რაფ საიმონსი: “სიამაყე ინდივიდუალიზმშია”

ბელგიელი დიზაინერი რაფ საიმონსი ახალგაზრდულ კულტურას თავის შექმნილ ტანსაცმელში განასახიერებს. მისი კოლექციების თემატიკა მრავალმხრივ აღწერს მოზარდობის პერიოდს. შესაბამისად, მისი შთაგონების მთავარი წყარო ხელოვნების ის ნიმუშებია, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა ახალგაზრდობისას მოახდინეს. დიზაინერი ტანსაცმლის კონცეფციის შემუშავებისას უმეტესად იმ მუსიკას, ფილმებსა და მხატვრულ ნიმუშებს იყენებს, რომლებსაც მოზარდობის ასაკში გაეცნო. ახალგაზრდობის დროინდელმა გატაცებებმა დიდწილად განსაზღვრა  საიმონსის სტილის განვითარება. როგორც ვოგის ჟურნალი წერდა: “რაფ საიმონსის მიერ შექმნილი ყველა კოლექცია არის კოლექცია რაფ საიმონსის შესახებ”.






2018 წლის შემოდგომის ჩვენებაზე დიზაინერმა თავისი კოლექცია - “Youth in motion” წარადგინა. კოლექციის შთაგონებად მან 1980-იანი წლების ფილმი - “Christiane F. - Wir Kinder vom Bahnhof Zoo” დაასახელა. ფილმში მოქმედება ხდება ბერლინში, სადაც ცამეტი წლის გოგო სახლიდან გაიპარება და თანასკოლელთან ერთად ღამის კლუბში აღმოჩნდება. იქ პირველად გასინჯავს ნარკოტიკს. ფილმი მთავარი გმირისა და მისი თანატოლების ჰეროინზე დამოკიდებულებას აღწერს. მათ  ნარკოტიკის მოხმარების უფრო და უფრო მძაფრი სურვილი უჩნდებათ და ამისათვის ყველაფერზე მიდიან. გარდა ამ ფილმისა, Youth in Motion-ის კოლექცია საიმონსს კუკი მიულერისა და გლენ ობრაიენის პიესამ - “Drugs” - შთააგონა, რომელიც აგრეთვე საზოგადოებაში ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას ეხმაურება. “Drugs” დიდი ხანი “დაკარგულად”  ითვლებოდა, თუმცა 2016 წელს ის ხელახლა დაიბეჭდა. მისი ყდის ორი ვარიანტი: ნარინჯისფერი და ყვითელი არსებობს. დიზაინერმა ორივე ეს გამოცემა თავის კოლექციაში ჩართო და ყდის ორივე დიზაინი ტანსაცმელზე გამოსახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენების თემატიკა უმეტესად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ეხმიანება, საიმონსმა აღნიშნა, რომ კოლექციის მიზანი ნარკოტიკის რომანტიზება არ ყოფილა. მისი მთავარი მოტივი ისეთი კოლექციის შექმნა იყო, რომელიც ახალგაზრდობის ცხოვრების სტილს შეეხებოდა. სოციუმის მიერ ნარკოტიკული საშუალებების ტაბუდადებული თემა კი ახალგაზრდულ ცხოვრებას მიეკუთვნება. 






საიმონსის ჩვენებები ხშირად მისი ახალგაზრდობით შთაგონებული მუსიკითაცაა გაფორმებული. 2014 წლის შემოდგომის ჩვენებაზე მან წარადგინა კოლექცია, რომელზეც წლების განმავლობაში ხელოვან სტერლინგ რუბისთან ერთად მუშაობდა. ჩვენება  Pink Floyd-ის “Dark Side of the Moon”-ის ფონზე მიმდინარეობდა. 

ინტერვიუებში დიზაინერი არაერთხელ აღნიშნავდა იმასაც, რომ მისი “მუსიკალური გმირი” დეივიდ ბოუი იყო. შესაბამისად, ჩვენებებს მუსიკის ფონზე ხშირად მართავდა. 1999 წლის ჩვენების - “Kinetic Youth” დროს ბოუის “Life on Mars?”-ს გაიგონებდით, კელვინ კლაინის პირველი ჩვენების დასრულებისას კი მისი 1985 წლის ჰიტი “This is not America” ჟღერდა.






2001 წლის შემოდგომას დიზაინერმა ჩვენება “Riot Riot Riot” მოაწყო. ეს მოდაში დაბრუნება იყო  ერთწლიანი პაუზის შემდეგ. როგორც თავად ჰყვება: ვენაში ყოფნისას ძველმანების ბაზრობაზე მან რამდენიმე ახალგაზრდა დაინახა, რომლებსაც ტანსაცმლის ბევრი ფენა ეცვათ. სწორედ ეს გახდა მისი შთაგონება “Riot Riot Riot”-ისთვის, ვინაიდან ეს კოლექცია ტანსაცმლის რამდენიმე ფენით და დიდი ზომებითაა გამორჩეული. ვენის ბაზრობაზე დანახული ახალგაზრდების გარდა, საიმონსის ამ კოლექციაზე გავლენა მუსიკამაც მოახდინა. ტანსაცმელზე ჯგუფების - Sonic Youth-ის და Joy Division-ის კონცერტების ფლაიერები, ფილმის - Christiane F.-ის პოსტერები, ფოტოები და გამონათქვამების პატარა ნაჭრები  იყო მიკერებული.





საიმონსის 2018 წლის გაზაფხულის კოლექციაშიც კინემატოგრაფიისა და მუსიკის დიდი გავლენა კვლავაც იგრძნობა. პირველ რიგში, კოლექციის კონცეფცია ფილმს,  “Blade runner” ეხმიანება. აგრეთვე ტანსაცმელსა და ჩინურ ფარნებზე Joy Division-ისა და New Order-ის ალბომების გრაფიკული კონტურებია გამოსახული, რომლებიც დიზაინერმა პიტერ სავილმა შექმნა. ჩვენების შემდეგ ინტერვიუში საიმონსმა აღნიშნა, “ჩემი მთავარი მიზანია - კულტურათა შერწყმა, აქ აზიური და დასავლური კულტურები ერთიანდებიან”. 




გარდა იმისა, რომ საიმონსს მრავალ ხელოვანთან უმუშავია, თანამედროვე ხელოვნება არაა მისი შთაგონების ერთადერთი წყარო. თავის 2018 წლის შემოდგომის ჩვენებაზე მან პოდიუმი ყვავილებითა და ღვინის ბოთლებით გააფორმა, რაც რენესანსის მხატვრის, იან ბრეიგელის (უფროსის) ნამუშევრების შთაგონებითაა შექმნილი. 




საიმონსმა არაერთი კოლექციით დაამტკიცა, რომ მისი სტილი მუდამ ვითარდება. ის მრავალი სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშითაა შთაგონებული, რის გამოც ბევრ განსხვავებულ გემოვნებას აკმაყოფილებს. გარდა იმისა, რომ მან უდიდესი წვლილი შეიტანა მოდის ინდუსტრიაში, მისი მთავარი გზავნილი, თავისივე სიტყვებით, ინდივიდუალიზმით სიამაყეა.



ავტორი : მარიამ კალანდია