Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - ნატუკა ნაცვლიშვილის მუსიკალური რეკომენდაციები

რაც „დარჩი სახლში“ მიმართვის აქტუალური ფორმა გახდა, ალბათ ბევრ ჩვენგანს გამოუთავისუფლდა დრო საინტერესო თემებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, მეტი ფილმის სანახავად, მეტი წიგნის წასაკითხად და მეტი მუსიკის მოსასმენად. სამწუხაროდ, უამრავ ადამიანს ჩვენ გარშემო ამის ფუფუნება არ აქვს, მაგრამ ვინც სახლში ვართ, ალბათ ისღა დაგვრჩენია, ბოლომდე დავტკბეთ ამ შესაძლებლობით.

ჩემი საყვარელი მუსიკოსების სია უსასრულოა. თითქმის 24 საათი ვეძებ და ვუსმენ ახალ მუსიკას; მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე თქვენთვის 10  მუსიკოსი ქალის შედარებით დიდფორმატიანი ნამუშევრები გამეზიარებინა. ეს ქალები მუდმივად შთამაგონებენ და მაოცებენ. იმედია თქვენც ჩემსავით შეიყვარებთ და ისიამოვნებთ.

Juana Molina

ეს ქალი თავისთავადობის ზეიმს აწყობს თითოეულ და ყველა ნაწარმოებში. ოღონდროგორ ახერხებს, რომ ამდენად ავთენტური არგენტინული მაგიური რეალიზმის ეს შესანიშნავი ნიმუშები ყველასთვის მშობლიურად ააჟღეროს, გაუგებარია

Joanna Brouk 

თავს ვდებ, მსგავსი არასდროს არაფერი მოგისმენიათ. ჯოანა ბრუკი ვრცელ და მრავალშრიან არქაული ჟღერადობის პიესებს წერს და გარკვეული დროით სულ სხვა, მანამდე უცნობ პეიზაჟებში პატარა მოძრავ ფიგურად მსმენელსაც ჩახატავს ხოლმე. მაგალითად, მე სულ ზღვის სანაპიროზე მივყავარ და სანამ მეცხვარე ქალებთან ერთად ვკისკისებ, სირინოზების სიმღერა მოაქვს ქარს. ეს მისი პირველი რელიზია, რომელშიც კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ქალიმეგი პეინი ფლეიტაზე უკრავს. სხვათა შორის, ბრუკი ტერი რაილის მოსწავლე იყო.

Jeanne Lee

მე ნამდვილი ვოკალის პედაგოგი არასოდეს მყოლია, სამაგიეროდ, საუკეთესოებისგან ვსწავლობდი სიმღერას და არამარტო სიმღერას. მაგალითად, ჯინ ლიმ მასწავლა, რომ მუსიკაში კონკრეტული სტილის, მანერის, ჟანრის და სხვა მსგავსი ცნებების ადგილი საერთოდ არ არის. თეორიულად ჯაზვოკალისტია, ფაქტობრივად კი - ხან ერთ ინსტრუმენტად გადაიქცევა, ხან მეორედ, ხან შავი კატაა, ხან ბევრი სხვადასხვა სახეობის ჩიტი ერთად. ჰოდა, აბა როგორ შეიძლება ჩიტების გუნდი კონკრეტული ჟანრის კანონებით მღეროდეს. არ შეიძლება.

Melanie de Biasio 

დიდი დედების ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს მელანი დე ბიასიო - თავშეკავებული, მოზომილი და ამავდროულად, მკაცრი, მაგრამ უკიდურესად ნაზი თხრობის მანერით. თან ერთი შეხედვით ამ შეუთავსებელ და ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს საოცარი გულწრფელობით აზავებს. ბევრს ექსპერიმენტირებს ფორმებით, მაგრამ იმდენად ზუსტია ყველაფერში, რასაც აკეთებს, რომ, მაგალითად, ამ მულტიფაქტურულ ალბომში არცერთი ზედმეტი ამოსუნთქვაც კი არ არის

PJ Harvey 

ფი ჯეი ჰარვიზე რომ მიდგება ხოლმე საქმე, ვმუნჯდები. 14 წლის ვიყავი, ეს ალბომი რომ გამოვიდა, ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან ჩამოიტანა და სკოლაში წამოიღო. რამდენიმე დღეში თავისი სიდი ფლეიერი მათხოვა, დისკიანად. სკოლიდან გამოსვლის წინ ჩავრთე და გამოვედი. მზიანი და თოვლიანი დღე იყო და ბარდნიდა... მოკლედ, მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც მუსიკოსი უნდა გავმხდარიყავი და დღემდე ამაზე საკრალური მუსიკა ჩემთვის ცოტაა. პოეტური სახეები, რომლებითაც ყოველთვის სავსეა ფი ჯეი ჰარვის მუსიკა, ავტორის ცნობიერებიდან მსმენელის ცნობიერებაში პირდაპირ, მოურიდებლად გადმოდის და სამუდამოდ იქ იდებს ბინას. ეს ალბომი თანაგიგრძნობს, გიფარებს, მხარს გიჭერს, მთლიანად გაშიშვლებს და თვითონვე გიხორცებს ჭრილობებს.

Meredith Monk

პრინციპში, ისევე, როგორც აქ ჩამოთვლილი ქალების აბსოლუტური უმრავლესობა, მერედიტ მონკიც არ არის მხოლოდ მუსიკოსი. მთხრობელია და როცა გიყვება, სამყაროს, როგორც კულტურულ, ისტორიულ, ანთროპოლოგიურ თუ სოციალურ მოწყობას, საიდუმლოდ სახავს, რომელზე წვდომაც კარგად ნაცადი ემპირიული მეთოდებით შეუძლებელია. ამიტომაც პირდაპირ დედამიწის, ბუნების, ლანდშაფტის, ცოცხალი და უსულო არსებებისა და საგნების ჰომეოსტაზს გიჩვენებს. მისი მოსმენა ხშირად არ არის სასიამოვნო, ცოტა უხერხული და შემაწუხებელიც კია ხანდახან, მაგრამ როცა ნაწარმოები მთავრდება, გრძნობ, რომ რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ გაუცნობიერებული ცოდნა შეიძინე

 

Ellen Fullman


 

ელენ ფულმანმა ინსტრუმენტი შექმნა! უზარმაზარი, ეგრეთ წოდებული გრძელსიმიანი ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის რაობას შეგიძლიათ ვიკიპედიაში გადახედოთ, ძალიან საინტერესოა; მაგრამ ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ელენ ფულმანმა ინსტრუმენტი შექმნა, მერე ამ ინსტრუმენტისთვის ნაწარმოებები დაწერა და უკრავს - დადის უგრძეს სიმებს შორის და შენც, მსმენელს, ყველა შესაძლო სიმს გირხევს, ნელ და ჰარმონიულ, მოჭიმულ მოძრაობაში მოჰყავხარ.

Pauline Oliveros 

პოლინ ოლივეროსი ომის შემდგომი ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა და მუსიკის თეორეტიკოსია. მან შექმნა ორი უმნიშვნელოვანესი თეორია „ღრმა მოსმენა“ და „აკუსტიკური მედიტაცია“. მარტივად რომ შევაჯამოთ, სიტყვები, იმპროვიზაცია, რიტუალი, მედიტაცია, გაცნობიერება, ხმა, ყურადღება, ცნობიერების ფსიქოლოგია, ჟღერადობა - დაახლოებით წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ რა საკითხებს ამუშავებდა ოლივეროსი; მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ თითქოს გაუგებარი კონცეფციის არსს ბოლომდე ჩავწვდეთ, უნდა მოვუსმინოთ.

Alice Coltrane



ელის კოლტრეინი მსოფლიოს სულ რამდენიმე ცნობილი ჯაზ-არფისტიდან ერთ-ერთია. ძალიან საინტერესოა მისი, როგორც არფისტის მოღვაწეობის წლები, თუმცა ქმრის, ჯონ კოლტრეინის, სიკვდილის შემდეგ მის ცხოვრებასა და მუსიკაში სულ სხვა ეტაპი იწყება; სპირიტუალიზმის, ვედური პრაქტიკისა და ტურიობის პერიოდი (ტურიასანგიტანანდა ერქვა ელის კოლტრეინს ახალ ცხოვრებაში). ტრადიციულ ვედურ ერთხმიან და პოლიფონიურ საგალობლებზე დაყრდნობით არის დაწერილი ეს ალბომიც - ტურია მღერის. საინტერესოა, რომ ალბომში გამოყენებულია სინთეზატორები. კომპოზიციების საკმაოდ არაერთგვაროვანი ფორმა-სტრუქტურები ცალკე შესწავლის საგანია. ფაქტურა იმდენად მსუყე და მკვეთრია, რომ თითქოს ფიზიოლოგიურ შეგრძნებად ტრანსფორმირდება. თუმცა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე ბგერიდან იცნობა ყოველ მომდევნო კომპოზიციაში, გაურანდავი და ყოვლისმომცველი ვედრების ტენდენციაა, დამშვიდებული ვედრების.  

Jocy de Oliveira 

მინდოდა, ჯოსი დე ოლივეირა კომენტარის გარეშე დამეტოვებინა თქვენთვის, მაგრამ არ გამოდის. ბრაზილიელი პიანისტი, რომელიც სტრავინსკისთან და ჯონ ქეიჯთან ერთადაც კი უკრავდა, ბრაზილიური ელექტრონული მუსიკის პიონერია. 60-იან წლებში კომპოზიციით დაინტერესდა და ბრაზილიაში, სამხედრო დიქტატურის ბოლო წლებში, 1981 წელს ეს საოცარი ალბომი ჩაწერა, რომელსაც, რა თქმა უნდა, კონტროვერსიის ტალღა შეეგება. ინდური რაგას სტრუქტურები, იაპონური შომიოებისთვის დამახასიათებელი სასიმღერო ტექნიკები და ბრაზილიური რიტმების გამრუდებული ფორმები ერთად ასე ჟღერს. ამბობენ, რომ ნაწილობრივ შთაგონება ოლივეირასთვის სან-პაოლოში ემიგრანტების უბნის ხმაური იყო. არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, მაგრამ, ისე, გავს სიმართლეს.




ავტორი : ნატუკა ნაცვლიშვილი