ალფრედ ჰიჩკოკი - ძრწოლისა და მღელვარების დიდოსტატი

 ალფრედ ჰიჩკოკი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინორეჟისორად ითვლება. მისი შემოქმედება ძირითადად თრილერებს მოიცავს, თუმცა გადაღებული აქვს რამდენიმე კომედიაც. ის ისეთი ჟანრების შერწყმით, როგორიცაა - თრილერი, მელოდრამა, ექსპრესიონიზმი და ავანგარდიზმი, სრულიად ახალ მიმდინარეობას, “სასპენსს” ქმნის. ჰიჩკოკის კინო ყოველგვარი სპეცეფექტებისა და მაგიის გარეშე ახერხებს, რომ მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს, მისი ნელი, კულმინაციისკენ ფრთხილად მიმავალი სიუჟეტები კი ისეთ ძრწოლვასა და მღელვარებას იწვევს, როგორიც ალფრედ ჰიჩკოკამდე კინოში არ არსებობდა.




ალფრედ ჰიჩკოკი 1899 წელს დიდ ბრიტანეთში, ლეიტონსტოუნში დაიბადა, რეჟისორს თავდაპირველად ინჟინრობა სურდა, თუმცა პირველი ომის შემდეგ კრეატიული ჟურნალისტიკით დაინტერესდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა ინტერვიუებში, ამ დროს გადადგა მან პირველი ნაბიჯები კინოსკენ,  როდესაც გაეცნო ჩარლი ჩაპლინისა და ბასტერ კიტონის კინემატოგრაფიას. 1919 წლიდან ჰიჩკოკმა 18 მუნჯ კინოზე იმუშავა სხვადასხვა პოზიციაზე. 1929 წელს კი მისი პირველი ხმოვანი ფილმი, “შანტაჟი” გამოვიდა. 1934 წელს მან პირველი წარმატებული ფილმი - “კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა” გადაიღო, რის შემდეგაც ბრიტანეთში პოპულარობა მოიპოვა, 1938 წელს მისი კიდევ ერთი ფილმი -  “ქალი უჩინარდება” გამოვიდა, რომელიც ჰიჩკოკის ბრიტანული კარიერის ერთგვარი პიკი იყო.
1939 წელს რეჟისორმა ამერიკულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს იწყება ჰიჩკოკის, როგორც “სასპენსის” დიდოსტატის დაბადება.





1940 წელს გამოდის “რებეკა”, რომელშიც პირველად ვხედავთ ჰიჩკოკის სრულ ბრწყინვალებას. საკმაოდ ხანგრძლივი და მონოტონური სიუჟეტის მიუხედავად, ფილმი პირველივე წამიდან გვნუსხავს, რეჟისორი თანდათან, მოზომილად უფრო და უფრო შემზარავს ხდის ფილმში მიმდინარე მოვლენებს. ჰიჩკოკს აქვს საოცარი უნარი, რომ მაყურებელს ის გრძნობები გაუჩინოს, რაც პერსონაჟებს ეუფლებათ. ამ ფილმში ჰიჩკოკის ესთეტიკის პირველ საფეხურებს ვხედავთ, ის პირველად იყენებს დამახასიათებელ ტექნიკას - კამერის მოძრაობის ცვლილებას, პერსონაჟის ემოციური მდგომარეობის მიხედვით. მიუხედავად რებეკას წარმატებისა და მას შემდეგ გამოსული არაერთი ფილმისა, ჰიჩკოკის “ოქროს ხანა” 50-60-იან წლებში დაიწყო. 1954 წელს გამოსული “ეზოში გამავალი ფანჯარა” ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ერთ სივრცეშ
გადაღებული ფილმი. მთავარ როლებს ჯეიმს სტიუარტი და გრეის კელი ასრულებენ, ჯეიმს სტიუარტი რეპორტიორია, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და სახლიდან ვერ გადის, გართობის მიზნით კი მეზობლებს უთვალთვალებს და სავარაუდო მკვლელობის თვითმხილველი ხდება. “ეზოში გამავალი ფანჯარა” ჰიჩკოკის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული ფილმია, რეჟისორი გვიჩვენებს ადამიანების ვუაიერიზმს, პირდაპირ დასცინის სხვის ცხოვრებაზე დაკვირვების დაუცხრომელ სურვილს და მის ყველაზე პოპულარულ გამოხატულებას - კინოს. ამავე პერიოდში გამოდის მისი “ჩიტები”. ფილმი გვიყვება პატარა ქალაქზე, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სტუმრობის შემდეგ ათასობით ჩიტი უტევს და ატერორებს. ფილმი კაპიტალიზმის ფსიქოლოგიური ძალადობისა და ცივი ომის შიშის ალეგორიაა. 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეფებული იყო შიში, რომ საბჭოთა კავშირი მათ წინააღმდეგ ატომურ იარაღს გამოიყენებდა, ფილმში არსაიდან გაჩენილი უცხო ჩიტები, ერთი მხრივ, ამ შიშს უსვამს ხაზს, მეორე მხრივ კი, კაპიტალიზმის მიერ სუსტისა და განსხვავებულის ჩაგვრას აკრიტიკებს, ჩიტები ჩნდებიან მაშინ, როდესაც ქალაქში სტუმრად ჩასულ ქალს, გალიით ეგზოტიკური ფრინველი ჩაჰყავს. 1958 წელს ჰიჩკოკი “თავბრუსხვევას” იღებს, ფილმი ვითარდება დეტექტივის გარშემო, რომელიც მეგობრის ცოლის უცნაურ ქცევას იკვლევს და ამავდროულად, სიმაღლის შიშს ებრძვის. ფილმში რეჟისორი იწყებს ადამიანის მენტალობის კვლევას, რასაც სხვა ნამუშევრებშიც აგრძელებს და ერთდროულად ფობიასა და ობსესიაზე გვიყვება. “თავბრუსხვევა” რეჟისორის ყველაზე პირადულ ნამუშევრად მიიჩნევა, ამ ფილმში ის პირდაპირ გვესაუბრება ადამიანის სექსუალობაზე, სიკვდილზე და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე, ეს თემები ჰიჩკოკის ყველა ფილმის თხრობის ნაწილია, თუმცა “თავბრუსხვევაში” ის შეუნიღბავად ცდილობს ამ საკითხებში გარკვევას.




კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში გარკვევას ცდილობს, “მარნია”, ამ შემთხვევაში რეჟისორს სურს გადმოსცეს ბავშვობის ტრავმის გავლენა აწმყოზე. “მარნიში” ჰიჩკოკი აქტიურად იყენებს “თავბრუსხვევის” დროს შექმნილ გადაღების ტექნიკას, რომელსაც დღეს კინემატოგრაფიაში “ვერტიგოს ეფექტი” ეწოდება. კამერის სწრაფი მიახლოებით, ფონის ცვლილების გარეშე, ის ახერხებს მაყურებელში შფოთვისა და უსიამოვნების განცდა გამოიწვიოს. ჰიჩკოკის შემოქმედების მწვერვალად “ფსიქო” მიიჩნევა, მთავარი პერსონაჟი, მერიონი, სამსახურიდან ფულს იპარავს და გარბის. საუბედუროდ, ის "ბეიტსების მოტელში" აღმოჩნდება, საიდანაც იწყება სულისშემძვრელი თავგადასავალი. “ფსიქოში” რეჟისორი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ზებუნებრივი ძალები არ არის საჭირო იმისათვის, რომ შეგვაშინოს და ადამიანის შესაძლებლობები სრულიად საკმარისია დაძაბულობის და შიშის დასათესად.



მიუხედავად ძირითადად ერთ ჟანრში მუშაობისა, ალფრედ ჰიჩკოკის გავლენა ყველანაირ ფილმსა თუ სერიალში შეიძლება ვიპოვოთ, მისი თხრობის მანერა და გამორჩეული ესთეტიკა დღემდე არ კარგავს პოპულარობას, ჰიჩკოკის მიერ დანერგილი მეთოდები კინოში დღესაც გამოიყენება და რაც მთავარია, თითქმის ვერავინ ახერხებს ასეთი მარტივი მეთოდებით მაყურებელში მძაფრი გრძნობების გამოწვევას. როგორც რეჟისორი ხშირად აღნიშნავდა, ის იღებდა ფილმებს იმისათვის, რომ ამა თუ იმ შიშს გამკლავებოდა და მართლაც, მისი ნამუშევრის ყურების შემდეგ საოცარი სიმშვიდე დაგეუფლებათ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ თქვენ მშვიდ, კომფორტულ გარემოში იმყოფებით.



ავტორი : ლიზა ალფაიძე