Kordz x Sakamoto

მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია 3-27 ივნისის ჩათვლით ამსტერდამში ჰოლანდიის ფესტივალზე მაყურებლის წინაშე რიუიჩი საკამოტოს მუსიკის მისეული ინტერპრეტაციით წარსდგება. ჰოლანდიის ფესტივალის მთავარი სტუმრები 2021 წელს რიუიჩი საკამოტო და თეატრალური პროდიუსერი ჟიზელ ვიენსი იქნებიან. მსმენელი შეძლებს ჰოლივუდის  რეჟისორებთან, როკ-ბენდებთან თუ ტექნო და ვიზუალურ არტისტებთან კოლაბორაციით ისიამოვნოს. ალექსანდრე კორძაია სწორედ ამ არტისტთა შორისაა.

ჰოლანდიური კამერული ორკესტრის,  Asko|Schönberg-ის მაესტროს თანხმობით, ალექსანდრეს შესაძლებლობა მიეცა თავისებურად  დაამუშაოს, დაშალოს და ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინოს იაპონელი კომპოზიტორის უკვე კარგად თუ ნაკლებად ცნობილი ექსპერიმენტული მუსიკალური ნაწარმოებები, როგორებიცაა, მაგალითად,  Thousand Knives, Tibetan Dance და Self Portrait.

სცენოგრაფი ბორის აკეტი უზრუნველყოფს, რომ მსმენელისათვის Kordz-ის, რომელიც სინთეზატორზე თავად დაუკრავს, შექმნილი საკამოტოს მუსიკის ინტერპრეტაცია   ზღაპრულს მიმსგავსებულ აუდიოვიზუალურ გარემოში წარადგინოს,  ისეთში, რომელიც საკამოტოს მუსიკასაც მოუხდება და მის Kordz-ის   შეთავაზებულ ვერსიასაც. თავად რიუიჩი საკამოტო კი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი იქნება იმის მოსმენა, რასაც ალექსანდრე მისი შეთავაზებული მასალით მოამზადებს. 



ავტორი : ანი კლდიაშვილი