მარაკეშში ივ სენ ლორანის ვილა - Jardin Majorelle იყიდება

მაროკოში, მარაკეშის ცენტრში მდებარე ლეგენდარული ვილა -  Jardin Majorelle სოტბის აუქციონზე გაიყიდება. ვილა 1930-იან წლებში მხატვარ ჟაკ მაჟორელისთვის აშენდა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ივ სენ ლორანისა და მისი პარტნიორის, პიერ ბერჟეს საკუთრებას წარმოადგენდა.  

 

 

მოდერნისტული ვილა “წითელი ქალაქის” ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდაა ქცეული, მას მსოფლიოს ყველა წერტილიდან სტუმრობენ ტურისტები, განსაკუთრებით კი - ივ სენ ლორანის ფანები. ვილას აქვს საკუთარი ბოტანიკური ბაღი, შენობა კი გარშემორტყმულია ეგზოტიკური ყვავილებითა და კაქტუსებით. გამწვანების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შენობის მკვეთრი ლურჯი ფერი, რომელსაც მაჟორელის ლურჯს უწოდებენ.

 

 

შიდა ეზოები შენობას რამდენიმე კომპლექსად ყოფს. ღია დერეფნები და თაღები კი სახლის სხვადასხვა სივრცეს აკავშირებს. ვილა აერთიანებს რამდენიმე მისაღებს, ოთხ საძინებელ ოთახსა და მათგან გამომავალ ტერასებს. შენობაში შენარჩუნებულია ისტორიული მნიშვნელობის ტერაკოტისფერი ქვაფენილი და ძველი მაროკოული მოზაიკა.

 

 

როგორც ივ სენ ლორანი აღნიშნავდა, ვილა მისთვის წლების განმავლობაში იყო შთაგონების წყარო. შენობის ნაწილში ახლა ბერბერული კულტურისა და ივ სენ ლორანის მუზეუმებია განთავსებული, Villa Jardin Majorelle-ში დაცულია ჟაკ მაჟორელის ნამუშევვრები. მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ვილის მთელი ტერიტორიის დათვალიერება.

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: Designboom, Le Jardin Majorelle, Sotheby'sDesignboom, Le Jardin Majorelle, Sotheby's

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე