ინტერვიუ MUA-ს თანადამფუძნებელ გოგიკო საყვარელიძესთან



პირველად როგორ დაინტერესდი არქიტექტურით?

არქიტექტურამდე დიდხანს მივდიოდი. ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ვგრძნობდი, რომ ეს საერთოდ არ იყო ჩემი საქმე. წარმოიდგინეთ, ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს. ყველაფრის დონე ძალიან დაბალ იყო ქვეყანაში. მით უმეტეს – არქიტექტურა. გამიჩნდა რაღაცის შეცვლის და ახალი სტანდარტების დამკვიდრების სურვილი. ვფიქრობ, რომ ჩემს პარტნიორ დევი ქიტუაშვილთან და MUA-სთან ერთად ეს შევძელი.




ახლანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი ხარ. ეს შენობა თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, საკმაოდ საინტერესო კონცეფციით. შეგიძლია მოგვიყვე ამ პროექტზე? რა გამოწვევები იყო?

ამ პროექტზე სერგი ფანცულაიასთან ერთად კომპანია “დეფანში” ვიმუშავე. ჩვენ გვქონდა საქმე მნიშვნელოვან შენობასთან როგორც ისტორიული, ასევე სუფთა არქიტექტურული კუთხით. არ შეიძლებოდა ამ შენობის რესტავრაცია და მოდერნიზაცია ამაზე ფიქრის გარეშე. სამწუხაროდ, ბატონი გოგი ჩახავა უკვე გარდაცვლილი იყო… ჩვენ დავუკავშირდით შენობის მეორე არქიტექტორს, ბატონ ზურა ჯალაღანიას, რომელმაც ოჯახის არქივიდან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა შენობასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ თვითონ შენობა არის საკმაოდ რთული და მთლიანად ხიდის ტიპის კონსტრუქციაზეა აგებული, ასევე გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ ფუნქციურად ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო. ძველი ტიპის შენობა უნდა გადაგვექცია თანამედროვე ოფისად. თავისთავად, გადავხედეთ საერთაშორისო არქიტექტორების გამოცდილებას მსგავს პროექტებში. მაგალითად, ი.მ. პეი, რომელმაც ლუვრის რეკონსტრუქცია გააკეთა და ხალხის დიდი ნაკადის განტვირთვა მოახერხა ისე, რომ შენობისთვის არანაირი რადიკალური ცვლილება არ ჩაუტარებია. მან მიწისქვეშ ჩაიტანა ყველა იმ დანიშნულების სივრცე, სადაც ბევრი ხალხი გროვდებოდა, ამით ხალხის დისტრიბუცია ბევრად გაადვილდა. ჩვენც მსგავსი მიდგომა ავირჩიეთ, მიწისქვეშ, სადაც ადრე ავტოსადგომი იყო, ჩავიტანეთ მთავარი შესასვლელი, შეხვედრების ოთახი და მთავარი ჰოლი. ამით ხალხის დისტრიბუცია ბევრად გაუმჯობესდა. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან ვთვლი, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.





ჰოსტელი ფაბრიკა საკმაოდ გამორჩეული სივრცეა ქალაქში. როგორ დაიწყე კონცეფციაზე მუშაობა? გვესაუბრე პროექტზე

რაღაც მომენტში MUA-ში არ გვქონდა ბევრი შეკვეთა და როგორც იქნა, გამოჩნდა დრო, რომ საკუთარ, განსხვავებულ პროექტზე გვეფიქრა. საკმაოდ მალე ჩამოვყალიბდით და შევქმენით პროექტი თავისი ფინანსური მოდელით. შემდეგ გამოგვიჩნდა თანამოაზრე, რომელმაც ხელი შეუწყო ამ იდეის განხორციელებას და ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დაიქოქა. “ფაბრიკა” ძალიან პირადულია ყველასთვის, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. “ფაბრიკამ” შეცვალა გარემო, უბანი, ქალაქი. ძალიან დიდი სოციალური გავლენა იქონია იმ სტერეოტიპულ “პლეხანოვზე”, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით საინტერესო სამიზნე ჯგუფის – ტურისტების და ლოკალური სცენის თავშეყრის ადგილის შექმნა. ამ პროექტმა თავისებურად იმოქმედა გარშემო მყოფ ყველა ასაკის ადამიანზე. მთელი უბანი გამოაცოცხლა.




პროექტი, რომელსაც შენი არქიტექტურული კარიერიდან გამოარჩევდი

“ფაბრიკაზე” უკვე ვისაუბრე და რა თქმა უნდა, ის გამორჩეული პროექტია ჩემთვის. ასევე გამოვყოფდი პროკურატურის შენობას. ჩემთვის პირველი დამოუკიდებელი პროექტი იყო საქართველოსთვის საკმაოდ არატიპურად გადავწყვიტეთ მისი აგება, გამოვიყენეთ მხოლოდ ლითონის სტრუქტურა და არა რკინა-ბეტონი, როგორც აქ ხდება ხოლმე. არ მინდა სხვა პროექტები დავჩაგრო, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით საამაყოა და ახლოა ჩემთან.




გვესაუბრე არქიტექტურულ პროექტებზე ან არქიტექტორებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს შენზე

უფრო თანამედროვე არქიტექტურა მიზიდავდა და XX საუკუნის არქიტექტორები ახდენდნენ ჩემზე ყველაზე დიდ გავლენას. რა ვიცი, დღეს ალბათ მრავალფეროვნება მომწონს ყველაზე მეტად. ტექნოლოგიები იმდენად წინ არის წასული, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი სიგიჟის განხორციელება შეიძლება. ისე ალბათ გამოვყოფდი სამხრეთელ არქიტექტორებს: ალბერტო კამპო ბაეზას, აირეშ მატეუშის, ალვარო სიზაა, რომლებიც თითქოს სამხრეთული სულით და ტემპერამენტით არიან ჩემთან ახლო. ასევე ჰოლანდიელები და შვეიცარიელები, რომლებიც დღეს წამყვანი არქიტექტორები არიან.



როგორია შენი სამუშაო პროცესი? ყველაზე ხშირად სად მუშაობ?

ვმუშაობ ოფისში, ყველაზე კარგად იქ მიდის ფიქრის პროცესი. მთელი გუნდია ჩართული ბრეინშტორმინგში, დიდი კამათი და გარჩევებია ხოლმე. მიყვარს ეს პროცესი. ასეთ დროს იბადება ყველაზე კარგი იდეები და გადაწყვეტილებები.



რა რჩევას მისცემდი დამწყებ არქიტექტორებს?

ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ მხოლოდ ამბიციურები არ იყვნენ. წარმატების სურვილის გარდა, უნდა ჰქონდეთ სწავლის სურვილი. მიზნები კი უნდა იყოს ამბიციური, მაგრამ მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ გრძელი გზა ელით დასახულის მისაღწევად.



რა არის მთავარი გამოწვევები დღეს არქიტექტორისთვის საქართველოში?

ზოგადად მთელი ქვეყნისათვის, ნებისმიერ სფეროში, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ახლა ვსწავლობთ ბევრ რამეს. ამიტომ შეცდომები ნორმალურია. პანიკა არ არის საჭირო. ბევრი რამ შეიძლება გამოუსწორებლად დაზიანდა, მაგრამ ესეც გაკვეთილია ჩვენთვის. უნიჭო შენობების შემხედვარე, ახალი თაობა ორჯერ დაფიქრდება, სანამ რაიმე ახლის შენებას დაიწყებს.



გვესაუბრე სამომავლო გეგემებზე

ჩემი სამომავლო გეგმებია მეტი ისეთი პროექტის ინიცირება, როგორიც ფაბრიკაა, რომელიც ქალაქს მოუტანს არა მარტო ეკონომიკურ წინსვლას, არამედ ადამიანების აზროვნებას შეცვლის; ისეთი მუხტის შექმნა, რომელიც საზოგადოებაზე სოციალურ და კულტურულ გავლენას იქონიებს.

ფოტოების წყარო:

1. mua.ge

 



ავტორი : მარიამ ცეცხლაძე