Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - ნათია - სტია სართანიას მუსიკალური რეკომენდაცია

5 წლის ასაკიდან მუსიკაზე შეყვარებული პიანისტი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი DJ ნათია - სტია სართანია გამორჩეული საგანმანათლებლო სტუდიის, CES-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. Creative Education Studio-ს პროგრამაში არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ დიზაინისა და ანიმაციის კურსებსაც აღმოაჩენთ, რაც კრეატიული აზროვნებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამასთან, CES-მა თავისი ლეიბლი - CES Records-იც შექმნა, სადაც სხვადასხვა საინტერესო მუსიკოსების ნამუშევრებს ნახავთ. ხოლო დღეს, როდესაც სახლებიდან ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვერთობით, ვისვენებთ - CES-ის გაკვეთილებიც ონლაინ რეჟიმში გრძელდება. ამასთან ერთად, ჟურნალი Hammock და CES ერთობლივად წარმოგიდგენთ ონლაინ ვორქშოფების მარათონს, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


“იმედია ისიამოვნებთ ჩემი დღევანდელი ფლეილისტით და აქვე მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვინც spotify-ის მომხმარებლები ხართ, გთხოვთ ზემოთ მოცემული მუსიკა სწორედ ამ პლატფორმაზე მოძებნოთ, რადგანაც ყოველი თქვენი სტრიმი დღეს, ისე როგორც არასდროს, მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანია და ზოგ შემთხვევაში მათი არსებობის ერთადერთი წყაროა”.



ჟურნალი Hammock გთავაზობთ სტიას მუსიკალურ რეკომენდაციას. 


Harold Budd - It’s Steeper Near The Roses (For David Sylvian)


ეს მელოდია და ჰარმონია სავსეა სივრცით, მის მოსმენისას ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ მუსიკა ჰაერია, მე ფილტვები, რომლითაც მას ვსუნთქავ.

Boards of Canada – The Color of Fire

ეს არის ყველაზე ქაოსური სასიყვარულო სიმღერა, რაც ოდესმე მომისმენია, მკლავს და მაცოცხლებს... საერთოდ, Boards of Canada-ს სმენა არადროს მბეზრდება და დღეს, როგორც არასდროს, ის ძალიან ახლოს არის ჩემს სულიერ მდგომარეობასთან. გირჩევთ შეიძინოთ ყველა მათი ალბომი და მოუსმინოთ.



Gacha Bakradze – Barcelona

გაჩამ რამდენიმე კვირის წინ ატვირთა თავისი გამოუცემელი მუსიკის კრებული Bandcamp-ის გვერდზე, რომელიც მას წლების მანძილზე დაუგროვდა. მისი შეძენის შემთხვევაში შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. ეს კრებული მართლაც ძალიან ლამაზია.

https://gachabakradze.com/track/barcelona


Goldie feat. David Bowie – Truth

ჩემი 25 წლის მეგზურია ეს სიმღერა და ის არ ძველდება, მეტსაც გეტყვით, რაც დრო გადის, მით უფრო მშვენდება.



Ludwig A. F. Rohrscheid – Velocity


ამ ტრეკის ავტორი ჩემთვის სრულიად უცნობია და ის Velocity-თ გავიცანი. პირველი 10 წამის მოსმენიდან მომჭრა ყური და ჩემს

ფლეილისტებში აღმოჩნდა. ვცდილობ ხშირად არ ვუსმინო, რომ არ მოვიბეზრო.



sTia – RunRun


როგორც წესი, ჩემს მუსიკას არ ვუსმენ მას შემდეგ, რაც ჩემივე სისტემიდან ვუშვებ და თავისი ცხოვრება ეძლევა, თუმცა კი ეს

გამონაკლისია, ვუსმენ განსაკუთრებით ხშირად ამ პერიოდში და მე ის მაბრუნებს იმ მდგომარეობაში, საიდანაც ის წარმოიშვა…


Kiefer – How R U


კიფერი ბოლო 4 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, შეიძლება ვთქვა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმომიდგენია. აქვე გირჩევთ ადევნოთ მას თვალი ინსტაგრამზე, სადაც ის სისტემატურად აქვეყნებს ჩანახატებს. ხშირად ვჯდები ფორტეპიანოსთან მასთან ინსტაგრამზე ვიზიტის შემდეგ. ის ჩემი დიდი ინსპირაციაა.




kordz and Natalie Beridze – Strange

ეს სიმღერა პირველი მოსმენიდან შემიყვარდა, მისი ჟღერადობა ისეთივე უცნაურია, როგორი სახელიც აქვს და როგორი დროც არის.


Anka Odishelidze – Bought Me a …


ეს ტრეკი გუშინწინ დაიწერა, მას მოაქვს განწყობა, რომელიც პირდაპირ მოგიწოდებს დახუჭო თვალები და შეცურო სევდაში...მე მიყვარს ეს მდგომარეობა.



Alexander Marx - #14


Alexander Marx-მ, იგივე მიშო ელიავამ 18 დღის წინ თავს პირობა მისცა, რომ 100 დღის განმავლობაში ყოველდღე ახალი beat tape დაეწერა. არ ვიცი როგორ შეძლებდა ის ამის განხორციელებას, რომ არა კარანტინი, რომელიც სრული დამთხვევაა. თუმცა კი ვიცი მიშო პირობას პირნათლად ასრულებს და ის პროფესიულად კოსმოსური სისწრაფით ვითარდება! პირადად ჩემი საკარანტინო პერიოდის ყოველი დღე ასე იწყება: ვხსნი ჩემს კომპიუტერს და შევდივარ ორ კონკრეტულ საიტზე, ეს არის კორონას update და მიშოს soundcloud.


სიყვარულით

sTia <3

 



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე