Alila Yangshuo - სადაც არქიტექტურა ბუნებას ერწყმის

Alila Yangshuo - ასე ჰქვია ჩინეთში, Guilin-ში მდებარე სასტუმროს, რომელიც განსაკუთრებული ბუნებრივი ადგილმდებარეობითა და დიზაინით რეგიონში მდებარე ყველა სასტუმროსაგან გამოირჩევა.

მდინარე ლით გარშემორტყმული ადგილი, თვალუწვდენელი მთებითა და უძველესი სოფლის ნანგრევებით, იდეალურადაა შერწყმული თანამედროვე დიზაინის შენობასთან, რომელზეც ბეიჯინგის არქიტექტურულმა კომპანია Vector Architects-მა იმუშავა,  ინტერიერის დიზაინი კი Horizontal space Design-მა შექმნა.

ცემენტის მაღალ კონსტრუქციებში დამონტაჟებული სინათლის წყაროები, გადამუშავებული ხისგან შექმნილი ინტერიერის დეტალები და თანამედროვე ავეჯი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივმა ჩინელმა დიზაინერებმა შექმნეს, მნიშვნელოვანი ელემენტებია მთელ ამ გარემოში, სადაც თანამედროვე დიზაინის მდიდრულ სასტუმროსთან ერთად, ვიზიტორების ყურადღებას ამ ხეობის ბუნებრივი ლანდშაფტი, ვიწრო ხეობები და მის გარშემო მდებარე მაღალი მთებიც იპყრობს.

სწორედ ადგილობრივი ბუნებრივი მღვიმეებისა და გამოქვაბულების შთაგონებით სასტუმრომ თავის სივრცეში მიწისქვეშა სპა ცენტრი შექმნა, სადაც ტრადიციული ინგრედიენტები, მაგალითად, შავი შაქარი, სამკურნალოდ გამოიყენება. სასტუმროს ტერიტორიაზე შეხვდებით რესტორან Sugar house-საც, სადაც  ადგილობრივი შეფმზარეულები სტუმრებს ტრადიციულ ჩინურ და დასავლურ, ევროპულ კერძებს სთავაზობენ.

 

 

ფოტო: Kenneth Ling, CN Traveller

ავტორი: გვანცა ჩანადირი