დევიდ ლა ჩაპელის შემოქმედება

ენდი უორჰოლის მიერ 17 წლის ასაკში აღმოჩენილმა, მოგვიანებით უკვე ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა დევიდ ლა ჩაპელმა, კარიერა ჟურნალ Interview-ში დაიწყო. მან საკუთარი შეხედულებების სიურეალისტური და ტრანსცენდენტური სტილის გადმოცემის უნარით წარმატების მწვერვალს მალევე მიაღწია. დევიდ ლეჩაპელის ხსენებაზე პირველი გონებაში მისი 1997 წლის Vanity Fair-ში დაბეჭდილი საკულტო ფოტო გვახსენდება, სადაც დამწვარი სასახლის ფონზე, სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი, საბრძოლო ყიჟინით აღსავსე ალექსანდრ მაკქუინი და მისი შემოქმედების მუზა, იზაბელა ბლოუ არიან აღბეჭდილი.





ცნობილი ფოტოგრაფის ცხოვრება მართლაც ამერიკულ ოცნებას ჰგავს. ის 1963 წლის 11 მარტს აშშ-ში,  კონექტიკუტის შტატში დაიბადა და ერთ დღესაც, როდესაც თინეიჯერობისას თავსდამტყდარ სურვილებს ზედმიწევნით აჰყვა, ნიუ-იორკში გაიპარა, სადაც  მიმტანის ასისტენტად მუშაობით გაჰქონდა თავი, სანამ მამამისმა ის ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხატვრო სკოლაში არ წაიყვანა. მისი პირველი ნამუშევარი დედამისის ფოტოა. სწორედ მაშინ მიხვდა დევიდ ლა ჩაპელი, რომ ფოტოგრაფია მისი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო, ამიტომაც ისევ ნიუ-იორკში დაბრუნება და საკუთარი ნიჭის განვითარება გადაწყვიტა.





1980 წლისთვის ენდი უორჰოლი დევიდის შესაძლებლობებით დაინტერესდა და საკუთარ ჟურნალში, რომელიც იმ პერიოდში პოპკულტურის ყველაზე წარმატებული პროდუქტი იყო, ფოტოგრაფობა შესთავაზა. 1990-იან წლებში პოპულარობით სარგებლობდა დევიდის წიგნები, რომლებსაც მისი ფოტოგრაფიული ნამუშევრებიც ამშვენებდა და სწორედ ამ პერიოდში ის კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში ერთვება და აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორებთან და მსახიობებთან. ფილმების ინდუსტრიაში
ლა ჩაპელს დიდი წარმატება მოუტანა მუსიკალურმა ვიდეოკლიპმა, რომელიც საკუთარი დოკუმენტური პროექტისთვის შექმნა. ის მუშაობდა  Red Piano-ს შოუზე ელტონ ჯონის მონაწილეობით, რომელიც ლას-ვეგასის ყველაზე ცნობილ კაზინო Caesar’s Palace-ში დაიდგა. 2004 წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Krumped, რომელიც ამერიკულ ჰიპ-ჰოპ კულტურაზე გვიყვება. ამ უკანასკნელმა Sundance-ის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა. ამავე წელს მან იმუშავა ფილმზე Rize, რომელიც Krumped-ის თემატიკას აგრძელებს და ამის შემდეგ, საბოლოოდ, დაუბრუნდა მშობლიურ სახვით ხელოვნებას.





დღეს უკვე მის პორტფოლიოში უამრავი პროფესიის, განსხვავებული მიმდინარეობისა და ეპოქის ვარსკვლავს შეხვდებით. დევიდი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა Vogue, Rolling Stones, The Face, რომელთა  ყდებზეც მის ნამუშევრებს ხშირად ამოიცნობთ. ფოტოგრაფის შემოქმედება სავსეა სოციალური გზავნილებით. ის არ ერიდება რელიგიურ თემატიკაზე მუშაობასაც და ამის გამო კრიტიკოსების ინტერესის არეალშიც ხშირად ხვდება. მისი შემოქმედება იმდენად ღრმა და მრავლისმთქმელია, მას “ფოტოგრაფიის ფელინისაც’’ კი უწოდებენ. მისივე თქმით, შთაგონების წყაროს ძირითადად ბაროკოს პერიოდიდან იღებს, მასზე დიდი გავლენა კი ისეთმა ხელოვანებმა მოახდინეს, როგორებიც არიან ანდრეა პოცო და კარავაჯო. კრიტიკოსები მის შემოქმედებაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ სალვადორ დალის, მიქელანჯელოს, ენდი უორჰოლის და თანამედროვე ამერიკელი ხელოვანის, სინდი შერმანის გავლენასაც. 





დევიდის ობიექტივში ყოველთვის ყველაზე ტრენდული და პოპულარული ადამიანები ხვდებიან.  მისი ერთ-ერთი ბოლო გამოფენაა “მარიამ მაგდალინელის ცხოვრება’’, რომელიც 19 მარტს ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში, რელიგიური თემატიკის ხელოვნებისთვის შექმნილ წმ. ეკატერინეს მუზეუმში  გაიხსნა და  ამავე წლის 26 აგვისტომდე მიმდინარეობს. ამ გამოფენაზე შეხვდებით კიმ კარდაშიანთან კოლაბორაციულ ნამუშევრებს. 2021 წლის აპრილში დევიდი გეგმავს მასშტაბურ პერსონალურ გამოფენას მილანში, Mudec-ის მუზეუმში, რომლის ზუსტი თემატიკაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.




ენდი უორჰოლი ნამდვილად არ შემცდარა, როდესაც 17 წლის დევიდის განსაკუთრებული შესაძლებლობები შეამჩნია და ის ხელოვნების ინდუსტრიაში წაიყვანა, რადგან მისი ნამუშევრები უკვე 40 წელზე მეტია პოპკულტურას ამდიდრებს  და ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფია.



ავტორი : ლიკა ხუნდაძე