“მზერა”: ლია შველიძის პერსონალური გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრები ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ნამუშევრების სერია, რომლებიც “მზერის” (“The Gaze”) სათაურით ერთიანდება, სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული, ამიტომაც მათი შესრულების ტექნიკა, მასალა და კონტექსტი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთმანეთისაგან დროის ინტერვალითაა დაშორებული, ნათელი ხდება, რომ მხატვრის მზერა ყოველ ჯერზე “უცნობი დების” სახეებს უბრუნდება. ლია შველიძე უცნობ ქალებს სხვადასხვა დროს განსხვავებული პერსპექტივით აჩვენებს, თუმცა იგი მათ ვინაობას ფარდას ბოლომდე არასოდეს ხდის და სიუჟეტს მათი ცხოვრების გარშემო არ ავითარებს. მხატვარი “უცნობ დებს” გზადაგზა იკვლევს და მაყურებლებს საკუთარი ხედვის არეალში ამოგზაურებს. ხელოვანის მთავარი ინტერესი ცხოვრების შემეცნებაა, რომელსაც იგი ქალის მზერით უყურებს. ხშირად კომპოზიციებში ჩართულია ტექსტიც, რომელიც ნამუშევრის მხატვრულ და შინაარსობრივ აქცენტებს განსაზღვრავს. ლია შველიძის შემოქმედებაში ქალის სახე კონკრეტულისა და ზოგადის ზღვარზე დგას, იგი ნაცნობიცაა, თუმცა ამავდროულად, უცხო და განყენებულიც. დამთვალიერებლებისა და მხატვრის მზერაც სწორედ ამ ორი მხარის ზღურბლზე კვეთს ერთმანეთს.



ლია შველიძე ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედება 1980-იანი წლებიდან აქტიურად იფინება სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში. მისი გამოფენებიდან აღსანიშნავია 2016 წელს ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი პერსონალური ექსპოზიციები და 2000-2003 წლებში “ძველ გალერეაში” გამართული გამოფენების სერია “დაჯექი”.



ავტორი : ანა გაბისიანი