“ცნობიერი აგენტების პორტალი” - ინტერვიუ ხელოვან ქეთი კაპანაძესთან

გრაფიკა, ტექსტები, ეფემერული იდეები, რიცხვებთან ურთიერთობა - ეს ის ელემენტებია, რაც ხელოვან ქეთი კაპანაძის შემოქმედებას ახასიათებს და მისი გამომსახველობითი ენის სპეციფიკას განსაზღვრავს. ქართველი არტისტი, რომელიც საბჭოთა თბილისში დაიბადა, დღეს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ღირებულებების გამზიარებელ საზოგადოებაში მოღვაწეობს. ქეთი ერთ-ერთი პირველი ქართველი ხელოვანი ქალია, რომელმაც მუშაობა კონცეპტუალურ ხელოვნებაში დაიწყო, მისი შემოქმედება ისეთ მრავალფეროვან მედიუმებს მოიცავს, როგორებიცაა: ფოტოგრაფია, ობიექტი, ინსტალაცია, აქცია, პერფორმანსი. ცოტა ხნის წინ გალერეა ArtBeat-ში ქეთის ახალი პერსონალური გამოფენა - “ცნობიერი აგენტების პორტალი” გაიხსნა, რომელიც  ფიზიკურ რეალობაზე, ცნობიერებასა და მატერიალური სხეულებზე, სიტყვების შინაარსზეა ორიენტირებული. 





ქეთი, მოგვიყევით, როდის და როგორ აღმოაჩინეთ საკუთარი თავი ხელოვნებაში?


13 წლის ასაკში დედამ კერძო ხატვის კლასში მიმიყვანა, შემდეგ წელს ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ქანდაკების ფაკულტეტზე მოვხვდი. ამ ასაკში, სტუდენტობისას, ჩამომიყალიბდა  ის მნიშვნელოვანი მხარე,  რომ უკვე დიდი და დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩემმა მეგობარმა გია ეძგვერაძის კერძო კლასში მიმიყვანა და იმ წელს სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწორედ მაშინ, 1983 წელს, ლექციებს შორის დიდ შესვენებაზე სახლში მისულს, სურვილი გამიჩნდა, რაღაც ისეთი ნამუშევარი გამეკეთებინა, რაც მანამდე არ მიცდია. აკვარელის ფურცელზე შავი კვადრატი დავხატე… ალბათ ასეთი გრძნობა ჰქონდა იური გაგარინს, მისი რაკეტა მიწას რომ მოსწყდა და უცნობი მიზნის მიმართულებით გაფრინდა… ეს პროცესი შემიძლია ავტომატურ წერას შევადარო, სიურრეალისტები რომ იყენებდნენ. ვცდილობდი ისე დამეხატა, რომ არ მეფიქრა და ტექსტებსაც შემთხვევით გადაშლილი წიგნებიდან ვიწერდი. 




როგორი იყო მაშინდელი პოსტსაბჭოთა გარემო, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ქალი ცდილობდა მისი შეხედულებები და შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო?


ამ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, არამარტო საბჭოთა რეჟიმის გამო, სადაც ხელოვნებაში სხვა ფორმები, გარდა სოციალური რეალიზმისა აკრძალული იყო და არამარტო იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი -  ხელოვანი მამაკაცებისგან დომინირებულ გარემოში მიწევდა არსებობა. ეს ყველაფერი ხდებოდა პიროვნების იგნორირების გამოხატვით, რომ არა “პერესტროიკა” - ხანმოკლე წვიმა პარტიარქალურ ცნობიერებაში.




ერთ-ერთი პირველი ქართველი  ხელოვანი  ქალი ხართ, რომელმაც მუშაობა კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში დაიწყო - რას ნიშავს თქვენთვის ფოტოგრაფია, როგორც მედიუმი?


საკუთარ თავზე არ ვიტყოდი, რომ ფოტოგრაფი ვარ. ფოტოს ხარისხს არასდროს ვუყურებ, შეიძლება ნეგატივი დაკაწრულიც კი იყოს და ფოტოებსაც დაძველებულ ფურცლებზე ვამჟღავნებ. ფოტოგრაფიას ვიყენებ მაშინ, როდესაც კონკრეტულ თემაზე მსურს ვისაუბრო და ერთგვარ დოკუმენტად ვაქციო ისე, რომ მონათხრობი არ გახდეს ლიტერატურა. ვაჩვენო ფუნქციას მოწყვეტილი რეალობა და რეალობა ფუნქციის გარეშე.





რა არის თქვენი შემოქმედებითი მუხტის ყველაზე დიდი წყარო?


ალბათ ბანალურად ჟღერს, რადგან არ ვარ ერთადერთი, რომელიც კითხვას სვამს, თუ რატომ არის ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც არის. რატომ არის შესაძლებელი რიცხვების და მათემატიკური ფორმულების გამოყენებით რაღაცების გამოთვლა, მათი დახმარებით ჩვენი რეალობის გამოანგარიშება, რაც შემდეგ ჩვენს განზომილებაში ფუნქციონირებს. ძალიან ცოტა ვიცით იმაზე, თუ როგორია სამყარო სინამდვილეში.





ტექსტ-ობიექტები თქვენი გამომსახველობითი ენის სპეციფიკის ნაწილია - რა დატვირთვა აქვთ მათ თქვენთვის? 


გარდა იმისა, რომ სიტყვები ჩემთვის ობიექტებია და ერთმნიშვნელოვნად ის წერია, რაც იკითხება, მათი გამოყენება არის ჟესტი, ის აჩენს დისტანციას ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მისგან განთავისუფლებული ამცირებს მანძილს მის გაგებასთან. თითოეულ სიტყვას აქვს საკუთარი გრაფიკული სახე, ინდივიდუალური ტანი. ინგლისურ ტექსტს იმთავითვე ვიყენებ, ის ჩემთვის ერთგვარი ნეიტრალური ენაა, არაა დატვირთული  იზმებით და კლიშეებით. ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ ტექსტი არასდროს კარგავს რელევანტურობას და თან წინასწარ არასდროს იცი, როდის რომელ ჩანაწერს მიუბრუნდები. 





Harmonic Enterprise - ასე ჰქვია თქვენს 2016-2018 წლის შავ-თეთრ ფოტოსერიას. რა იყო ამ სერიის იდეა?


ეს ნამუშევარი 8 წუთის იდეასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, რომელიც სწორედ ის დროა, რაც მზის სხივს დედამიწამდე მოღწევაში სჭირდება. ამ 8 წუთის განმავლობაში ოთახის სივრცე და მასში მოთავსებული საგნები ჩემთვის ქანდაკების ნაწილად იქცა და მას ახლებურად, ახალ ინსტალაციად ვაწყობდი. ეს მომენტი ჩემთვის აქციაა, რომელიც პერფორმანსისგან განსხვავებით მხოლოდ ერთხელ სრულდება და არ არის დაგეგმილი. 




თქვენს ნამუშევრებში ხშირად ჩნდება რიცხვები. რა მნიშვნელობა აქვთ მათ თქვენთვის და თქვენი შემოქმედებისთვის?


Erotic of Numbers (1990) - ჩემი პირველი ნამუშევარია, სადაც რიცხვები სიტყვებამდე გამოვიყენე. ეს ნამუშევარი NADA Miami 2019 წლის ხელოვნების ბაზრობაზე გალერეა ArtBeat-მა მხატვარ თამო ჯუღელის ნამუშევრებთან ერთად წარმოადგინა, რასაც თან ერთვოდა ჩემი კედლის ინსტალაციაც. ინსტალაციის ნაწილი იყო დაშლილი მაგიდები და ნიკელის ტექსტები, რომელშიც მაგიდებმა, ისევე როგორც რიცხვებმა, ახალი მნიშვნელობა შეიძინეს, რადგან მათ ადგილი და როლი შევუცვალე. როდესაც ამა თუ იმ საგანს თავის ფუნქციას აცლი, რჩება მხოლოდ იდეა ან ფორმა. სწორედ ამ მხრივაა რიცხვები საინტერესო  ჩემთვის.





თქვენი ნამუშევრები რაღაც მხრივ სოციალურ და პოლიტიკურ თემებსაც ეხება. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ან უნდა იყოს ხელოვნება ამ თემების განმცხადებელი? 


ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ  ნამუშევრები კონკრეტული პოლიტიკური თუ სოციალური გზავნილების მატარებელი ყოფილიყო, რადგან ის არ არის პროპაგანდა ან კრიტიკა, პირიქით, ისინი ხუმრობის ტონით ნათქვამი აზრებია. 2017-2018 წლის სერიაში - „როგორც ლენინი ამბობდა“ და რომელიც  აქციის ფორმით  განხორციელდა, ისეთი გამონათქვამები  გამოვიყენე, რომელიც  არ საუბრობს პოლიტიკაზე. ეს ტექსტები ცნობიერების, ფიზიკური რეალობისა და ამ რეალობაში არსებული მატერიალური სხეულების ურთიერთდამოკიდებულებას ეხება და იუმორისტული მაშინ ხდება, როდესაც მის კონტექსტსა და უკან მდგომ ადამიანს ვიხსენებთ. ხშირად მთავარი ისაა, თუ ვინ და როდის იძახის რაიმე ფრაზას. ვფიქრობ, რომ ხელოვანს ავტომატურად აქვს პოლიტიკური პოზიცია, თუკი ის უბრალოდ არ მიჰყვება მეინსტრიმს. 





“ცნობიერი აგენტების პორტალი” - ასე ჰქვია თქვენს მიმდინარე პერსონალურ გამოფენას, რომელიც გალერეა ArtBeat-შია წარმოდგენილი. უფრო ვრცლად მოგვიყევით, რა ამბავი იმალება ამ გამოფენის მიღმა… 


გამოფენის სათაური ალუმინის გრძელი ინსტალაციიდან ამოდის - „თავისუფალ ნებას აქვს ბიოლოგიური შეზღუდვა, რაც უფრო მეტს ვიყენებთ მას, მით უფრო რთულდება მისი ხელახლა გამოყენება“. სიტყვები  ფაქტობრივად ნიშნებია, ready made-ები, აგენტები, რომლებიც სულ ჩვენ გარშემოა.   ერთ-ერთ ელინურ მითში მეფე მიდასი დიონისეს სთხოვს, აუსრულოს სურვილი და ამიერიდან რასაც შეეხება, ყველაფერი ოქროდ იქცეს. ჩემი აზრით, ასე შეგვიძლია გავიგოთ ეს იდეა თეორიულ ფიზიკაში, რომელიც გვთავაზობს სამყაროს ისეთ ფორმას, რომელშიც ადამიანი თვითონ ქმნის თავის რეალობას, რადგან რეალობა სწორედ იმ მომენტში იწყებს არსებობს, როცა მას შეხედავ. გამოფენაზე ნაჩვენები ორი ინსტალაცია სვამს კითხვას ფიზიკური სამყაროს სინამდვილეზე, სხვა რეალობის არსებობაზე, რომელიც ჩვენი ტვინის მოდელირებისგან განსხვავებულია და ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ.




2018 წელსაც გაიმართა  ამავე სივრცეში თქვენი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “დროშები ჩქარა!”. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა თქვენში ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავისა და შემოქმედების აღქმა?


2018 წლის გამოფენა სხვადასხვა მედიაში შესრულებულ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნამუშევრებს მოიცავდა. ახალი გამოფენა მინდოდა უფრო შეკრული და მარტივი ყოფილიყო. ამ სივრცეზე მორგებული, მინიმალისტური, თუმცა, ამავდროულად, დამაფიქრებელი. განსხვავებაც სწორედ იმ მიდგომაშია, რომ “ციფრული აგენტების პორტალი” ერთ მთლიან ინსტალაციად იკვრება. 




როგორ ფიქრობთ, დღეს როგორ შეიცვალა ქართული თანამედროვე ხელოვნება? 


დღეს მეტი თავისუფლებაა და ყველას შეუძლია ისე იმუშაოს, როგორც თავად სურს. თუმცა ამ თავისუფლების ფონზე თუ მხატვარს თავისი უკომპრომისო პოზიცია არ გააჩნია, სხვისგან ვერ გამოარჩევ. რატომღაც ყველა მოელის იმას, რომ ნებისმიერი ნამუშევარი გასაგები იყოს, თუმცა სხვა დარგების მიმართ ამის მოთხოვნა არ არის. ამისთვის არსებობენ გალერეები და კრიტიკოსები, მუზეუმები და ინსტიტუციები, რომ გაჩნდეს ნდობა და ინტერესი თანამედროვე მხატვრობის მიმართ, რადგან დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნება არ არის მოწყვეტილი საერთო სივრცეს და ძალიან ბევრი და კარგი მხატვარია საქართველოში. 




რას ნიშნავს შენთვის შემოქმედებითი თავისუფლება? 


შემოქმედება და თავისუფლება ჩემთვის ერთი და იმავე მნიშვნელობისაა.  




ყველაზე მეტად რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში?


დედაჩემი მსახიობია და უნდოდა მხატვარი გავმხდარიყავი, რათა ჩემი შემოქმედებითი პროცესი არ ყოფილიყო დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. მგონია, რომ სწორი აზრია, თუმცა აბსოლუტურად ყველაფრისგან დამოუკიდებელი ვერ იქნები, რადგან შემოქმედება დაპროგრამირებულია გაზიარებაზე. თუმცა მხატვარი ძირითადად მაინც თავისი გადაწყვეტილებების უკან დგას, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს.




ამჟამად რაზე მუშაობთ? 


განხორციელებულ გამოფენას ყოველთვის შემდეგი ნამუშევრისკენ მიჰყავხარ. ამჟამად ცნობიერების თემაზე მინდა ვიმუშაო, ძველი ჩანაწერებიც აღმოვაჩინე, სადაც სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობ. გამოფენა ბონში, გალერეა Gisela Clement-შია დაგეგმილი, რომლისთვისაც ახლა ვემზადები. ძალიან საინტერესო, დიდი სივრცეა და გონებაში უკვე წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება ამ სივრცის ახლებურად ათვისება და შეცვლა. ეს სივრცეში წარმოდგენები კიდევ უფრო მეხმარება, რადგან დროთა განმავლობაში რაღაც იდეები  იფილტრება, როგორც საცერში. სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ კონკრეტული იდეის განხორციელება და მის გარშემო ნამუშევრის შექმნა ნამდვილად ღირს



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე