Loop - ხელნაკეთი სანათები ქეთა ლომიძისაგან

Loop ქეთა ლომიძის მიერ დაფუძნებული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ძაფებით შექმნილ ხელნაკეთ სანათებს სთავაზობს. მათი შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ შეიძლება, ძალიან მალე კი Loop-ის პროდუქცია თიბისი კონცეპტის სივრცეში არსებულ მაღაზიაშიც გაიყიდება.



სანათის შექმნის იდეა ქეთას პანდემიის პერიოდში გაუჩნდა. ქსოვის მიმართ ბავშვობაში გაჩენილი სიყვარული ზუსტად ამ დროს ამოტივტივდა და სპონტანურად, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, ძაფებით მოქსოვილი პირველი სანათი დამზადდა.   ვიდრე ქეთას მიერ შექმნილი სანათი იმ სახეს მიიღებდა, როგორითაც დღეს მომხმარებელს სთავაზობს Loop-ი, პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო - ძველებურ კარკასზე სხვადასხვა ტიპის ძაფების გამოყენებით ავტორი დიდხანს სწავლობდა დამზადების ტექნიკას,  სანამ საბოლოოდ იდეალური სისქისა და ფორმის სანათი არ დამზადდა, რომელმაც გარშემო მყოფებისაგან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა და საბოლოოდ იმის სურვილიც გაჩნდა, რომ ამგვარი ხელნაკეთი სანათების შეძენა სხვებისთვისაც ყოფილიყო შესაძლებელი.




აღსანიშნავია, რომ Loop-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია სანათის გარდა, ჭაღად და ასევე დეკორატიულ ნივთადაც გამოიყენება, რომელიც ინტერიერს ძალიან უხდება. მათი შექმნისას ქეთას ერთ-ერთი ინსპირაცია არტისტი ანა კრასი იყო, რომელიც ძალიან ლამაზ სანათებს ამზადებს. ძაფების ფერები, რომლითაც  Loop-ის სანათები იქმნება, ბაცი, მშვიდი და ღიაა, ისეთი, რომ მათგან გამოსული შუქი ლამაზად ირეკლება და ინტერიერში სიმშვიდე და სითბო შეაქვს. ეს ხელნაკეთი სანათები  ნებისმიერ ოთახს - როგორც სამზარეულოს, ასევე მისაღებსა და საძინებელსაც უხდება, იდგმება როგორც თაროზე, ასევე იატაკზე მფლობელის გემოვნებისა და ხედვის მიხედვით. სანათის ყალიბი ისეა დამზადებული, რომ მომხმარებელს დამატებით მისი დასადგამის შეძენა არ სჭირდება, სანათს მოჰყვება კაბელიც და იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს ამ ნივთის სანათად გამოყენება სურს, მხოლოდ ნათურის ცალკე შეძენაა საჭირო, სხვა ყველაფერი მზადაა ფუნქციონირებისათვის.



ბრენდის სახელწოდებას - Loop-ს რაც შეეხება, ის კვანძს ნიშნავს და ძაფის, როგორც საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალის როლს გამოკვეთს, მასალის, რომლითაც მრავალფეროვანი პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი. თავად ქეთა ლომიძე ამ საინტერესო წამოწყებას „ძაფების თამაშით დაწყებულ Loop-ს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ მის მიერ შექმნილმა პროდუქციამ ამდენად დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რაც მეტი მუშაობისა და კიდევ უფრო საინტერესო დიზაინის შექმნის სტიმულს აძლევს, აინტერესებს, სად მიიყვანს ეს ძაფების თამაში.



ლუპის სანათების შეძენა, სანამ ისინი თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიყიდება, Instagram- და Facebook-გვერდებზეა შესაძლებელი, მუშაობს  მიტანის სერვისიც. მიუხედავად იმისა, რომ ლუპი მომხმარებელს მზა, კონკრეტული სტანდარტით შექმნილ სანათებს სთავაზობს, იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, მყიდველს მაღალჭერიანი ბინა აქვს, შესაძლებელია სპეციალურად მისთვის დიდი ზომის სანათების დამზადებაც. რაც შეეხება ფასს, ის საკმაოდ მისაღებია მომხმარებლისთვის და ბევრ ადამიანს აძლევს ამ პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას.




ამ ეტაპზე Loop-ის დამფუძნებელი სანათების კიდევ უფრო მრავალფეროვან დიზაინზე მუშაობს, სურს, რომ მუდმივად ატაროს ექსპერიმენტები -  შექმნას მეტი სხვადასხვაგვარი ფორმა და ნელ-ნელა თბილისის მასშტაბსაც გასცდეს. Loop-ის სანათები სასაჩუქრედაც ხშირად გამოიყენება, ვინაიდან სანათი, რომელიც დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს და ინტერიერში სიმყუდროვე შეაქვს, ძალიან კარგი საჩუქარია განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიის პირობებში სახლმა როგორც სამუშაო სივრცის, ასევე გასართობი ადგილის ფუნქციაც შეითავსა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ იქ კომფორტული და ესთეტიკური გარემო იყოს.



ძალიან საინტერესოა, რომ ეს სპონტანურად და თამაშ-თამაშით დაწყებული თერაპიული საქმიანობა საბოლოოდ ახალი ბრენდის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდა. როგორც ქეთა ამბობს, სანათების დამზადებისა და ხელით მუშაობის პროცესი მისთვის განტვირთვისა და დადებითი ენერგეტიკით დამუხტვის შესაძლებლობაა, ვინაიდან მუშაობის პროცესში მუდმივად კარგ რაღაცებზე ფიქრობს -  საბოლოოდ, ეს დადებითი ენერგეტიკა არსად იკარგება და  სივრცეში, სადაც სანათი თავსდება,  სასიამოვნო და მყუდრო ვიბრაციები შეაქვს.



ავტორი : ანი კლდიაშვილი, ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი