პოპკულტურის ქრონიკები კრისტოფერ მაკოსის ფოტოობიექტივში

კრისტოფერ მაკოსი ამერიკული პოპკულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. გარდა მისი ფოტოებისა, რომლებიც სუპერვარსკვლავების პიროვნულობის ინტიმურ მხარეებს ასახავს, იგი გარკვეულწილად წამყვანი პერსონა გახლდათ ამ ვარსკვლავთა კარიერისა და ნიუიორკული სახელოვნებო პროცესების წარმართვაში. მაკოსი პირველი იყო, ვინც ენდი უორჰოლს ფოტოგადაღება ასწავლა. მან აგრეთვე მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ისეთ დამწყებ არტისტებს, როგორებიც მაშინ კიტ ჰარინგი და ჟან-მიშელ ბასკია იყვნენ. 






კრისტოფერ მაკოსის კარიერაში პირველი და მაშტაბური გარდატეხა მისი 1977 წელს გამოცემული “
თეთრი ნაგავი” იყო - ფოტოწიგნი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწე ცნობილი სახეების პორტრეტებს აერთიანებდა. ხელოვანის ამ სერიაში შეხვდებით დევიდ ბოუის, პატი სმიტის, უილიამ ბეროუზის, ტენესი უილიამსისა და სხვა ეპოქალურ პერსონათა იშვიათ სურათებს. შავ-თეთრი ნამუშევრები განსხვავებულ ჭრილში, მოკლე დისტანციიდან წარმოგვიდგენს 70-იანი წლების პანკსცენასა და თანამედროვე ხელოვნების კერპებს. 





80-იან წლებში მაკოსი კვლავ აგრძელებდა მისი მეგობრების პორტრეტების გადაღებას, ამჯერად ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის ამპლუაში. მისი შემოქმედების ეს ხაზი 2000-იან წლებში ენდი უორჰოლის შესახებ რამდენიმე წიგნის გამოცემით დაგვირგვინდა.
უორჰოლ მაკოსი კონტექსტში (2001), ენდი (2001) უორჰოლის მემუარი (2003), ლედი უორჰოლი (2010) და სხვა კრებულები პოპარტის ლეგენდის პირადი ცხოვრების, სოციალური წრისა და ინდივიდუალიზმის შესახებ  საინტერესო ინფორმაციას იძლევა. 




გარდა სუპერვარსკვლავებისა, კრისტოფერ მაკოსი ადამიანის ანატომიის ასახვითაც გახლდათ დაინტერესებული. მისი 2004 წელს გამოცემული კრებული ეგზიჰიბიციონიზმი კალვინ კლეინთან კოლაბორაციას წარმოადგენს. კრებულში შემავალ ნამუშევრებზე მამაკაცების სხეულები, მათი მანქანებთან და ტექნიკასთან ასოცირებაა წარმოდგენილი. მაკოსის ეს სერია განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა. 




მენ რეიმ, რომელიც სიურრეალიზმისა და დადაიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, მაკოსს კარიერის დაწყებამდე ასეთი რჩევა მისცა: ,,ყოველთვის ენდე შენს ინსტინქტს’’. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, იგი საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა ამ დარიგებას, რაც მისი ნამუშევრების იმწამიერი, ძალდაუტანებელი ხასიათიდანაც ჩანს. ბოჰემურობის ფირზე აღბეჭდვა განსაკუთრებულ თავისუფლებასა და არაკონვენციურობას მოითხოვს, რაც მაკოსს ცალსახად გამოუვიდა - მისი ფოტოები ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენი მეგობრების სურათებს ვუყურებთ და არა პიროვნებების, რომლებიც მილიონობით ადამიანისთვის კერპებს წარმოადგენდნენ.





ფოტოების წყარო:
1. Vice.com
2. interviewmagazine.com
3. makosstudio.com
4. dazeddigital.com



ავტორი : სალომე სანდროშვილი