აღდგომა - სიახლისა და იმედის დღესასწაული

ალბათ არ არსებობს  სხვა  დღე, რომელიც ადამიანში სიახლის იმხელა მოლოდინსა და იმედს აღძრავდეს, რამხელასაც გაზაფხულის სავსემთვარეობის შემდეგ დამდგარი პირველივე კვირა დღე. დღე, როცა სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტე თავისი აღდგომით კაცობრიობას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. ქრისტიანულმა სამყარომ, რომლის წიაღშიც ეს დღესასწაული აღინიშნება, კარგად იცის, რომ აღდგომა ქრისტეს უბრალოდ მკვდრეთით აღდგომას ან მისი პირვანდელი სახით გაცოცხლებას არ ნიშნავს, მით უმეტეს კარგად იცის ისიც, რომ ეს ამბავი თავისი მნიშვნელობით არც ბიბლიაში მოთხრობილი ქვრივის ვაჟის, არც სინაგოგის მთავრის ქალიშვილის  და არც ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ამბავს არ ჰგავს. ქრისტეს აღდგომით თავისთავად ყველა ადამიანში დაძლეული  სიკვდილი სიცოცხლის ახალი ენერგიით განახლებას ნიშნავს, მთავარი ტრაგედიის ამგვარი დასასრული კი თავისი არსით იმაზე დიდ მნიშვნელობას და სიხარულს ატარებს, ვიდრე ადამიანის პირვანდელი დაბადება. ვიცით ისიც, რომ ამ სიხარულს საკმაოდ დიდი ფიზიკური ტკივილი და სულიერი სევდაც ახლავს, ქრისტეს მიერ განვლილ ამ მძიმე დღეებს ადამიანები ახალი სიცოცხლისთვის  ყოველწლიურად იმეორებენ და სხვადასხვა სიმბოლოებით ფეხდაფეხ მიჰყვებიან. პარასკევს წითლად შეღებილი კვერცხი და დღესასწაულის მეორე მთავარი  სიმბოლო - პასქა, სწორედ ამ სევდანარევი სიხარულის დადგომის მთავარი მანიშნებელია.


სცენა, რომელსაც მაკა ბატიაშვილის ამ ნამუშევარზე ხედავთ, წითელი პარასკევის  განუყოფელი ნაწილია, ქრისტეს ჯვარცმის დღეს ყველა ოჯახში წითლად შეღებილი კვერცხი კი ადამიანებისთვის დაღვრილი სისხლის მთავარი სიმბოლო.


მაკა ბატიაშვილი: ჩემთვის აღდგომა  სიცოცხლის განცდაა, როცა  მაცხოვარი სიკვდილით უფრო გაცოცხლდა. ეს არის გამძაფრებული არსებობის შეგრძნება და აღმაფრენის მომენტი, როდესაც შემიძლია გონებით დავინახო და ინტუიციით ვიგრძნო ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. სიმბოლოები და ტრადიციები, რაც ამ დღესასწაულმა მოიტანა,  რელიგიის მიმართ თითქმის ყველანაირი დამოკიდებულების ადამიანმა გაითავისა. ჩემთვის ყველაზე ფერწერული კვერცხების შეღებვაა. ამიტომ მომწონს ამ პროცესის ნახატში  ჩვეულებრივ, ყოფით ასპექტში აღწერა. ჩემთვის საინტერესო იყო ამ დღეს სხვა ქვეყნებში მოხვედრა, სადაც ენდრო არ გვქონდა და სხვადასხვა საშუალებებით, ჭარხლით ან სხვა რაიმე წითელი პროდუქტით  ვცდილობდით კვერცხისთვის წითელი ფერი მიგვეცა. დაუვიწყარი იყო ამ დღეს იერუსალიმში ყოფნაც, სადაც მთელი მსოფლიოდან საგანგებოდ  ჩამოსული ადამიანები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებოდნენ, ზოგი ჩუმად და ზოგიც ყვირილით. ამგვარი მოლოდინი არასდროს არსად  მინახავს. ეს დღესასწაული  ჩემთვის სევდანარევი და აუხსნელი სიხარულია.



მაკა ბატიაშვილის მსგავსად აღდგომის მომასწავლებელი სიმბოლური ნიშნები შთაგონება Ceramic Studio 1300-სა და Identity Candle-სთვისაც გახდა. თიხაში გადმოტანილი და სანთლის ფორმით წარმოდგენილი დღესასწაულის მთავარი ელემენტები ამ ადამიანებისთვის აღდგომის  აღნიშვნის ტრადიციას უფრო მეტ სილამაზეს და მშვენიერებას სძენს.


ირინე ჯიბუტი (Ceramic Studio 1300): "ძალიან მიყვარს აღდგომა, ჩემთვის იმედის და ახალის დასაწყისის მნიშვნელობა აქვს, ამ ჯადოსნურ შეგრძნებას კი გაზაფხული თავისი ხასხასა ფოთლებით და ჰაერში დატრიალებული სუნით კიდევ უფრო ამძაფრებს."




მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ქრისტიანულ ტექსტში მათ შესახებ არაფერია ნათქვამი, კურდღელი დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მაინც იქცა, მისი კავშირი გაზაფხულის დღესასწაულთან ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნის გერმანიიდან იღებს სათავეს, მაშინ როცა გაზაფხულის წარმართული დღესასწაული ნაყოფიერების ქალღმერთის, Eostra-ს სახელზე აღინიშნებოდა, სწორედ Eostra-ს სახელიდან მომდინარეობს Easter-ის (ინგლისურად აღდგომის) ეტიმოლოგია და კურდღელიც სწორედ ამ დროს იქცა ნაყოფიერების ქალღმერთის სიმბოლოდ. გერმანელი ტევტონების მსგავსად, Eostra-ს დღესასწაულს ანგლოსაქსებიც აღნიშნავდნენ, მათი გაქრისტიანების შემდეგ კი ეს სიმბოლო აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირდა. დღეს უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კათოლიკური სამყარო, დღესასწაულზე  შეღებილ კვერცხთან ერთად, დეკორაციის სახით, სააღდგომო სუფრაზე დღემდე ათავსებს კურდღელს, როგორც ახალი სიცოცხლის სიმბოლოს. დღესასწაულის ამ სიმბოლოთი აღნიშვნა და სააღდგომო განწყობის შექმნა Moon Rabbit-ის დახმარებით ყველა ჩვენგანს შეუძლია. ეს ფერადი კურდღლები, რომლებიც აღდგომის სიმბოლოსთან ერთად თავად ამ კომპანიის სახელსაც გამოხატავენ, თქვენს ინტერიერში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ და დღესასწაულის მიღმაც, მათ სიმბოლურ მნიშვნელობას ყოველდღიურად შეგახსენებენ.


თითოეული ეს სიმბოლო, პირდაპირ თუ ირიბად, ქრისტიანული სამყაროს მთავარი დღესასწაულის მანიშნებელი სიმბოლოა, თავად ეს დღე კი არაფერია, თუ არა ადამიანების სიყვარულისთვის და სიკეთისთვის გაღებული კიდევ ერთი შანსი. მანანა არაბულის მიერ ქაღალდზე ხელით გამოხატულ "აღდგომაში", გულის ფორმის ასო "ო" სწორედ ამ სიყვარულზე მიგვანიშნებს.



"რიტუალურ სიბოლოს ფორმაში, კვერცხში, რომელსაც დიდი საკრალური დატვირთვა აქვს და თვითონ სამყაროსს არს და დაბადებას ნიშნავს, გავაკეთე ძალიან ცოცხალი, მონოგრამის მსგავსი ხელნაწერი. თითქოს ბზისგან აკინძული ბრჭყვიალა ცოცხალი ორნამენტი გამოვიდა, შუაში კი ასო-ნიშან ‘ო’ ს გულის ფორმა აქვს როგორც ხედავთ, რადგან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სიტყვა ნებისმიერ რელიგიაში, არის - სიყვარული. 
ასევე მინდოდა მეჩვენებინა საოცრად ჯადოსნური პროცესი და ქაღალდზე ხელით ბეჭდვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი. გიყვარდეთ თქვენი საქმე და ნუ ფიქრობთ შედეგზე, თვითონ პროცესში იმალება მთავარი საიდუმლობა - გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს !"  - მანანა არაბული



ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტო: გიორგი ყოლბაია