ყვარლის ტბის კურორტის გასტრონომიული თავგადასავალი

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობამ და მრავალი სხვადასხვა კულტურის ხალხთა გავლენამ არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიასა და კულტურას, ჩვენი ქვეყნის კულინარიასაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. აბრეშუმის გზაზე გამავალი ახალი ინგრედიენტები, მეთოდები თუ ტექნოლოგიები ქართულ სამზარეულოში ადვილად და ორგანულად იკიდებდა ფეხს, ამიტომაც დღეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით კერძს, რომელსაც შესაძლოა "ნათესავები" სხვადასხვა ცივილიზაციის კულინარიაშიც ჰყავს, თუმცა თავისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებების, მომზადების ტექნოლოგიის ან სულაც წარდგენის ფორმის გამო ის მისთვის დამახასიათებელ ეროვნულ იდენტობასაც ინარჩუნებს და მსოფლიოს კულინარიულ რუკაზე საქართველოს სახელით მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებს.




ეს სამზარეულო სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის და უმეტესად ადგილობრივი კულტურის წეს-ჩვეულებებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ტრადიციებსა და ცხოვრების სტილზეა  დამოკიდებული. ეგზოტიკური სანელებლებით და მრავალფეროვანი გემოებით გამორჩეული დასავლური კერძებისგან აღმოსავლეთ საქართველოს კულინარია თავისი სისადავითა და გენიალური სიმარტივით განსხვავდება - რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინოზე და ვაზის კულტურაზე, რომელიც ქართული და არა მხოლოდ ქართული გასტრონომიის უნიკალური მონაპოვარია.




როცა მარტივ და გენიალურ კერძებსა და ვაზის ათასწლოვან კულტურას ვახსენებთ, პირველი, რა თქმა უნდა, კახეთი გვახსენდება, რეგიონი, რომელშიც ეს გასტრონომიული სიმდიდრე ქართველ და უცხოელ მოგზაურებს დღემდე აოცებს და აღაფრთოვანებს.   ამ მხარეში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებამ, შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დააკისრა - აქ ვერავის წარმოუდგენია, რომ კახეთში  ჩამოსული მოგზაური ქართული ღვინით და ადგილობრივი კულინარიით უკან იმედგაცრუებული ან უკმაყოფილო დაბრუნდეს.


იმედგაცრუება და უკმაყოფილება კიდევ უფრო გამორიცხულია, თუ ყვარლიდან, კონკრეტულად კი ყვარლის ტბის კურორტიდან ბრუნდებით. ულამაზეს ბუნებას, ყვარლის ტბაში არეკლილ კავკასიონის მთებსა და ალაზნის ველებს, თავად ამ უნიკალური დიზაინის სასტუმროს რესტორანში სპეციალურად თქვენთვის მოწყობილი გასტრონომიული თავგადასავალიც ემატება.  აქ თქვენ არა მხოლოდ ადგილობრივ, კახური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს, არამედ მთელი ქართული კულინარიის ყველაზე საინტერესო და უნიკალურ მაგალითებს შეხვდებით, რომლებიც ადგილობრივ მეურნეობაში მოყვანილი ორგანული და  ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგანაა მომზადებული.

ყვარლის ტბის კურორტის ქართულ მენიუში თქვენს ყურადღებას კახური ღვინის მრავალფეროვანი არჩევანიც მიიქცევს, რომელიც სასტუმროს რესტორნის ტერასიდან ხელისგულივით გაშლილ ალაზნის ველის ვენახებშია მოყვანილი და მხოლოდ ქართულისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ადგილობრივ  ქვევრებშია დაყენებული. ქართულ სამზარეულოსთან სპეციალურად თქვენთვის იდეალურად შეხამებული კახური ბიოღვინო კი  დაუვიწყარი მოგზაურობისა და დასვენების დღეებს სრულიად განსხვავებულ გასტრონომიულ თავგადასავლად აქცევს და იმ კულტურას, რომლის დანახვაც აღგაფრთოვანებთ, კარგად ნაცნობი გემოებით ხელახლა სულ სხვა კუთხით აღმოგაჩენინებთ.



ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი