხოლოდ 1993 წელს დაუბრუნდა აგნეს მარტინი ტაოსს, ადგილს, სადაც პირველად ეზიარა ყველაფერ იმას, რაც შემდგომ მისი ინსპირაციის დაუშრეტელი წყარო გახდა და აქ იცხოვრა  სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მხატვარი გარდაცვალებამდე, 2004 წლამდე, ქმნიდა შედევრებს, კვლავ კვადრატულ ტილოებს, მაგიურ ზოლებსა და ხაზებს იყენებდა და მიიჩნევდა, რომ მთელი მისი შემოქმედება ძიება იყო სრულყოფილებისაკენ.



„როცა ხელოვნებაზე ვფიქრობ, ვფიქრობ სილამაზეზეც. სილამაზე კი ცხოვრებისეული საიდუმლოებაა, რომელიც უხილავია და გონებაში იმალება“.  სწორედ რომ ამ საიდუმლოების გასაღებს ეძებდა აგნეს მარტინი. იმ გასაღებსაც ეძებდა, სრულყოფილებისაკენ მიმავალ კარს რომ მოერგებოდა და სპირიტუალიზმისა და მისტიკის სახით მოერგო კიდეც. მარტინს მიაჩნდა, რომ გამოსახვის მისეული სტილი  მარტივი იყო, თუმცა, ამავდროულად, რთული შინაარსის მატარებელი, ვინაიდან მისი ნამუშევრები მისივე ხედვებს, აღქმას, კვლევას, მუდმივ ძიებასა და სულიერ მდგომარეობას ასახავდნენ. აგნეს მარტინი მიიჩნევდა, რომ  ადამიანისათვის შესაძლებელი იყო სრულყოფილების ცნების გონებით აღქმა, თუმცა ამის მხატვრობაში გადმოტანა ვერ ხერხდებოდა - მხატვარი სრულყოფილ ნამუშევარს ვერასდროს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, აგნეს მარტინი არასდროს ნებდებოდა და მუდმივად ცდილობდა კავშირი არა რაიმე მატერიალურთან - არსებულ ფორმებთან თუ ამქვეყნიურთან, არამედ სილამაზესთან, ბედნიერებასთან და უბრალოებასთან დაემყარებინა - ყველაფერ იმასთან, რაც აბსტრაქტული იყო, თუმცა ადამიანის არსებობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.



ავტორი : ანი კლდიაშვილი