“ყველას საკუთარი ცა აქვს” - ინტერვიუ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძესთან

რეჟისორ ალექსანდრე კობერიძისათვის კინო ზოგჯერ არა გარემოს ილუსტრაცია ან მასზე ფიქრი, არამედ იმის კომპენსაციაა, რაც ადამიანებს ამ გარემოში აკლიათ - სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თავის გადაღებულ ფილმებში ხანდახან ზღაპრულ შინაარსს აცოცხლებს და, როგორც ეს რეჟისორის ბოლო და ყველაზე წარმატებულ ფილმში - “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ”, მაგიურ სიუჟეტებს ასახავს. სურს, რომ სამომავლოდ საბავშვო ფილმი გადაიღოს, მუდმივად მუშაობს რამდენიმე სცენარსა და იდეაზე, სურათებთან მუდმივ კავშირს ფოტოგრაფიით ამყარებს და კითხვაზე,  რას ნიშნავს მისთვის ცის ყურების და იქ რაიმეს დანახვის ჟესტი, ფიქრობს, რომ ამის ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება, ვინაიდან ყველა ადამიანს საკუთარი ცა აქვს.

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორ ალექსანდრე კობერიძესთან, რომელიც მისი ბოლო ფილმის წარმატებაზე, თავის შემოქმედებაში მაგიის არსებობის მიზეზზე, ინტერესის სხვა სფეროებსა და კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის თანმხლებ სირთულეებზე გვესაუბრა.



ალექსანდრე, თქვენი ბოლო ნამუშევარი - „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ ზღაპრული ელემენტებით დატვირთული ფილმია, რომელიც სასიყვარულო ამბავს გვიყვება. რა გახდა თქვენი ამ თემატიკით - სიყვარულით, მაგიის ყოველდღიურობაში გაცოცხლებითა და მისი ძალის ჩვენებით დაინტერესების მიზეზი?

კინო ზოგჯერ შეიძლება არა გარემოს ილუსტრაცია ან მასზე ფიქრი, არამედ იმის კომპენსაცია იყოს, რაც ამ გარემოში  გვაკლია. ხანდახან მეც ასე ვმუშაობ.

„რას ვხედავთ, როცა ცას უყურებთ“ - ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოც დაიმსახურა - როგორც ავტორი,  რას ფიქრობთ, რა გახდა მისი ამდენად დიდი წარმატების საიდუმლო?

რთული სათქმელია. საერთოდ, კონკურსის პრინციპი თუ ფილმების შეჯიბრი უკვე უცნაური მოცემულობაა. ჯილდო შეიძლება მიიღო მაგალითად, სპორტში, რადგან მოცემულ მომენტში მოწინააღმდეგეზე უკეთესი იყავი, სპორტი ამ პრინციპზეა დამყარებული - ხელოვნება, რა თქმა უნდა, არა. საკონკურსო სექცია ლატარიასგავს - ვინ იქნება ჟიურიში, როდის ნახავენ ფილმს, რა ხასიათზე იქნებიან ამ დროს, ზოგადი პოლიტიკური ტენდენციები და კიდევ უამრავი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ კინოსთან შეიძლება არც იყოს დაკავშირებული. საფესტივალო წარმატებები მოკლევადიან პერსპექტივაში პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რამდენი ადამიანი ნახავს ფილმს - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი წარმატებაც.  ასევე, ასეთი წარმატება შეიძლება ავტორს მომავალი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმაროს.


საინტერესოა,  ზღაპრული ამბებისა და მაგიის გარდა, კიდევ რა არის თქვენთვის ის, რასაც  გადაღებულ ფილმებში აცოცხლებთ და რასაც თქვენი  შექმნილი პერსონაჟები გვიყვებიან?

ძალიან მინდა, რომ საბავშვო ფილმი გადავიღო. ხშირად მესმის, რომ სმარტფონებთან ერთად გაზრდილ ბავშვებს კინო ნაკლებად აინტერესებთ, ვფიქრობ, ეს ასე არ არის. რამდენიმე წლის წინ წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალზე ბავშვებთან ერთად ბასტერ კიტონის ფილმები ვნახე და ძალიან მოეწონათ, ასევე მინახავს ჟაკ ტატის ფილმები ბავშვებით სავსე კინოთეატრში და მათი გაუჩერებელი სიცილიც კარგად მახსოვს.  ვფიქრობ, იმ უპირატესობებზე ფიქრით,  რომლებიც ბავშვებს უფროსებთან მიმართებაში გააჩნიათ, თუ იმუშავებს ადამიანი, საინტერესო რამე გამოვა. ბავშვებმა კინოში უნდა იარონ, მარტოებმაც და მშობლებთან ერთადაც, ამისათვის კი ფილმები და კინოთეატრებია საჭირო.


გვიამბეთ, რა სირთულეები ახლავს კინოინდუსტრიაში მოღვაწეობას - როგორ აღწერდით თქვენ მიერ განვლილ შემოქმედებით გზას, რომელიც ამ სფეროში შემობიჯებიდან თქვენს ბოლო გამორჩეულად წარმატებულ ფილმამდე გაიარეთ?

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც კინოხელოვნებაში დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას,  კინოთეატრებია. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მულტიპლექსების გარდა, კინოთეატრები თითქმის არ არსებობს. რომც უნდოდეს ადამიანს სავაჭრო მოლში კინოში წასვლა, ფასები იმდენად მაღალიაუმეტესობისათვის იქილმის ნახვა  შეუძლებელია, ამასთან  ყველა ხვდება, რომ ასეთი კინოთეატრები სრულიად დაცლილია იმ რომანტიკული განწყობისგან, რომელიც კინოში სიარულს ისტორიულად ახლდა თან. ამასობაში გაუგებარია კინორუსთაველისბედი, კინოთეატრიაპოლოსბედი და ასეთი კიდევ რამდენია. ეს დედაქალაქში. და რეგიონებში კიდევ უარესი სიტუაციაა, ქუთაისში არის მხოლოდ ერთი კინოთეატრი, ქუთაისელი კინომოყვარულთათვის სრულიად უინტერესო პროგრამით. მუნიციპალური კინოთეატრი ყველგან  - ვფიქრობ, ამას ვიმსახურებთ, მით უმეტეს, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონულ ცენტრსა და  მოზრდილ სოფელში არის შემორჩენილი კულტურის ცენტრები, სადაც  უბრალო კინოთეატრების მოწყობა შეიძლება.


რა ხდება ხოლმე თქვენთვის ბიძგი იმისა, რომ  ფილმზე მუშაობა დაიწყოთ - გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა კონკრეტულმა მოვლენამ ან ამბავმა ძალიან მალე და სპონტანურად ფილმის გადაღების გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

ბიძგი სულ არის, სხვადასხვა მიზეზის გამო, ავტორების უმეტესობა უფრო იშვიათად იღებს ფილმს, ვიდრე სურვილი აქვს. მეც რამდენიმე იდეაზე და სცენარზე მუდმივად ვმუშაობ და პარალელურად მათი გადაღების გზებზე ვფიქრობ. გადაღებიდან გადაღებამდე დიდი დრო გადის, ამ პერიოდში ვცდილობ არ დავკარგო სურათებთან ურთიერთობის ჩვევა - ამაში ფოტოგრაფია მეხმარება, მუდმივად ვიღებ ფოტოებს და ეს ერთგვარი ვარჯიშია - როგორც ფეხბურთელი აგორავებს ყოველდღე ბურთს, ხანდახან სრულიად უმიზნოდ, უბრალოდ ბურთთან ახლოს ყოფნისთვის - ასე ვიღებ მეც ყოველდღე უამრავ ფოტოს. სწრაფად და სპონტანურად ფილმის გადაღება არასდროს დამიწყია. მე რაჭიდან ვარ და ჩვენ სხვაგვარად ვუდგებით საქმეს.



და ბოლოს, ფილმის სათაურზე - „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ მახსენდება აბას კიაროსტამის ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზა, რომლის საშუალებითაც რეჟისორი თითქოს მაყურებელს ეკითხება, ოდესმე თუ შეუხედავს ცისთვის გაღვიძების შემდეგ და თუ უფიქრია ამის მნიშვნელობაზე. თქვენც ამ სათაურით ადამიანებს აფიქრებთ  ხშირად დავიწყებულ და უმნიშვნელოდ დარჩენილ, თუმცა რეალურად ძალიან სასიამოვნო და საოცარ რამეზე  - ცის ყურებასა და იქ რაიმეს დანახვაზე. რა მაგია აქვს თავად თქვენთვის ცას და მისთვის ყურების პროცესს?

ამ ჟესტის ინტერპრეტაცია ბევრნაირად შეიძლება, ვფიქრობ, ყველას საკუთარი ცა აქვს და ვეცდები მკითხველს არ მივცე მიმართულება, თუ როგორ ჯობია, რომ იფიქროს.



ავტორი : ანი კლდიაშვილი