მაისის ხუთი საუკეთესო მუსიკალური ალბომი

გაზაფხული და განსაკუთრებით მაისი მუსიკის მოყვარულებისათვის შემოქმედებითად დატვირთული თვე აღმოჩნდა, მსმენელმა ჰარი სთაილსის დიდი ხნის წინ დაანონსებულ მესამე ალბომთან ერთად, კარგად ნაცნობი რეპერის, კენდრიკ ლამარის სცენაზე დაბრუნებაც იხილა, რასაც წინ Deepfake ტექნოლოგიით შექმნილი ძალიან საინტერესო კლიპი უძღოდა. ჰარი სთაილსისა და კენდრიკ ლამარის ალბომთან ერთად გთავაზობთ მაისში გამოქვეყნებულ ყველაზე დასამახსოვრებელი და წარმატებული მუსიკალური ალბომების ჩამონათვალს.  

Harry Styles - Harry's House

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსებული ალბომი და მასში შემავალი ცამეტი ახალი სიმღერა მსმენელის წინაშე 20 მაისს წარდგა. ალბომმა, რომელიც Columbia Records-ისა და Erskine Records-ს ეკუთვნის, უკვე მოიპოვა კრიტიკოსებისა და მსმენელების ყურადღება, განსაკუთრებული ყურადღება კი ალბომში შემავალმა მთავარმა სიმღერამ As it was-მა დაიმსახურა. როგორც გასულ კვირას Apple Music-თან და Zane Lowe-თან ინტერვიუში ჰარი სთაილსმა განაცხადა, მან სახელის შთაგონება იაპონელი მუსიკოსის 70-იან წლებში გამოშვებული ალბომის, Harumi Honoso-სგან მიიღო. პირველი სიმღერა, რომელიც Harry's House-ისთვის დაიწერა, Late Night Talking იყო, რომელიც მომღერალმა თავის მეგობარ გოგოს, ოლივია ვაილდს მიუძღვნა.

Kendrick Lamar - Mr. Morale & The Big Steppers

გასულ კვირას საკუთარ Youtube არხზე კენდრიკ ლამარმა ახალი სიმღერა - The Heart Part 5  გამოაქვეყნა, სიმღერასთან ერთად მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება თავად ვიდეოკლიპმაც მიიქცია, სადაც Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით რეპერი ხან ქანიე ვესტის, ხან უილ სმიტის და ხანაც კობი ბრაიანტის სახით გვევლინებოდა. ხუთწუთიანი ვიდეოკლიპი ერთგვარი ანონსი აღმოჩნდა ალბომის - Mr. Morale & The Big Steppers, რომელიც რეპერმა სამი დღის შემდეგ, 13 მაისს გამოაქვეყნა.  

Arcade Fire -  We

We კანადური ინდი როკ-ჯგუფის მეექვსე ალბომია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 6 მაისს  Columbia Records-ის ლეიბლზე გამოქვეყნდა. ალბომის სახელი ევგენი ზამიატინის რუსულ დისტოპიურ ნოველა We-ს უკავშირდება. მას წინ უძღოდა ორი სინგლის,  The Lightning I, II-ისა და Unconditional I-ის გამოსვლა, რომელთაც  პირველივე კვირაში კრიტიკოსებისა და მსმენელების პოზიტიური გამოხმაურება და ათიათასობით გაყიდული ალბომი მოჰყვა.

Ethel Cain, Preacher’s Daughter

ულტრათანამედროვე ალბომი, რომელსაც დრო არ გააჩნია - ასე ახასიათებს ამერიკელი მუსიკოსის ახალ ალბომს მედია. კინემატოგრაფიული ალბომი, რომელიც ჯამში ორ საათს გრძელდება, 6, 7 და 9-წუთიან მუსიკალურ ნამუშევრებს აერთიანებს და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ამერიკული მუსიკის ერთგვარ დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

Florence and the Machine - Dance Fever

ინგლისური ინდი როკ-ჯგუფის Florence and the Machine-ს მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც Polydor Record-ზე 13 მაისს გამოქვეყნდა, ათზე მეტ სიმღერას აერთიანებს. ალბომი, რომლის გარეკანზე და მასში შემავალი ოთხი სიმღერის კლიპზე  ფოტოგრაფმა და რეჟისორმა Autumn de Wilde-მა იმუშავა, ერთდროულად პროგრესული პოპის, ინდუსტრიული მუსიკისა და დისკოს ელემენტებს მოიცავს.

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: Harry Styles, Kendrick Lamar, Arcade Fire, Ethel Cain, Florence and the Machine