Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - ქეთევან ხერხეულიძის კინორეკომენდაცია

დიზაინერ ქეთევან ხერხეულიძის ბრენდის, MUZARADI-ის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როდესაც მან თავისივე დიზაინით პირველი თავსაბურავი შეიკერა და სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკუთარი კომპანიის დაარსებისა და პირველი კოლექციის შექმნის შემდეგ MUZARADI ისეთ ცნობილ გამოცემებში ჩნდებოდა, როგორებიცაა Vogue და Jalouse. ბრენდი დღეს უკვე ადგილობრივი სივრცის გარდა საერთაშორისო ბაზარზეც არის წარმოდგენილი. კლასიკური, ტრადიციული თავსაბურავის ფორმა, რომელიც ქვეყნის ისტორიას ასახავს, მისი განუყოფელი საგვარეულო გერბით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინდივიდუალური და თამამი ადამიანის აქსესუარს წარმოადგენს. MUZARADI-ის ისტორიაში აღსანიშნავია ასევე ის ერთობლივი ნამუშევრები, რომლებიც ქეთევან ხერხეულიძემ მხატვარ სოფო გონგლიაშვილთან და ფრანგ გრაფიტ არტისტ ალექსანდრ ბავარდისთან ერთად შექმნა. სულ მალე კი ბრენდს ქართული ქსოვილის პროექტშიც იხილავთ. 

Hammock Magazine  თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ დიზაინერ ქეთევან ხერხეულიძის კინორეკომენდაციას, სადაც მოდის ინდუსტრიის შესახებ შექმნილი გამორჩეული ფილმებია თავმოყრილი.


Breakfast at Tiffany's 


პირველი, რაც გამახსენდა, Breakfast at Tiffany-ია, სადაც ოდრის სტილი, კოსტიუმები და აურა თავბრუდამხვევია, როდესაც ვუყურებთ, გვინდა არასდროს დამთავრდეს… ზოგადად, ოდრი ჰეპბერნის კლასიკური და ამავე დროს თანამედროვე სტილი დღესაც ძალიან აქტუალურია და აუცილებლად დარჩება ისტორიას, ისევე როგორც შანელის პატარა შავი  კაბა. 

 

Devil Wears Prada 


თვითიზოლაციაში თან რომ გავერთოთ და თან კარგად გავიგოთ მოდის ინდუსტრიის და მისი განუყოფელი ნაწილის, ჟურნალ Vogue-ს შესახებ, აუცილებლად უნდა ვნახოთ რეჟისორ დავიდ ფრენკელის ფილმი "ეშმაკი ატარებს პრადას", სადაც ჟურნალის მთავარი რედაქტორის როლს ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ისე გენიალურად ასრულებს, რომ მახსოვს ერთი ამოსუნთქვით გავედი ფინალში. 

A Single Man 


ასევე ძალიან საინტერესოა ტომ ფორდის მიერ გადაღებული A Single Man, რომლის რეჟისორიც და პროდიუსერიც თავად დიზაინერი გახლავთ. ფილმში განსაკუთრებულად თვალისმომჭრელია კოსტიუმები, რომელიც თავად ტომ ფორდს ეკუთვის!

Dries 


რეჟისორ რაინერ ჰოლცემერის ფილმი დიზაინერ დრიზ ვან ნოტენის დოკუმენტური პორტრეტს გვთავაზობს, რომელმაც გადაღების პროცესში დიზაინერის ყველა საინტერესო მხარე შეისწავლა... სადაც კარგად არის აღწერილი დიზაინერის შემოქმედებითი პროცესი და  მისი პირადი ცხოვრება, რომელსაც არ ამხელდა. ბელგიელ დიზაინერებს შორის ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი სწორედ დრიზ ვან ნოტენია...ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ არჩევს და მუშაობს იგი თავის ფერად და ყველასგან განსხვავებულ კოლექციებზე!

Yves Saint Laurent


2014 წლის ფილმი Yves Saint Laurent დიზაინერის შესახებ გვიამბობს, თუ როგორ მოულოდნელად ხდება 21 წლის ივ სენ ლორანი მოდის დიდი სახლების წამყვანი დიზაინერი... 

Ready to Wear 


თვითიზოლაციაში გასართობად კიდევ გირჩევდით 1994 წლის ფილმს, “მაღალ მოდას”, სადაც გენიალური მარჩელო მასტროიანი და სოფი ლორენი ასრულებენ მთავარ როლს…

The Umbrellas of Cherbourg


"შერბურის ქოლგები" ის ფილმია, რომლის სილამაზითა და ესთეტიკით ძალიან ისიამოვნებთ...ფილმის რეჟისორია ჟაკ დემი, ხოლო მთავარ როლს ულამაზესი კატრინ დენევი ასრულებს.

The Great Beauty 


ასევე ჩემი საყვარელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს The Great beauty, რომელიც ჩემი აზრით, მხატვრული შემოქმედების ნიმუშია. გამოკვეთილი ფერები და კოსტიუმები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემ, უნდა უყურო და ისიამოვნო…

Coco Before Chanel



როდესაც მოდის ინდუსტრიაზეა საუბარი, მე ვფიქრობ, აუცილებლად სანახავია კოკო შანელის ისტორია, რომელიც ყველაფერთან ერთად მის ძალიან საინტერესო პირად ისტორიას გვიყვება. 

ასე რომ, დავრჩეთ სახლში საკუთარ თავთან, ჩვენ ოჯახებთან და საინტერესოდ გავატაროთ დრო❤️

 



ავტორი : ქეთევან ხერხეულიძე