საინტერესო ქართული ნივთები თიბისი კონცეპტის კოლექციიდან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის კოლექციას, რომელიც საკულტო დიზაინობიექტებს, წიგნებს, სამოსსა და სხვა ძალიან საინტერესო კონცეპტუალურ ნივთებს აერთიანებს, ცოტა ხნის წინ ქართული ბრენდების და ქართველი ხელოვანების შექმნილი ნამუშევრებიც შეემატა. ქეთა ლომიძის მიერ შექმნილი სანათები, Chubika-ს სანთლები, Rosebud-ის წინდები, They Said Books-ის წიგნები და ჟურნალები ის ნივთებია, რომელთა საშუალებითაც მარჯანიშვილის 7-ში მისულ ნებისმიერ სტუმარს საშუალება ექნება საკუთარ ცხოვრების სტილს უფრო მეტი შთაგონება და ინტერესი შემატოს.

Loop-ის სანათები


ქეთა ლომიძის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სანათების შეძენა მომხმარებელს უკვე თიბისი კონცეპტის სივრცეში არსებულ მაღაზიაშიც შეუძლია. სხვადასხვა ტიპის  ძაფებისგან შექმნილი სანათების იდეა ავტორს პანდემიის დროს გაუჩნდა, ღია და მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი ეს დეკორაციული ობიექტები, რომლებიც ნებისმიერი ოთახის ინტერიერს მოუხდება, სურვილის მიხედვით შესაძლოა არა მხოლოდ დასადგამი სანათის, არამედ ჭაღის ფუნქციითაც გამოვიყენოთ.

Rosebud-ის წინდები


Rosebud, რომელიც უკვე დიდიხანია დახვეწილი დიზაინის წინდებს, მაისურებს და სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, ამჯერად მხატვარ სოფო გონგლიაშვილთან თანამშრომლობით ულამაზეს წინდებს გვთავაზობს. სოფო გონგლიაშვილის ნახატებით შექმნილ ამ ფერადი წინდების შეძენას კი ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისი კონცეპტის სივრცეში შეძლებთ.

Chubika-ს სანთლები


ყველასთვის კარგად ცნობილმა და საყვარელმა დიზაინერმა ნინო ჩუბინიშვილმა, იგივე Chubika-მ, ბოლო პერიოდში მის მიერ შექმნილი კონცეპტუალური ნივთებით ხელოვანის შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ ახლებური კუთხით დაგვანახვა.  "ქრობადი საგნები" - ასე ჰქვია Chubika-ს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ბოლო პროექტს, რომელშიც ხელოვანმა ფუნქციური საგნების - საპნებისა და სანთლების - სკულპტურები გააერთიანა. როგორც ხელოვანი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ იდეის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ხელოვნების ნიმუში ფუნქციურ, ყოველდღიურად მოხმარებად საგანს უკავშირდება, ნამუშევარსა და ნივთს შორის დამყარებული ეს კონცეპტუალური ბმა კი ძალიან საინტერესო სინთეზს ქმნის.

They Said Books-ის წიგნები და ინდი ჟურნალები


ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე კონცეპტუალური მაღაზია They Said Books ის ადგილია, სადაც კულტურის, ხელოვნებისა და ცხოვრების სტილის შესახებ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გარდა, საინტერესო ობიექტებს, სამოსს და სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს აღმოაჩენთ,  მყუდრო კაფეში კი Five Elephant-ის უგემრიელეს ყავასაც დააგემოვნებთ. თანამედროვე, ძალიან საინტერესო დიზაინის გარემო, რომელზეც ხელოვანმა ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა, თავის სივრცეში ისეთ ბეჭდურ გამოცემებს ინახავს, როგორებიცაა - I-D, Dazed and Confused Magazine, Another Magazine, Taschen, Abrams, The School of Life-ის, IDEA-ს და სხვა. They Said Books-ის კოლექციის რამდენიმე წიგნისა და ჟურნალის შეძენა მომხმარებელს თიბისი კონცეპტის სივრცეში მდებარე კონცეპტუალურ მაღაზიაშიც შეუძლია, სადაც ამ გამოცემებისთვის გამოყოფილ სპეციალურ სტენდზე ჟურნალ Another-ის, Walpaper-ის, System-ის ეგზემპლარებთან ერთად, ხელოვნების, მუსიკის, ფოტოგრაფიისა თუ დიზაინის შესახებ გამოცემულ არტ-წიგნებსაც შეხვდებით.



ავტორი : გვანცა ჩანადირი