10 ნამუშევარი საზაფხულო განწყობის შესაქმნელად

ზაფხული, როგორც დასვენების, სიახლეებისა და მხიარულების დრო ხშირად ხდება არტისტების შთაგონების წყარო. ამ სეზონს აქვს რაღაც მომხიბვლელი უდარდელობა, რომლის გამოხატვასაც ხელოვანები ცდილობენ მზით გაჯერებულ პეიზაჟებში, პორტრეტებში თუ ისეთ ნამუშევრებში, რომლებიც ზაფხულის განწყობასთან ერთად სხვადასხვა სოციალურ საკითხს წარმოაჩენენ.

 

უეინ ტიბო, “სამი კონუსი”, 1964


უეინ ტიბოს მთელი შემოქმედება თავისუფლად შეიძლება აღვიქვათ ცხელი ზაფხულის ერთ ხალისიან დღედ,  რომელიც ნაყინით, ნამცხვრებითა და სათამაშო ავტომატებითაა გაჯერებული. “სამი კონუსი” იდეალურად გამოხატავს ერთი ჩვეულებრივი ცხელი დღის განწყობას, როდესაც ადამიანს ყველაფერი მარტივი და უპრობლემო გეჩვენება.

 

ჟორჟ სერა, “შუადღე გრან ჟატის კუნძულზე კვირადღეს”, 1884-86


ჟორჟ სერას ნახატი მაშინდელი სამყაროს განსხვავებული სოციალური კლასების ერთ ჩვეულებრივ კვირადღეს გვიჩვენებს. ნახატი ცნობილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ჰარმონიას გადმოსცემს, არამედ სერას ტექნიკის გამოც, “შუადღე გრან ჟატის კუნძულზე კვირადღეს” პუანტილიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია და იდეალურად გადმოსცემს, თუ როგორი გავლენა აქვს ზაფხულს ადამიანებზე. 

 

ედვარდ ჰოპერი, “ფსკერის ტალღა”, 1911


ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის შემოქმედება ძირითადად მელანქოლიურობითა და მარტოობის განცდითაა ცნობილი, თუმცა მისი ადრეული ნამუშევრები სრულიად განსხვავებული სტილის იყო, მხატვრისთვის შთაგონების წყარო ხშირად ხდებოდა ოკენე და კეიპ-კოდი, სადაც ის დიდ დროს ატარებდა, “ფსკერის ტალღა” სწორედ ამ პერიოდის ნამუშევართაგანია, რომელიც მოახლოებულ ცუდ ამინდსა და თავგადასავალს გამოხატავს.

 

დეივიდ ჰოკნი, “არტისტის პორტრეტი”, 1972


გვიან 60-იან წლებში ბრიტანელი მხატვარი ლოს ანჯელესში ჩავიდა, მას მაშინვე შეუყვარდა მზიანი, ოპტიმიზმით აღსავსე ქალაქი და კალიფორნიის შტატი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - “არტისტის პორტრეტი” გამოხატავს კალიფორნიისთვის ჩვეულებრივ დღეს ორ ადამიანს კერძო აუზთან. საინტერესოა, რომ ნისლიანი ბრიტანეთიდან კალიფორნიაში ჩასული ჰოკნისთვის სწორედ აუზები იქცა შთაგონების მთავარ წყაროდ და თავქარიანობის, სექსუალური თავისუფლებისა და ცხოვრებით ტკბობის სიმბოლოდ.

 

რენე ბური, “საჯინიბო და აუზი”, 1976


აუზი მექსიელი მინიმალისტი ლუი ბარაგანის შთაგონების წყაროც იყო, 60-70-იან წლებში არქიტექტორს მაგნუმის ფოტოგრაფი ლუი ბური რამდენიმეჯერ ესტუმრა და არაერთხელ გადაიღო მისი გეომეტრიული არქიტექტურული ნამუშევრები, “საჯინიბო და აუზი” ზუსტად გამოხატავს ბარაგანის არქიტექტურის არსსა და იმ ჰარმონიას, რომელსაც არქიტექტორი ფერებისა და ფორმების სინთეზით ქმნიდა.

 

პაბლო პიკასო, აუზი, 1961


1961 წელს პიკასომ ესპანეთში ფლამენკოს მოცეკვავე ანტონიო რუიზ სოლერის აუზის ფსკერი მოხატა, პრიმიტივისტული სტილით შექმნილი ნამუშევარი გამოხატავს ადამიანს, რომელიც წყალში ცერს ყოფს, ნამუშევარს გამოარჩევს მოცეკვავისადმი მიძღვნა და პიკასოს ხელმოწერა, რასაც მხატვარი ხშირად ნახატებზეც კი არ ტოვებდა. 

 

ჟორჟ ბრაკი, აუზი, 1963 


პიკასო ერთადერთი კუბისტი მხატვარი არ იყო, ვისაც აუზის დიზაინზე უმუშავია, აუზი შექმნა ჟორჟ ბრაკმაც, რომლის ნახვაც სამხრეთ საფრანგეთში მდებარე მუზეუმსა და სკულპტურების პარკ Fondation Maehgt-შია შესაძლებელი. აუზის ფსკერზე გვხვდება მოზაიკისგან შექმნილი ფირუზისფერი თევზები, რომლებიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნიან და წყლის მოძრაობასთან ერთად თითქოს მოძრაობენ.

 

მარტინ პარი, “უკანასკნელი კურორტი”, 1983


მარტინ პარის “უკანასკნელი კურორტი” მისი სერიიდან ერთ-ერთი ნამუშევარია, ფოტოები წარმოდგენას ქმნის, თუ როგორ ისვენებს მუშათა კლასი 80-იანი წლების ბირმინგემში, ნამუშევრები სრულიად დაცლილია რომანტიზმისგან, ფოტოგრაფი მკვეთრი ფერებისა და ირონიის გამოყენებით გვიჩვენებს თანამედროვე სამყაროს უთანასწორობას. 

 

შიემა სალვანსი, “იდეალური დღე #30”, 2020


შიემა სალვანსის თხრობის ძირითადი ენა ირონიაა, არტისტი უკანასკნელი 15 წელია სტუმრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, თუმცა ნაცვლად ტრადიციული მზიანი პეიზაჟებისა, აღბეჭდავს სახლებს, მაღაზიებსა და ინდუსტრიულ ნაგებობებს, რომელთა ფონზეც ადამიანები ძალიან უმნიშვნელოები ჩანან, რაც ფოტოებს დისტოპიურ შესახედაობას სძენს.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Fondation Marguerite, Txema Salvans, Magnum Photos, Elephant Art, Exhibart Street, The Guardian, Artsy, Gallery Intell, Artnet