სიურრეალისტური და მინიმალისტური ხელოვნება მასიმო კოლონასგან

თანამედროვე იტალიელი დიჯიტალ - არტისტის, მასიმო კოლონას მინიმალისტური და სიურრეალისტური ნამუშევრები მშვიდ, წარმოსახვით სამყაროში გვამოგზაურებს. ატმოსფეროში თითქოს დრო გაჩერდა და გარემო დიდებულმა სილამაზემ მოიცვა. ლირიკულ ნამუშევრებში შექმნილი მკრთალი შუქჩრდილებითა და ნაზი, პასტელური ტონალობებით, ვხვდებით ეგზოტიკურ ლანდშაფტებსა და ანტიკური ეპოქისთვის დამახასიათებელ ექსტერიერებს, რომლებშიც ვარდისფერი ფლამინგოები და მარმარილოს ქანდაკებები ბინადრობენ.




ხელოვანი იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში დაიბადა. ფოტო-სტუდიაში მუშაობის შემდეგ გაუჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიისადმი, თუმცა როცა 3D-ს გაეცნო, გადაწყვიტა, ამ სფეროში გამხდარიყო პროფესიონალი და 10-წლიანი მოღვაწეობის  შემდეგ საკუთარი სტუდიაც დააარსა. მასიმოს ნამუშევრებში სიურრეალისტური გარემოს შესაქმნელად 3D გეგმარება ეხმარება.


 

„ყველაფერი პერსონალური პროექტის, (No) Gravity-ის განხორციელების შემდეგ დაიწყო. მაინტერესებდა, რამდენად შევძლებდი თავად შემექმნა ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი შთაგონების წყარო, - ამბობს ხელოვანი. - არ ველოდი, რომ ავსტრალიის ერთ-ერთი ცნობილი ხელოვნების გალერეა დამიკავშირდებოდა და ნამუშევრების გაყიდვას შემომთავაზებდა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ყოველთვის ვცდილობ შევქმნა რაღაც საოცრად ლამაზი, რაღაც შთამაგონებელი...“


 

თავად შთაგონებას ფილმებში, ნახატებსა და რეალურ ადგილებში ეძებს. ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი აპენინის ნახევარკუნძულისთვის დამახასიათებელმა არქიტექტურამ და სტილმა განსაზღვრა მეტწილად ხელოვანის შემოქმედებითი მიმართულება.


 

სერიაში (No) Gravity მასიმომ ჰაერში მოლივლივე ნივთები ასახა. ბუშტებს, ქაღალდის თვითმფრინავებსა და პოლიეთილენის პარკებს ვხედავთ ჰარმონიული ტონალობებით შექმნილი არქიტექტურის ფონზე. 





ხელოვანის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევარი მისი Ambiguous სერიაა, რომელიც ოთხ ნამუშევარს აერთიანებს. სიურრეალისტური განწყობის მქონე ნამუშევრებში ხელოვანმა ანტიკურობისა და თანამედროვეობის ნაზავი წარმოგვიდგინა. მინიმალისტური გარემო და შუქჩრდილების ოსტატური თამაში მნახველს განსაკუთრებით ხიბლავს. "ნამუშევრები თბილი გარემოსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მზე მკვეთრ ხაზებს ავლებს, ჭრის რა თაღებითა და კედლებით გაყოფილ სივრცეს", ამბობს ხელოვანი სერიაზე.




პერსონალური ნამუშევრების გარდა, მასიმო სხვა ხელოვანებთანაც თანამშრომლობს. Პირველი კოლაბორაცია “Atelier Aveus” კრეატიულ ხელმძღვანელთან, მორგან რუსთან ერთად ჰქონდა. დიზაინის სახლისთვის ხელოვანმა ცნობილი გრაფიკოსის - მორის ეშერის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სიმეტრიულობა და სიზუსტე ინტერიერებში გადმოიტანა.



ავტორი : მარიამ ქორიძე