გარე თვალით დამკვირვებელი - ინტერვიუ ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძესთან

10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის გამოფენა "გარე თვალით დამკვირვებელი" იმართება, რომელშიც ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ექსპერიმენტული ფოტოპროექტებია წარმოდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვანთან, რომელიც საკუთარი შემოქმედებისა და გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შთაგონების შესახებ მოგვითხრობს.

სანდრო, პირველად როდის გაგიჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ?

პირველი ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ ალბათ მაშინ გამიჩნდა, როცა ცამეტი წლის ასაკში დეიდაჩემის ფოტოაპარატი დავშალე, განსაკუთრებით ის ნაწილი მაინტერესებდა, სადაც ფირი თავსდებოდა, მერე მივხვდი, რომ რაღაც ჯადოსნურთან მქონდა საქმე და ამ დაშლილი ნაწილებისგან კიდევ რაღაც ახალი გადავაწყვე. ალბათ აქედან დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ინტერესი ფოტოგრაფიისადმი ინტერესში გადაიზრდებოდა.

გაცნობიერებულად როდის დაიწყო ყველაფერი?

როცა აკადემიაში ჩავაბარე. მანამდე სკოლის ბოლო წლებშიც ვიღებდი, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში მივხვდი, რომ ნახევრად სამეცნიერო, ნახევრად სახელოვნებო სფეროსთან მქონდა საქმე, რამაც რეალურად ძალიან დამაინტერესა. დღეს რომ ვუყურებ ჩემს ადრეულ წლებს, მგონია, რომ ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ახლა ვაკეთებ, თუმცა ბევრი საინტერესო რამ იყო მასში. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სადიპლომო ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც დღესაც კი აქტუალურია ჩემს შემოქმედებაში, იმიტომ რომ მიმდინარე გამოფენის საფუძველიც სწორედ ეს ნამუშევარი გახდა. თუმცა მაშინ ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ შეიძლება იყოს ფოტოგრაფიის ეს მიმართულება საინტერესო, ან რა საჭიროა ექსპერიმენტები, როცა შეგიძლია, რომ მარტივად - ფირით ან ციფრული კამერით გადაიღო კადრი.

საინტერესოა, რა აღმოაჩინე ექსპერიმენტულ ფოტოგრაფიაში ისეთი, რაც ტრადიციულ მიმართულებაში ვერ იპოვე?

მე, ზოგადად, ბევრ რამეს ვაკეთებ, მათ შორის ტრადიციული ფოტოგრაფიის მიმართულებითაც. მაგრამ, მჯერა, რომ ფოტოგრაფიის ხიბლი გარკვეულწილად მის ექსპერიმენტულობაშიცაა, ამასთან ერთად ხელოვნების მეტ-ნაკლებად ახალი დარგია, მაგალითად, გრაფიკის ან ქანდაკების მსგავსად ათასწლეულებს არ ითვლის. ამიტომ ფოტოგრაფიას რომ თავისი ადგილი მოეპოვებინა როგორც ხელოვნების და არა ხელობის დარგს, ძალიან ხშირი იყო მასში ექსპერიმენტული პროცესი. რატომღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ექსპერიმენტული მაინცდამაინც რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს, სინამდვილეში ფოტოგრაფიის ძალიან ჩვეულებრივი მიმართულებაა და მეც ზუსტად ამის თქმა მინდა ჩემი ნამუშევრებით, რომ მასში უჩვეულო კი არაფერია, პირიქით, სწორედ ისაა, რაც ამ სფეროს ამდიდრებს.

როგორ აღწერ იმას, რაც აქამდე შეგიქმნია, როგორია შენი ფოტოგრაფია?

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვარ მე. რასაც ვაკეთებ ალბათ საბოლოო ჯამში ჩემს თავს აღწერს, თუმცა რაღაც პერიოდი, მაგალითად, გამოფენების დოკუმენტაცია, რომელსაც ხშირად ვაკეთებდი, სულ არ მიმაჩნდა, რომ  ჩემი შემოქმედების ნაწილი უნდა ყოფილიყო.  ყოველთვის  უფრო ტექნიკურ საქმედ წარმომედგინა, რომ გადავხედე, იმდენი რამ მაქვს გადაღებული, მინდა თუ არ მინდა, ჩემი ნაწილია, თანაც ძალიან ძვირფასი.  ახლა ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად უგულებელვყოფდი. რატომაც არა, როცა რაღაცას აკეთებ, რაც შენთვისაც და სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია, რატომ არ უნდა იყოს ის შენი შემოქმედების ნაწილი, მგონია, რომ ეს არქივი ადრე თუ გვიან თავის გზას იპოვის.

მოგვიყევი "ბუზის თვალის" შესახებ, რას გულისხმობს ნამუშევრის კონცეფცია და როგორ უკავშირდება მას ეს სახელი? 

ზოგადად, ვიცით, რომ ფოტოაპარატი ადამიანის თვალის ასლია, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ადამიანის თვალი და გამოსახულებაც ზუსტად ისეთი გამოდის, როგორსაც ადამიანი ხედავს. ჩემი ფოტოგრაფიული ინტერესი სინათლესთან ერთად, გარკვეულწილად თვალის კვლევასაც გულისხმობს. ცნობილია, რომ როცა გამოსახულება ლინზაში გაივლის, შემდეგ ამოტრიალებული სახით ბადურაზე პროეცირდება, რომელზეც ბევრი რეცეპტორია გაბნეული, თითოეული ეს რეცეპტორი კი თითო ფერს განსაზღვრავს. სულ მქონდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ტრიალდება ბადურაზე და რატომ არ ვიღებთ პირდაპირ გამოსახულებას. ამიტომ გავაკეთე  კამერა, რომელიც გამოსახულებას არ ატრიალებს, მერე აღმოვაჩინე, რომ ამ კამერის მსგავსი პრინციპი მუშაობს მწერის თვალებშიც, ამიტომაც დავარქვი “ბუზის თვალი”.

შენ მიერ ბუზის თვალის კამერით გადაღებულ ფოტოებს საბოლოოდ ანიმაციის ფორმა მიეცი. რატომ?

ზოგადად, შეიძლება ადამიანისთვის რასაც ბუზი ხედავს, იმ გამოსახულების დანახვა საინტერესო არ იყოს, გარდა ამისა, დაბალი ხარისხის გამო, რთულად იკითხება. მინდოდა, რომ მნახველს ნამუშევართან ტექნიკურადაც დაემყარებინა კავშირი, ამიტომ ვიფიქრე, რომ მოძრავი გამოსახულება ბევრად უფრო აღქმადი იქნებოდა. პირველი ნამუშევრის შექმნის დროს დაგროვილი გამოცდილება, თავისთავად მეორე და მესამე ნამუშევარში გადაიზარდა. ერთ შემთხვევაში მინდოდა ისეთი კამერა შემექმნა, რომელიც 360-გრადუსიანი პანორამის გადაღებას შეძლებდა, გარდა ამისა, სურვილი მქონდა უფრო პორტატიული კამერა მიმეღო, რომელიც გადაიღებდა ფოტოს, რომელსაც დამთვალიერებლისთვის ბევრი ვერბალური ახსნა არ დასჭირდებოდა, არამედ თვითონ დაამყარებდა კავშირს მასთან.

ყველა ექსპერიმენტი გარკვეულ შედეგს იძლევა, ზოგადად, რამდენად ემთხვევა ხოლმე მიღებული შედეგი შენს წარმოდგენას?

ხშირ შემთხვევაში ემთხვევა. აკადემიაში სწავლის შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზეც ვსწავლობდი, განსაკუთრებით ოპტიკა მაინტერესებდა. ამასობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და წინასწარ შემიძლია წარმოვიდგინო რა შეიძლება გამოვიდეს. მახსოვს, პრაღაში, რეზიდენციაში ყოფნის დროს,  წინასწარ გავაკეთე ფოტოს მოდელირება, რომელიც ჯერ არ შექმნილ კამერას უნდა გადაეღო, საბოლოო ჯამში ზუსტად ისეთი გამოსახულება მივიღე, რაც წარმოდგენილი მქონდა.

ოდესმე გაოცებულხარ შედეგით?

ეგ ხომ ისედაც ასეა, როცა რაღაცას ქმნი, შენი იდეების ფიზიკური გამოვლინება ისედაც შთამბეჭდავია და გაოცებს. საერთოდ, ძალიან საინტერესო და ჯადოსნური პროცესია, როცა შენი ფიქრების და წარმოდგენების ფიზიკურ რეალიზაციას ხედავ.

მოგვიყევი გამოფენის შესახებაც, რას ნახავს თიბისი კონცეპტის სივრცეში მოსული დამთვალიერებელი?

გამოფენა სხვადასხვა დროს შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს. ზოგადად, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბევრი დრო არ მქონდა. მაგალითად, ერთი ნამუშევარი გახვრეტილი თუნუქის ფირფიტით გადავიღე. ისეთ გეოგრაფიულ არეალში ვცხოვრობთ, გინდა თუ არ გინდა იარაღზე ფიქრი ხშირად გვიწევს. ცეცხლსასროლი იარაღიდან პირველად წელს ვისროლე, რაც საბოლოოდ ჩემი ნამუშევრის კეთების პროცესთანაც მოვიდა თანხვედრაში. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ფოტოს გადაღება ძალიან ბევრი ნივთით შეიძლება. საბოლოო ჯამში ცეცხლსასროლი იარაღით გახვრეტილი თუნუქის ფირფიტით გადავიღე პანორამა.  მინდა, რომ გამოფენაზე ამ დამთვალიერებელმა ამ ნატყვიარის პრიზმიდან დაინახოს სამყარო. ამ რეალობაში რომ ვცხოვრობთ, ძალიან განვიცდით უკრაინის ომს, ძალიან ხელშესახები და შესაბამისად, სტრესული გარემოა ჩვენთვისაც. სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და ეს ნამუშევარი ერთგვარად ჩემი განწყობის კომენტარი იქნება. გარდა ამისა, მთელი გამოფენა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს. ეს ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობაა, ხან ძალიან საინტერესო, ხანაც ძალიან საშიში იარაღია, რომელსაც დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. დიდი სურვილი მაქვს, რომ დამთვალიერებელმა იფიქროს, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ოპტიკური გამოსახულებები ჩვენს ცხოვრებაში.

გამოფენაზე იფუნქციონირებს შენი დროებითი ფოტოსტუდიაც Tete-a-tete...

ეს ნამუშევარი იანვარში გავაკეთე და მაშინ დაახლოებით ორმოცდაათ ადამიანს გადავუღე ფოტო ბუზის თვალის კამერით. ახლაც ნებისმიერს ექნება საშუალება, მიიღოს თავისი ფოტო და ნახოს როგორ ხედავს მას ბუზი.

შენი შემოქმედება დიდწილად სინათლის კვლევას გულისხმობს, როგორ ფიქრობ, როგორ განსაზღვრავს სინათლე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას?

ძალიან ბევრნაირად შეიძლება განსაზღვროს, საინტერესოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთში მცხოვრები ადამიანები ტემპერამენტით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ჩრდილოეთში უფრო შრომისმოყვარე ხალხია, რადგან იქ სიბნელე უფრო დიდხანს არის, სამხრეთში პირიქით, ნაკლებად, ამიტომ აქაური ხალხი თითქოს უფრო მეტად მოლხენისკენაა მიმართული. ეს ყველაფერი მგონია, რომ მზის სინათლის ხარჯზეა, თუმცა ამას გარდა ისედაც მგონია, რომ დაკვირვება და შეხედვაც კი ძალიან დიდი ინტერაქციაა, ხანდახან მზერა შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ შორიდანაც იგრძნო, ესეც ხომ სხივით ინტერაქციაა. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ როცა მაყურებელია მოვლენებში ჩართული, ის მოვლენები სულ სხვანაირად ხდება, და როცა არ არის, სულ სხვანაირად მიმდინარეობს.

ახსენე, რომ ფიზიკას სწავლობდი, იმიტომ რომ ფოტოგრაფიაში დაგხმარებოდა, თუ პირიქით, ფოტოგრაფია იყო საშუალება, რომ მეცნიერებას გასცნობოდი უკეთ?

მეცნიერება იმდენად არ მაინტერესებს, როგორც ჩემი საქმე. თვითონ დარგი საინტერესოა, თუმცა ჩემს პრაქტიკაში ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე შეიძლება სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი ვიყო. უბრალოდ მინდოდა, კარგად მცოდნოდა ის ინსტრუმენტი, რომლითაც ვმუშაობ.

მეცნიერების გარდა რა შეიძლება იქცეს შენთვის შთაგონებად?

ბევრი რამ, თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან შთამაგონებელია ჩემთვის, თან ძალიან უცნაურია, როცა ამდენ ვიზუალურ ინფორმაციას ვიღებთ და ყველაფერი მაინც დისტანცირებულია ჩვენგან. როცა უბრალოდ ხედავ და ვერ გრძნობ, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ეს მოდელი ძალიან შთამაგონებელია.

 როგორ ხედავ შენს თავს ფოტოგრაფიის მომავალში?

ამჟამად იმას ვაკეთებ, რისი ინტერესიც მაქვს, თუმცა ზოგჯერ მიფიქრია, რომ ფოტოგრაფია შესაძლოა ჩემთვის სამუშაო თემაც იყოს, არა მეცნიერების, არამედ ხელოვნების კუთხით. მე მაინც უფრო დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ძალიან დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა დღეს, რომ ამგვარ გამოფენაში მონაწილეობის საშუალება მომეცა, იმედი მაქვს, ასეთი ნაბიჯები მომავალშიც მექნება.

და ბოლოს, რას ისურვებდი საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის?

თიბისიში რომ ვაკეთებდი გამოფენას, სულ მათი ერთ-ერთი კამპანია მიტრიალებდა თავში "შეცდომები მოსულა". ერთი მეგობარი მყავს, პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარია, უფრო კონკრეტულად დემოკრატიას იკვლევს და მისგან ვიცი, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ნდობა ყოფილა, ანუ რამდენად ენდობა საზოგადოება ერთმანეთს. მინდა, რომ ამ აზრს დავუკავშირო "შეცდომები მოსულა". მგონია, რომ შეცდომის დაშვება ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და მინდა, რომ შეცდომების დაშვებისადმი არსებობდეს ნდობა. ბავშვი შეცდომების დაშვებით ვითარდება, ბევრს თამაშობს, ვარდება, და ამ წაქცევის დროს სწავლობს, როგორ უნდა ადგეს, როცა სხვა, ცუდი არსება მის წაქცევას ცდილობს. მინდა, რომ ადამიანებსაც ასევე ჰქონდეთ საშუალება ითამაშონ და დაუშვან შეცდომები, ჩვენ კი ვენდოთ, იმისთვის რომ მომავალში მაინც უკეთ გაართვან თავი ყველაფერს. 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: ლევან მაისურაძე