10 ყველაზე ესთეტიკური საშინელებათა ფილმი

ალბათ ერთხელ მაინც ყველას ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა ნახევრად მძინარეს საძინებელში ადამიანის სილუეტი მოელანდა, ან თითქოს რაღაც ხმა მოესმა ტყეში, არაფერ აქამდე ნაცნობს რომ არ ჰგავდა. ბავშვობაშიც, და შემდეგ უკვე ზრდასრულობაშიც, ხშირად გვიგრძნია მსგავსი წამიერი შიში ან უხერხულობა. სწორედ ამ განცდას ეყრდნობა “ჰორორის” ჟანრის ხელოვნება, რომელიც ცდილობს შიში ან უსიამოვნო შეგრძნებები აღძრას ადამიანში. 2000-იანებში “პარანორმალურმა აქტივობამ” და Conjuring სერიებმა ჟანრს ახალი სული შთაბერეს. მას შემდეგ ჰორორი ძალიან მრავალფეროვან პალიტრად იქცა ისტორიის გადმოსაცემად. საშინელებათა ჟანრი მხოლოდ ჩაბნელებულ ფერებთან და მონსტრის გამოხტომასთან აღარ ასოცირდება. 

თითქმის ყველა კარგ ჰორორში “ვიზუალი” ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფილმში გამოყენებული არქიტექტურა, ინტერიერის და პერსონაჟების გარეგნობა ქმნის დიდწილად საშიშ ან უსიამოვნო გარემოს. “საშიში” ამ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინცდამაინც ისეთ რაღაცას, რაც პირდაპირი გაგებით გვაშინებს. 

ამ სტატიაში მოგითხრობთ რამდენიმე ფილმის შესახებ, რომლებიც ძალიან კარგად გადმოსცემს ჟანრის ესენციას. 


Midsommar

 

ეს რეჟისორი არი ასტერის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც Hereditary-ის შემდეგ გამოვიდა. ამჯერად ბნელი ფერების და ჩაბნელებული კორიდორების ნაცვლად, ასტერი შვედეთის ულამაზეს ბუნებას გვიხატავს, სადაც კომუნაში მცხოვრები ადამიანები ერთი შეხედვით უდარდელად და ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა, ცხადია, თავიდანვეა მინიშნებები, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ არის. ნათელი ფერების მიუხედავად, ფილმი საკმაოდ დამთრგუნველ ისტორიას მოგვითხრობს სიყვარულზე, სიკვდილსა და ბედთან შეგუებაზე. 

 

 

Suspiria 1977 & 2018

 

სუსპირია (1977) იტალიელი რეჟისორის, დარიო არჯენტოს კრიტიკულად აღიარებული ფილმია, რომელიც პრესტიჟულ ბალეტის სკოლაში ჩარიცხული ამერიკელი სტუდენტის შესახებ მოგვითხრობს. 

სუსპირია (2018) მსგავს სცენარს მისდევს, თუმცა, ცხადია, ამ ორს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ფილმი ლუკა გუადანინომ გადაიღო, ხოლო მუსიკა ამჯერად თომ იორკმა დაწერა, რომელიც ფანტასტიკურად ერწყმის ფილმის როგორც ესთეტიკას, ისე  შინაარსს.

ორივე ფილმის მთავარი ხიბლი, ვფიქრობ ის ფანტასტიკურად დახატული სამყაროა, რომელიც ბოლომდე გვითრევს და ჩვენს ყურადღებას მოითხოვს. 


Lamb

 

ვალდიმარ იოჰანსონის ეს ფილმი A24 სტუდიამ გამოუშვა. ფილმი მოგვითხრობს ცოლ-ქმრის შესახებ, რომელმაც ცხვრის და ადამიანის ჰიბრიდი ბავშვი იშვილა. მოქმედება ისლანდიაში ხდება, რაც ნიშნავს, რომ ფილმი რომც არ მოგეწონოთ, კინემატოგრაფიით მაინც მოიხიბლებით. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გაჯერებულია ძალიან ნელი სცენებით და მოქმედებაც საკმაოდ ნელა ვითარდება, მუდმივად იგრძნობა დაძაბულობა, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ცხვარ-ადამიანია. 


Coraline

 

ეს მულტფილმი Laika Studio-მ გამოუშვა, რომელიც ცნობილია თავისი stop-motion ანიმაციით და დეტალებისადმი ყურადღებით. სცენარი კომიქსების და სამეცნიერო ფანტასტიკის ლეგენდარული ავტორის, ნილ გეიმანის ნოველას ეყრდნობა და მოგვითხრობს გოგოს, კორალაინის შესახებ, რომელიც მშობლებთან ერთად მიყრუებულ ქალაქში გადავა საცხოვრებლად. 

კორალაინი საბავშვო ჰორორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. გარემოს იდუმალება და ფანტასტიკური დიზაინი, სცენარს ხორცს ასხამს და მაყურებელი უცნაური თავგადასავლის მომსწრე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი პირველ რიგში ბავშვებისთვისაა, ბნელი ფოლკლორული თემატიკა და სიუჟეტი ყველა ასაკის ადამიანისთვის ჩამთრევია. 


The Witch

 

ეს A24-ის ბოლო ფილმია, რომელსაც ამ სტატიაში ვახსენებ. თუმცა, რომ არა ეს სტუდია, შესაძლოა როჯერ ეგერსის გასაოცარი ნამუშევრები ვერ გვეხილა. The Witch ამერიკის კონტინენტზე ახლად დასახლებული ინგლისელი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სულ უფრო პირქუში მოვლენების წინაშე დგება. 

ანა-ტეილორ ჯოი ბრწყინავს მთავარ როლში. მისი შესრულება განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მსახიობის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო. 

ფილმი სავსეა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, რაც ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია. მსახიობებიც იდეალურად არიან შერჩეული როლებისთვის. ამასთანავე, კინემატოგრაფია ფილმში დიდ როლს თამაშობს. დაძაბული მოქმედების შემდეგ, დრამატული გაყინული კადრები გვხდება, რაც სცენარს მეტ ეფექტურობას მატებს. 

 

 

Neon Demon

 

ნიკოლას ვინდინ რეფნის ეს ფსიქოლოგიური ჰორორი სიაში ალბათ ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავია, რაც  Drive-ის და Only God Forgives-ის შემქმნელისგან გასაკვირი არ უნდა იყოს. მთავარ როლში ელ ფენინგია, რომელიც ფილმში ახალგაზრდა მოდელის როლს ასრულებს. 

სიუჟეტზე ბევრს არაფერს ვიტყვი და მკითხველს ვურჩევ ეს ფილმი ტრეილერის და დამატებითი ინფორმაციის გარეშე ნახოს, რადგან ვიზუალითაც კი შეიძლება “დასპოილერება”. თუ Drive-ის პირქუში ფერები და კონტრასტული ნეონის განათებები მოგეწონათ, ეს ფილმიც აუცილებლად მოგხიბლავთ. 


Memories of Murder

 

ბონგ ჯუნ-ჰოს ეს ნამუშევარი ნაწილობრივ რეალურ მოვლენებს ეყრდნობა,  კერძოდ კი პირველი კორეელი სერიული მკვლელის ძიების ისტორიას მოგვითხრობს. ფილმს ხშირად ფინჩერის Zodiac-ს ადარებენ, თუმცა ზედაპირული მსგავსებების გარდა ამ ორს საერთო ბევრი არაფერი აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმს უფრო ხშირად ტრილერის ჟანრს მიაკუთვნებენ, მთავარი პერსონაჟის უძლურება და პარანოია, ვფიქრობ, მას ერთგვარ ჰორორად აქცევს. სცენები და სეტ-დიზაინიც გაჯერებულია ჰორორის ელემენტებით. 


The Shining 

 

ცხადია, არცერთი ჰორორ ფილმების სია არ იქნებოდა სრული სტივენ კინგის გარეშე, რომლის ნოველასაც ეყრდნობა კუბრიკის ეს კლასიკური ნამუშევარი. 

ფილმში არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მაყურებელს თავიდანვე უქმნის განწყობას, რომ ოჯახის ერთი შეხედვით კომფორტული მოგზაურობა მალე სრულ ქაოსად გადაიქცევა. 


Annihilation

 

ალექს გარლანდის ეს ფილმი, იგივე სახელის შესანიშნავ რომანს ეფუძნება. ნატალი პორტმანი ლენას როლში მეცნიერებთან ერთად  უცნაური “ნათების” გამოსაკვლევად მიემგზავრება. “ნათება” პირველად მეტეორის ჩამოვარდნამ შექმნა, რომლის რადიუსიც მუდმივად ფართოვდება, გზად კი ყველაფრის მუტაციას იწვევს. 

ფილმი ვიზუალურად თვალწარმტაცია, მუტირებული ფლორა და ფაუნა კი საკმაოდ საინტერესო სანახავია. უნდა აღინიშნოს ფილმის მუსიკალური გაფორმება, რომლის დახმარებითაც მაყურებელი სულ დაძაბულია. 

ვფიქრობ, Annihilation ეგრეთ წოდებული “კოსმოსური ჰორორის” ჟანრის ერთადერთი კარგი ფილმია, სადაც შიშს პერსონაჟებში და მაყურებელში ჰორორის ზებუნებრივი, ენითაუწერელი ბუნება ბადებს. 


Nope

 

კომიკოსი ჯორდან პილი ძალიან კარგი რეჟისორი რომაა, ეს Get Out-ის მაგალითზეც ცხადია. პილის ხელწერა კომედიის და ჰორორის შერწყმის ფანტასტიკური უნარია და მისი ბოლო ფილმი - Nope ამის ძალიან კარგი დემონსტრაციაა. 

ზოგადად ჰორორი კომიკური ჟანრია, იმიტომ რომ ჰორორ ისტორიის მიზანი მაყურებლის შეშინებაა. შიში კი ხალხისთვის სასაცილოა, რასაც YouTube-ზე უამრავი “prank” ვიდეო მოწმობს. Nope ძალიან კარგად ახერხებს ჟანრის კომიკურობის ჩვენებას ოღონდ ისე, რომ ფილმის სიუჟეტს მაინც სერიოზულად აღვიქვამთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ Nope-ში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟის დიზაინია. მთავარი ანტაგონისტი, რომლის ვინაობასაც არ გავცემ, უნიკალურია და მისი მსგავსი კინოს ისტორიაში არაფერი გვინახავს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე