ახალგაზრდები ომამდელი უკრაინიდან - ინტერვიუ ფოტოგრაფ სოფია ლორიაშვილთან

ქართული წარმოშობის უკრაინელი ფოტოგრაფი სოფია ლორიაშვილი ძირითადად პარიზში ცხოვრობს და მუშაობს, მისი შემოქმედება დოკუმენტური და ეროტიკული ფოტოგრაფიის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ის პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებას გვიჩვენებს. ახლახან სოფიას პროექტი - My Last Voyage In This Fucking World ფოტო-წიგნად გამოვიდა, პროექტი ომამდელ უკრაინაში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. სიცოცხლით სავსე, სპონტანური და ზოგჯერ დაუდევარი ფოტოები დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებულ სევდასა და მელანქოლიურობას იძენს. გთავაზობთ ინტერვიუს ფოტოგრაფთან, რომელშიც ის ბოლო პროექტსა და ზოგადად შემოქმედებაზე გვესაუბრება. 


სოფია, პირველ რიგში, როგორ დაინტერესდი ფოტოგრაფიით? 

 

ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, მამაჩემი და ბაბუაჩემი ფოტოგრაფიით არიან გატაცებულები, ამიტომ მეც, რაც თავი მახსოვს, სულ მქონდა ფოტოაპარატი და ვიღებდი. თუმცა სერიოზულად ფოტოგრაფიით 17 წლის ასაკში დავინტერესდი, დიდი გავლენა იქონია Instagram-მა, სადაც სხვადასხვა ფოტოგრაფის შემოქმედებას ვეცნობოდი, ამ დროს მივხვდი, რომ ცხოვრებაში მეც იმავეს კეთება მსურდა.


მოგვიყევი პროექტის, My Last Voyage In This Fucking World-ის შესახებ…

 

მგონია, რომ ყველა ფოტოგრაფის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ნამუშევრებს თავი მოუყარო და რაღაც სისტემაში მოაქციო, არ აქვს მნიშვნელობა გამოფენა იქნება ეს, თუ რაიმე სხვა ფორმატი. თვითონ ფოტოების ისტორია 2021 წლის ზამთრიდან იწყება, უკრაინაში ყოფნისას უწყვეტად ვიღებდი ჩემს ცხოვრებას, ომის დაწყების შემდეგ კი მივხვდი, რომ იმდენი საშინელება ხდებოდა გარშემო, რომ კარგი ამბები მავიწყდებოდა, ამიტომ 2021 წელს უკრაინაში გადაღებული თითქმის ყველა ფოტო ავიღე და მათთან დაკავშირებული ისტორიები დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი საოჯახო ფოტო ალბომივითაა, მოგონებებს ინახავს. თან მსურდა ქვეყნისთვის რამე სასარგებლო გამეკეთებინა, ამიტომ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 50% უკრაინის მხარდჭერ ორგანიზაციაში ირიცხება. 


ფოტოებში აღბეჭდილ ადამიანებზე რას გვეტყვი, როგორ მოახერხე, რომ მათი ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულიყავი?

 

ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მაშინ უცნობები იყვნენ, რომლებიც  ინტერნეტით გავიცანი და მივხვდი, რომ მათი გადაღება მინდოდა, თუმცა ისინი ხარკოვში ცხოვრობენ, ამიტომ როდესაც კიევში ჩამოვიდნენ, ჩემს სახლში დარჩნენ. სამთვიანმა თანაცხოვრებამ განსაკუთრებით გაამარტივა ყველაფერი, ერთი სოციუმის წევრებად ვიქეცით, ჩვენ შორის ბარიერები პრაქტიკულად აღარ არსებობდა, ამიტომ ფოტოებსაც ეტყობა, თუ რამდენად კომფორტულად ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან. 


იგივე შეიძლება ითქვას შენს სხვა ფოტოებზეც, მათზე აღბეჭდილი ადამიანები ყოველთვის ძალიან ბუნებრივად გამოიყურებიან, როგორ ახერხებ ამას?

 

რეალურად არაფერს ვაკეთებ ამისთვის, უბრალოდ რადგან ძირითადად ჩემი ფოტოგრაფია დოკუმენტურია, ადამიანებს ბუნებრივ მდგომარეობაში ვიღებ, არ მჭირდება მათთვის მითითება, თუ როგორ მოიქცნენ კამერის წინ. იშვიათად, როდესაც დადგმული გადაღება მაქვს და მოდელებთან ვმუშაობ, პირიქით, მე უფრო მჭირდება დახმარება, რომ თავი უხერხულად არ ვიგრძნო.

სად პოულობ შთაგონებას?

 

რადგან ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებას აღვბეჭდავ, ფოტოაპარატი ყოველთვის თან მაქვს და ვიღებ ყველაფერს, რაც მომწონს, რაც მაინტერესებს ან ამაღელვებს, წელს პრაქტიკულად არაფერი გადამიღია, რადგან ამ ეტაპზე არაფერი საინტერესო და ამაღელვებელი ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. თუმცა მგონია, რომ ესეც სამუშაო პროცესის ნაწილია, სამაგიეროდ თავისუფალ დროს ძველი ფოტოების დახარისხებას ვუთმობ, ფოტოგრაფია მხოლოდ გადაღება ხომ არ არის, უკვე არსებული ფოტოების დახარისხება და საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანებაც საჭიროა.  


როგორც აღნიშნე, ამ პროფესიით სხვა ფოტოგრაფების გაცნობისას დაინტერესდი, შეგიძლია მოგვიყვე იმ არტისტებზე, რომელთაც შენზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს?

 

ზოგადად მომწონს არტისტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შეულამაზებლად გადმოსცემენ, მაგალითად: ვოლფგანგ ტილმანსი და იურგენ ტელერი, გარდა ამისა, ძალიან მომწონს ფოტოგრაფები, რომლებიც ეროტიკულ ფოტოებს იღებენ - სლავა მაგუტინი, ბრიუს ლაბრუსი, ისინი ადამიანის შიშველი სხეულის არაბუნებრივად წარმოჩენას არ ცდილობენ, მის რეალურ სახეს გვაჩვენებენ. არაერთი ფოტოგრაფი მხვდება Instagram-ზეც, რომელთა ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. საერთოდ, იმდენად დიდი რაოდენობით კონტენტი იქმნება, რომ ცოტა დამაბნეველია, ზოგჯერ ვიკარგები ხოლმე, ვეღარ ვხვდები, როგორც ფოტოგრაფმა რა ჟანრში უნდა ვიმუშაო, ან როგორ გავხადო ჩემი ნამუშევრები გამორჩეული, როდესაც გარშემო ამდენი ფოტოგრაფია.  


სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

 

ზაფხულში უკრაინაში წასვლას ვაპირებ, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ, მინდა, რომ My Last Voyage In This Fucking World-ის გაგრძელება გადავიღო და იგივე ადამიანები ხელახლა აღვბეჭდო, საინტერესო იქნება, რადგან ომმა ისინი შეცვალა. საერთოდ მგონია, რომ ომის შემდეგ უკრაინაში აღარაფერი დამხვდება ისე, როგორც ადრე იყო. 



ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Sofiya Loriashvili