პოლ უონერის პოეტური ნატურმორტები

ამერიკელ მხატვარს, პოლ უონერს, რომელიც უფრო მეტად თავისი ნატურმორტებითაა ცნობილი, კრიტიკოსებისა თუ კოლეგების აზრის არასოდეს შეშინებია - აბსტრაქტული ექსპრესიონიზმიდან ჰიპერრეალიზმის ჟანრში უშიშრად გადაინაცვლა და სახელოვნებო სივრცეს ყველაზე მეტად სწორედ ამ უკანასკნელით დაამახსოვრა თავი. „როცა არ ღელავ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები, ხატვა უფრო სასიამოვნო ხდება“, - ამბობდა უონერი.





1950 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლისას, უონერმა აღმოაჩინა, რომ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი აღარ აკმაყოფილებდა. როგორც თავად ხსნის, უნდოდა, თავისი ნახატებით უამრავ საკითხზე ესაუბრა, ხოლო ეს ჟანრი კი, მისი აზრით, ხატვის პროცესს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე მასში ჩადებულ კონცეფციას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორებს მხატვრის ეს ცვლილება დადებითად არ მიუღიათ, მაინც იყვნენ ადამიანები, უონერის კოლეგები, რომლებიც მას ამხნევებდნენ და მხარს უჭერდნენ. ასეთი იყო დევიდ პარკიც, რომელსაც უონერთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა და, ამასთანავე, თავადაც დაინტერესებული იყო ფიგურატიული ხელოვნებით. ამის შემდეგ, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, უონერი საკუთარი თავისა და შემოქმედების კვლევით იყო დაკავებული - ხატავდა მოდელებს, ასწავლიდა ხელოვნებას ლოს-ანჯელესში. სწორედ ამ პერიოდში, 60-იანი წლების დასაწყისში, იწყებს იგი რეალიზმის ჟანრში გადასვლას და ძირითად თემად ნატურმორტებს ირჩევს.



უონერმა მალევე აითვისა ხატვის ახლებური მანერა და ტილოებზე ჯამების, ბოთლების, ლარნაკების გამოსახვა დაიწყო. მის ადრინდელ ნატურმორტებში სიმეტრიასა და კომპოზიციურ წყობაში გამოუცდელობა იგრძნობა, თუმცა მოგვიანებით მხატვარი ოსტატურად თამაშობს ჩრდილებით, ფერებითა და საგანთა წყობით. ექსცენტრიკული ხასიათი ჰქონდა მხატვრის არჩევანსაც - ერთ ნატურმორტში შეეძლო გვერდიგვერდ შოკოლადის ფილა და ჩინური ლარნაკი მოეთავსებინა, რაც ხანდახან პრაგმატული მიზნებითაც, კომპოზიციის გამართვის გამოც ხდებოდა. 70-იანებში უონერი XVII საუკუნის ნიდერლანდური ნატურმორტებით დაინტერესდა და ეს ინტერესი მალევე აისახა მის შემოქმედებაშიც. სწორედ იგი გახდა 1977 წელს შექმნილი ნამუშევრის შთაგონების წყაროც, სახელწოდებით „ნიდერლანდური ნატურმორტი ყველითა და ღვეზლით“. ნახატზე თითოეულ საგანს თავისი დატვირთვა აქვს და მისთვის განსაზღვრულ ადგილს იკავებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი სრულად ერწყმიან ერთმანეთს და არ იქმნება განცდა, რომ ნამუშევარი დანაწევრებულია. მისმა მრავალფეროვანი ფერებით გაჯერებულმა ნახატებმა მალევე იპოვა საკუთარი აუდიტორია და უონერი ფართო საზოგადოებამ გაიცნო. 1981 წელს მისი ნატურმორტების გამოფენაც გაიმართა სან-ფრანცისკოს თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმში.



90-იანი წლების დასასრულიდან უონერი უკან იტოვებს ნატურმორტების პერიოდს და ისევ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს უბრუნდება, თუმცა ამჯერად უფრო სპონტანურ მომენტებს ხატავს. როგორც თვითონ ამბობდა, ყოველდღიურად პარკში გასვლა და ადამიანებზე დაკვირვება, შემდეგ კი მათთვის ფოტოების გადაღება მისი რიტუალი იყო ხატვის დაწყებამდე. „ფოტოებს ვიღებ, მონახაზებს ვაკეთებ და შემდეგ ყველაფერი ერთად ნახატზე გადმომაქვს. ბევრი ისეთი რამის თქმა მინდა, რასაც ფოტო ვერ იტევს, თუმცა გადაღება მეხმარება“, - აღნიშნავდა ის. 




პოლ უონერისთვის ხელოვნება ყველაზე მეტად თავისუფლებასა და თვითგამოხატვასთან იყო ასოცირებული, სწორედ ამიტომაც, მისთვის ერთი სამყაროს წესებიდან მეორეში გადანაცვლება ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა. მისმა დოგმებისგან დაცლილმა მიდგომამ ბევრ მხატვარს მისცა შთაგონება და ნატურმორტის ჟანრს ახალი სიცოცხლე შესძინა.



ავტორი : ანი შამათავა