კეიჩი ტანაამის შემოქმედება

კეიჩი ტანაამი 1936 წელს ტოკიოში დაიბადა და 1960-იანი წლებიდან დღემდე აქტუალურია პოპ-არტის სამყაროში თავისი მულტიჟანრული შემოქმედებით, რომელიც მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, ილუსტრაციას და ვიდეოხელოვნებას.



ტანაამი  ცხრა წლის იყო, როდესაც საკუთარი თვალით იხილა მეორე მსოფლიო ომის საბედისწერო და საზარელი შედეგები. ბავშვობის მოგონებები,  სავსე ბომბებითა და იარაღებით, მისთვის მთავარი შთაგონების წყარო გახდა და მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი დაიკავა. ერთ-ერთ ინტერვიუში ტანაამი იხსენებს თავის  მძიმე ბავშვობას: „სწრაფად მომიწია გაცლა ბავშვობიდან; დრო, რომელიც სავსე უნდა იყოს  თამაშით, აუხსნელი ომის სიმახინჯეებმა წამართვა. სიზმრებიც კი მხოლოდ შიშების და შფოთვების მორევად მექცა“.





კეიჩი ტანაამი ბავშვობის ადრეული წლებიდანვე იჩენდა ინტერესს ხელოვნებისადმი. მეთერთმეტე კლასში ხშირად ესწრებოდა კარიკატურის მასტერკლასებს  და სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა განვითარება. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მასწავლებელი, კაზუში ოჰარა გარდაიცვალა, გეგმები შეცვალა და გრაფიკული ნოველების შექმნით დაინტერესდა, რაც იმ ეპოქაში  სიახლე იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გავრცელდა ხმები მისი ნიჭიერების შესახებ და რამდენიმე პრიზიც მოიპოვა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა სარეკლამო კომპანიაში დაიწყო, თუმცა მალევე დატოვა ფორმალური სამსახური ბევრი კერძო შეკვეთის გამო, რომელთა შესრულებაშიც კომპანიის რუტინული სამუშაო ხელს უშლიდა.  1960-იან წლებში ტანაამი უკვე მთელ ქვეყანაში იყო ცნობილი, როგორც ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი; ამავე პერიოდში  იგი აქტიურად იყო ჩაბმული ნეო-დადაისტური ხელოვნების შექმნაშიც, რომელიც მალევე ომის შემდგომი იაპონიის მთავარ სახელოვნებო მიმართულებადაც იქცა.




1967 წელს კეიჩი ტანაამი პირველად გაემგზავრა ნიუ-იორკში, ცნობილია, რომ აქ ის ენდი უორჰოლს პირადად შეხვდა, რომელმაც გააცნო ამერიკის სამომხმარებლო კულტურა და ტანაამი აღფრთოვანებული იყო იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ხელოვნების  სამყაროში დიზაინს ჰქონდა. მალევე, პოპ-არტისა და ფსიქოდელიური კულტურის ზენიტში, ტანაამი საკულტო ფიგურა გახდა როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას შეუქმნია ალბომის საილუსტრაციო პოსტერები ისეთი ლეგენდარული მუსიკალური ბენდებისთვის, როგორებიცაა Jefferson Airplane და The Monkees. 1970-იანი წლების დასაწყისში ტანაამიმ შექმნა ეროტიკული ნახატების სერია ჰოლივუდის  მსახიობ ქალებზე, რამაც უმალვე მიიპყრო ყურადღება  სარკასტული შინაარსის გამო. 



1991 წლიდან  ტანაამი  პროფესორია კიოტოს ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, სადაც ბევრი ახალგაზრდა ხელოვანი აღზარდა. გარდა ამისა, 2013 და 2019 წლებში ჰქონდა გახმაურებული კოლაბორაციები ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Stussy და Adidas. ამჟამად კეიჩი ტანაამი  84 წლისაა, კვლავ  ტოკიოში ცხოვრობს და დღემდე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოპ-არტისტად რჩება.

ფოტოების წყარო:
1. artsy.net
2. keiichitanaami.com



ავტორი : მარიამ რაზმაძე