სალომე ჯოხაძე - ჩემი ენა

როგორც არტისტი, გამუდმებით ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, „რა ჯგუფს მივეკუთვნები?“. ყველა შემოქმედს სჭირდება და აქვს იმის მოთხოვნილება, იპოვოს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც მსგავსი მისწრაფებები ან პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში არტისტების სიმცირის გამო  ეს უფრო რთული ხდება და გვიწევს ინტერნეტით სხვა ქვეყნებში ვეძებოთ თანამოაზრეები.

ხშირად ელემენტები, რომლებსაც ჩემს ნამუშევრებში ვიყენებდი, მეჩვენებოდა, რომ უფროსი არტისტებისთვის დასაცინი იყო. მე გააზრებულად ვიღებდი ინსპირაციას ანიმედან, მულტფილმებიდან, ვიდეოთამაშებიდან, რაც ხელოვნებისთვის ბევრს არასერიოზულად მიაჩნდა. თუმცა სერიოზული იყო ჩემთვის, რადგან ბავშვობიდან დღემდე ზუსტად ვიცი, რომ იმას შეიძლება დავუმეგობრდე, ვინც Nickelodeon-ის,  Cartoon Network-ის და  Jetix-ის ყურებაში გაიზარდა, ხოლო ვისთვისაც მხოლოდ „ტომი და ჯერია“ ანიმაცია, მასთან ცოტას თუ ვიპოვი საერთოს. ხშირად უფროსი არტისტებისგან მომისმენია, „იქნებ ფერწერის ნაცვლად ანიმაცია გეცადა“. ამ რჩევა-შენიშვნის გამო, მე თვითონაც კი გამიჩნდა უხერხული შეგრძნება, როცა ჩემს აზრს კაშკაშა დიდთვალებიანი გოგოების აღბეჭდვით გადმოვცემდი. რაღაც პერიოდი შევეგუე კიდეც, რომ ჩემი მიდგომა ხელოვნებისადმი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და ვცდილობდი შემეცვალა იგი. ვეჭიდებოდი ისეთ რამეს, რაც ჩემი არ იყო. მაქსიმალურად „ვასერიოზულებდი“ ნამუშევრებს.



გავიდა დრო და ინტერნეტის ხშირ მოხმარებასთან ერთად აღმოვაჩინე თაობა არტისტებისა, რომლებიც ჩემნაირ სიმბოლოებსა და ნიშნებს იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში. ნიშნების ერთობლიობა წარმოშობს ენას. ინტერნეტის შვილებმა კი ნამდვილად ახალი ენა შევქმენით. სიმბოლოები, რომლებსაც ყველანი ვიყენებდით, შორეული ბავშვობიდან დალექილია ჩვენს ქვეცნობიერში, ამიტომაც ახსნასაც არ საჭიროებენ. ასე აღმოვჩნდი იმ ერთობაში, რომლის წევრებსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე გვესმოდა ერთმანეთის, რადგან ჩვენს ნამუშევრებში ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად მეორდებოდა ხატ-სახეები, ფორმები, გამოსახვის საშუალებები.




ანიმეს მოყვარულთათვის მარტივია ნამუშევრებში დანახული კონკრეტული ტიპის აბჯრების, დიდი ხმლების და ამულეტების პირდაპირ Bersek-თან დაკავშირება. მაგრამ ისმება კითხვა - პლაგიატორები არიან თუ არა ეს არტისტები?




ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით მწვავედ დგას პლაგიატისა და ალუზიის გამიჯვნის საკითხი. მე მგონია, რომ ცალკეული იშვიათი შემთხვევების გარდა, რომლებიც პლაგიატად უნდა შეფასდეს, სიყვარული ხდება შთაგონების წყარო და იქმნება ინტერტექსტი, რომლისთვისაც ანიმე პრეცედენტული ტექსტია. მაგალითად, თანამედროვე დიგიტალურ ნამუშევრებში მომავლის გამოსახვას Akira-მდე მივყავართ. ამ ესთეტიკის კვალი არამხოლოდ დიგიტალურ ნამუშევრებში ჩანს, არამედ ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში.



12 წლისამ ვნახე მეინსტრიმარტისტთან ვიდეო Akira-ს სცენოგრაფიით, რამაც გამაოცა. მანამდე თუ ანიმეს სიყვარულის გამო მე და ჩემნაირებს სკოლის დერეფანში „ნარუტოებს“ გვეძახდნენ, ამის შემდეგ შეიძლება იგივე ხალხი ანიმეს მაყურებელი გამხდარიყო. დღეს დასავლურ პოპკულტურაში მომხმარებელთა რიცხვის გასაზრდელად ანიმეს ესთეტიკის გამოყენება მისი ჭეშმარიტი მოყვარულების სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ ამავე სივრცეში არსებობს Grimes-ი, მთავარი ელფების პრინცესა, თავისი ხმლებითა და მშვილდ-ისრებით, რომელიც ორგანულად ეხმიანება იმავე წყაროს. Grimes-იც სწორედ იმ ერთობის წევრია, რომელიც ზემოთ ვახსენე, ასევეა Oda Iselin-იც.



რა საერთო გვაქვს მე, Grimes-ს და Oda Iselin-ს?

ძალიან მარტივია - Sailor Moon-ი

მარტივია კავშირების დანახვა, თუ დიდხანს აკვირდები ამ სამყაროებს  და ეძებ შემაერთებელ ძაფებს. სკანდინავიელი  Oda Iselin-ი საკმაოდ ცნობილი მხატვარია. ბოლო დროს ჰიბრიდული ცხოველების შექმნაზე მუშაობს. აქამდე ყველა მისი ნამუშევრის გმირები მაგიური დიდთვალება გოგოები იყვნენ თავიანთი ფარული შესაძლებლობებით. და რა არის Sailor Moon-ი თუ არა ბერძენი ამორძალების თანამედროვე ვერსია, შექმნილი აღმოსავლეთში, რომლის ყურებაშიც გავიზარდეთ და ვისწავლეთ, რომ ფემინურობა არ გამორიცხავს სიძლიერეს. სწორედ ეს მოტივები გვაქვს სამივეს ჩვენს ნამუშევრებში. გრაიმსი თავისი დიდი უსაგისნაირი კიკინებით და ჯადოსნური იარაღებით. და მე ჩემი გოგო-პერსონაჟებით, რომლებსაც ტრანსფორმაციული ჯადოსნური ძალები აქვთ. ჩვენ ხელახლა ვწერთ იმ მითებს, რომლებსაც გვიკითხავდნენ. ტროპი, რომ გოგოებს ბრძოლა შეუძლიათ, ჩემს თაობაში უდავოდ Sailor moon-მა გააჩინა და მას მოჰყვა Power puff Girls-ი, W.i.t.c.h-ი და Totally spies-ი.




გვჭირდებოდა ძლიერი „გოგოური“ გოგო-გმირები, ფანტასტიკური სამყაროები, რომლებშიც სამართლიანობა იმარჯვებს უსამართლობაზე და ბუნებაც მთავარი განძია, რომელიც კაცობრიობამ უნდა დაიცვას. რაც უფრო მკაცრ რეალობას ვეჯახებით, მით მეტად მივმართავთ მითებს და ზღაპრებს. იმდენად  სასტიკი გახდა ცხოვრება, რომ მაქსიმალურად ირეალურ ენას მივმართავთ აზრის გადმოსაცემად, მაგრამ ამით რეალობას არ გავურბივართ. ვიყენებთ ჰიბრიდიზაციას და ახალი ტიპის არსებებს ვქმნით იმიტომ, რომ ნელ-ნელა ის ტრადიციული სამყარო, რომელიც მოგვაგებეს, როცა დავიბადეთ, ინგრევა ზუსტად ახლა. ამ ნგრევასთან ერთად კი ჩვენ ადაპტაციის ფორმით  ახალ ჟანრს ვქმნით ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გაცვლით და ჩნდება დომინანტური თემები, რომლებსაც ყველანი ჩვენებურად ვავითარებთ, რითაც ვიკვეთებით. ჩვენი ახალი მითები ჩვენი მსოფლხედვის ანარეკლია. მთელი ცხოვრება ავატარებს ამოფარებულები იმავე მიდგომას ვიყენებთ ფერწერაშიც და საკუთარ თავებს გარდავქმნით შერჩეულ სამყაროებში. როგორც, მაგალითად, მე, როდესაც საკუთარ თავს ელფის ყურებით გამოვხატავ იმის მისანიშნებლად, რომ ჩემმა რეალობამ მომთხოვა ზებუნებრივი ძალების შეძენა, რათა ვიყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც გაუმკლავდება არსებულ გაუგებრობას. ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ვარსებობთ  და ისეთივე წარმომადგენლები ვართ სახელოვნებო სივრცისა, როგორიც ნებისმიერი სხვა. თუ ვინმემ ჩვენი ენა არ იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს ან მას არა აქვს არსებობის უფლება.

2021 წლის დასაწყისში კუნსტჰალე თბილისმა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ ვორქშოპი სათაურით: „ახალი სტრატეგიები კრიტიკულ აზროვნებაში და ხელოვნებაზე წერა.” ვორქშოპს უძღვებოდნენ ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანი ლევან მინდიაშვილი და ლონდონელი ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ვია სკანგალე. ორთვიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ისეთ ბაზისურ კონცეფციებს, როგორებიცაა: პოსტიდენტობა, ინტერსექციონალიზმი და დეკოლონიზაცია. ამ პარამეტრების საფუძველზე და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით, კურსის მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები, მათი ესსეები, ერთგვარად, ქართული კრიტიკული ენის განახლების და კონცეპტუალური საფუძვლის შექმნის მცდელობაა. 



ავტორი : სალომე ჯოხაძე