აი ვეივეის რეტროსპექტივა ალბერტინას მუზეუმში

2008 წელს, როდესაც აი ვეივეის ნამუშვრები ვაშინგტონში, ჰირშჰორნის მუზეუმსა და სკულპტურის ბაღში გამოიფინა, ჩინელი დისიდენტი არტისტი ერთ დღეში გადაიქცა სახელოვნებო სამყაროს სუპერვარსკვლავად. 

ახლა კი, როდესაც აი ვეივეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვანია, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მისი შემოქმედების რეტროსპექტივა იმართება.

ეს აი ვეივეის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელზეც მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია წარმოდგენილი, ექსპოზიცია საშუალებას იძლევა პრაქტიკულად სრულად შევისწავლოთ არტისტის შემოქმედება. 

ვეივეი ცნობილია პროვოკაციულობითა და სოციალურ საკითხებზე ხაზგასმით, მის შემოქმედებაში შეხვდებით: ჰანის დინასტიის ლარნაკებს კოკა-კოლის ლოგოებით, ნამუშევრებს, რომლებიც მიგრანტების კრიზისსა და ჩინეთის პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ, სკამებით სავსე ოთახს, რომელიც ჩინეთში შრომის უფლებებს აპროტესტებს, ამ ყველაფერთან ერთად რეტროსპექტივაზე არტისტის ძველი ნამუშევრების ნახვაც იქნება შესაძლებელი, რომლებიც ხშირად უცნაური და გაუგებარიც კია. 

მიუხედავად იმისა, რომ რეტროსპექტივაზე წარმოდგენილ ნამუშევართა ხარისხი მკვეთრად ცვალებადია, სწორედ ეს ხდის გამოფენას განსაკუთრებით საინტერესოს, რადგან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს აი ვეივეის განვითარებასა და შემოქმედებით ზრდას. ექსპოზიციაზე შესაძლებელია ვეივეის 80-იანი წლების ნამუშევრების ხილვაც, როდესაც ის დადაიზმით და კონკრეტულად მარსელ დიუშანით იყო შთაგონებული, ყოველდღიური მოხმარების საგნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამ ფორმით მაოისტური ჩინეთის ცხოვრების წესს აპროტესტებდა. 


ალბერტინაში გამოფენილია მისი ფოტოებიც, რომლებიც ძალიან განსხვავდება მკაფიოდ პოლიტიკური და ზოგჯერ აბსურდული ნამუშევრებისგან და არტისტის შემოქმედების  სრულიად ახალი თვალით დანახვის საშუალებასაც იძლევა. საერთო ჯამში გამოფენა ქმნის ერთიან სურათს, თუ როგორ ეძებს არტისტი წლების განმავლობაში სხვადასხვა კითხვებზე პასუხებსა და დაკარგულ ჰუმანიზმს. 

 

 

ექსპოზიცია 2022 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Artnews, Royal Magazine, Guardian