ალტერნატიული სივრცეების ფილოსოფია - ინტერვიუ MUA-ს დამფუძნებლებთან

დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე კომპანია MUA - Architecture & Placemaking-ის დამფუძნებლები არიან, რომელთა ათწლიანი თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა. არქიტექტორების მუშაობის პრინციპი მხოლოდ არქიტექტურულ ნაგებობებზე ორიენტირებულ ხედვას არ მოიცავს, რადგან კომპანიის დამფუძნებლები ახალი პროექტების ინიცირებით საზოგადოების გააქტიურებასაც უწყობენ ხელს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არქიტექტორებმა ახალ პროექტზე მუშაობა დაასრულეს და მიუხედავად დროის სიმცირისა, ის განხილვის საგნად უკვე საქართველოს ფარგლებს მიღმაც იქცა. არქიტექტორებმა  40-ფუტიანი გადამზიდი კონტეინერი ალტერნატიულ სივრცედ გარდაქმნეს, რომელშიც საყოფაცხოვრებო და სამუშაო სივრცისათვის განკუთვნილ ყველა საჭირო კომპონენტს მოუყარეს თავი. კონტეინერი, რომელიც ტერასითა და თბილისის ზღვის შთამბეჭდავი ხედით განტვირთვის ფუნქციასაც ასრულებს, აერთიანებს მისაღებ ოთახს, მცირე სამზარეულოს, სააბაზანოსა და არაერთ საყოფაცხოვრებო ინვენტარს.

Hammock Magazine-ისა და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინტერვიუს დევი ქიტუაშვილთან და გოგიკო საყვარელიძესთან, რომლებმაც კომპანია MUA-ს ამ და სხვა საინტერესო პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება არქიტექტურას?

დევი:  მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თურმე არქიტექტურა ყოველთვის გამორჩეულად მიზიდავდა, მაგრამ ამის ნათლად გააზრებას გარკვეული დრო დასჭირდა. განათლება სულ სხვა ხაზით, კომპიუტერული ინჟინერიის განხრით მივიღე, თუმცა რეალურად პროფესიის არჩევა მაშინ დავიწყე, როცა გავაანალიზე, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა მეკეთებინა. ალბათ, ამ გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მთავარი შთაგონება ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა გახდა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს შენობა ჩემში ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევდა და მასთან ყოველი ჩავლა შთაბეჭდილებების ქვეშ მტოვებდა. ეს დღესაც ასეა. კიდევ იყო რამდენიმე შენობა, ახლა რაც მახსენდება, არის “მოცეკვავე სახლის” შენობა პრაღაში და ლლოიდსის შენობა ლონდონში, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის ქართული არქიტექტურის ნიმუში იყო.

გოგიკო: ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. სკოლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკის სწავლა დავიწყე, რაც, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ჩემს ოჯახში ბევრი მომღერალია და ხელოვნებასთან კავშირი, ასე თუ ისე, ადრეული ასაკიდანვე მქონდა. მართალია, მომღერლობაზე ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის მინდოდა, რომელიმე სახელოვნებო სფეროსთან მქონოდა შეხება. სადღაც 20-21 წლის ვიყავი, როცა დედაჩემის არქიტექტორმა მეგობარმა არქიტექტურის მიმართულებით ჩაბარება შემომთავაზა. მისი წყალობით არქიტექტურას მივაგენი და შევისწავლე. ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და კარგია, რომ მისი რჩევის შედეგად ამ საქმიანობას დღესაც მივდევ. 

პირველი პროექტი, რომელიც ერთობლივად განახორციელეთ…
 

დევი: პირველი პროექტი, რომელზეც მე და გოგიმ ერთობლივად ვიმუშავეთ, თბილისის პროკურატურის პროექტი იყო. მაშინ კომპანიაში სამი პარტნიორი ვიყავით, ჩვენ და ნიკა ჯაფარიძე. 2010 წელი იყო და ეს პროექტი განსაკუთრებულად გვახსოვს, მაშინ ძალიან დიდ და სერიოზულ საქმეს შევეჭიდეთ. მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. მართალია, პროექტი საფუძვლიანად გვქონდა შესწავლილი და სამივე გამოცდილებიც ვიყავით, მაგრამ  ჩვენი მხრიდან პროკურატურის პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა მაინც თამამად გადადგმული ნაბიჯი იყო. ლითონის კონსტრუქციის შენობაზე ვიმუშავეთ, რაც კონცეფციის განვითარების ეტაპზე შეიძლება მარტივი ჩანდეს, თუმცა შენობის დაფუძნების ტექნიკური ნაწილი არაერთ სირთულეს მოიცავს. არქიტექტორს პროექტის კოორდინირებაც უწევს, რაც ავტომატურად ნიშნავს საინჟინრო ქსელების, კონსტრუქციული და სხვა ჩართული კონსულტანტების პროცესების გაძღოლას, თანაც ლითონის კონსტრუქციაზე მუშაობის გამოცდილება მაშინ ლოკალურ არეალში ინფანტილურ დონეზე იყო გავრცელებული. საკმაოდ ინტენსიურ და საპასუხისმგებლო პროექტს შევეჭიდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თამამად გადადგმულმა ნაბიჯმა წარმატება მოგვიტანა.როგორ დააფუძნეთ არქიტექტურული კომპანია MUA? 

დევი: MUA-ს დაფუძნებამდე დავაარსეთ კომპანია Architects of Invention, რომლის ოფისები გვქონდა ლონდონსა და თბილისში. მას შემდეგ, რაც კომპანიის გუნდის ინტერესები ორად გაიყო, მე და გოგიმ თბილისში დავაფუძნეთ ახალი კომპანია, რომელსაც MUA დავარქვით, რომელიც AI-ს თბილისის ოფისის მემკვიდრე გახდა. 

გოგიკო: MUA-ს იდეაც ჩემი და დევის საერთო ხედვიდან დაიბადა. თანაც კომპანიის დაარსება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში მშენებლობის კუთხით უკვე ძვრები დაიწყო და შეიძლება ვთქვათ, რომ გაგვიმართლა კიდეც. ჩვენ მიერ განხორციელებულ პირველ პროექტებს საერთაშორისო პუბლიკაციებიც მოყვა, შემდეგ ამ პროცესებში ახალ-ახალი პროექტებიც დაგვემატა, ჩვენი ხედვებიც უფრო გაფართოვდა და ა.შ.


ფაბრიკის პროექტს MUA-ს საქმიანობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. როგორ წარიმართა ძველი შენობის ალტერნატიულ სივრცედ გარდაქმნის პროცესები და რამდენად მოსალოდნელი იყო ამ სახის შედეგი?

 

დევი: ფაბრიკაზე მუშაობა 2014 წელს დავიწყეთ. დასაწყისში ვფიქრობდით, შეგვერჩია ან შენობა, ან თავისუფალი ადგილი. რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავდით. ერთ ვარიანტად გვქონდა აგვეთვისებინა გრატოს შენობის წინ არსებული თავისუფალი მიწა, დღევანდელი ფაბრიკის შენობა სადღაც მესამე თუ მეოთხე ვერსია იყო. მახსოვს, როგორ მოვიდა ერთ დღეს გოგი და ამ შენობის გამოყენების იდეა გააჟღერა. ჩვენ მოგვწონდა კულტურული ცენტრის კონცეფცია და არ გვსურდა მხოლოდ არქიტექტურის მიმართულებით გვემუშავა. როგორც არქიტექტორებმა, შევძელით ურბანული კონტექსტის უკეთ აღქმა და როდესაც პროგრამის შედგენაზე დავიწყეთ ფიქრი, ფაბრიკის მდებარეობა ჩვენს ხედვებს ზუსტად მოერგო. პარტნიორებიც მარტივად მოვიძიეთ, არ გვეგონა, თუ ეს საქმე ასე გაგვიმარტივდებოდა. 

 

გოგიკო: ჩვენი მთავარი აქცენტი იყო ის, რომ მტკვრის მარცხენა სანაპირო, რომელიც თავისი სპეციფიკით ყოველთვის ძალიან მოგვწონდა და შედარებით აუთვისებელი იყო, გაგვეაქტიურებინა. ამ იდეით დაინტერესდნენ პარტნიორებიც და ამ გადმოსახედიდან ჩვენმა ცდამ გაამართლა.

 

გოგიკო, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გააქტიურება ახსენეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს გავლენას თანამედროვე თბილისის ცხოვრების სტილზე?

 

გოგიკო: ჩემი აზრით, მარცხენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ცვლილებების წამოწყებას მივეცით ბიძგი. თუ ის ადგილი ადრე შედარებით ჩრდილქვეშ ექცეოდა და მცხოვრებლები თავიანთი მიზნებისათვის ბოლომდე ვერ იყენებდნენ, დღეს, შეიძლება ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის ცენტრია, იმ მიდამოში უძრავი ქონების ფასმაც მოიმატა, რაც მთავარია, ქალაქში გამოჩნდა თავშეყრის ალტერნატიული ადგილი, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა. გაჩნდა სივრცე, სადაც ერთდროულად კაფე-ბარებიცაა და სახელოსნოებიც და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ტიპის საზოგადოებას მასპინძლობს. სამეზობლოშიც უფრო და უფრო მეტი სიახლე ჩნდება. კარგია, რომ მიზიდულობის ცენტრმა მტკვრის მეორე მხარესაც გადმოინაცვლა და  სანაპიროს მხოლოდ ერთი ნაწილი აღარაა “გადაჭედილი”.

რამდენად გახდა ფაბრიკის შენობა MUA-ს სხვა პროექტის “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის” კვლევის წამოწყების წინაპირობა?

 

დევი: შესაძლოა, ერთ-ერთი ბიძგი გახდა, მაგრამ არ მგონია, რომ მთავარი კატალიზატორი ყოფილიყო. ფაბრიკაზე მუშაობის პარალელურად მუნიციპალიტეტის დაკვეთით ბრაუნდიფლდებზე კვლევა უკვე მიმდინარეობდა. უფრო იმას ვიტყოდი, რომ ფაბრიკის პროექტი იყო კარგი მაგალითი იმისათვის, რომ ყოფილი ინდუსტრიული შენობები აღრიცხულიყო და დაწყებულიყო ფიქრი ამ შენობების სამომავლო გამოყენების მიზნებზე ან დღევანდელი სახის შემონახვაზე.

 

მოგვიყევით, ბოლო დროს თბილისის ზღვის მიმდებარედ განხორცციელებული პროექტის შესახებაც, როგორ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ 40-ფუტიანი გადამზიდი კონტეინერი საყოფაცხოვრებო სივრცედ გადაგექციათ?


დევი: კონტეინერების არქიტექტურა დიდი ხანია ორივეს გვაინტერესებს. სულ გვინდოდა, რომ ამ მხრივ ექსპერიმენტები გვეცადა. ერთხელ კონტეინერებით პროექტიც გავაკეთეთ. ზოგადად, საინტერესო თემა არის იმ მხრივ, რომ დღეს კონტეინერები ზედმეტად სტანდარტული ერთეულებია, მთელი მსოფლიოს ლოჯისტიკა მათ ზომებზეა აგებული, ისინი ძალიან მოძრავი და ყველაფერზე მორგებულია. კონტეინერს დაწესებული ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგ იგი ფუნქციონირებას ვეღარ ინარჩუნებს და გადამზიდი კონტეინერის ფორმით გამოუსადეგარი ხდება. მიუხედავად ამისა, კონტეინერი ინარჩუნებს თავის სიმძლავრესა და სტრუქტურას. ჩვენი სხვა პროექტებიდანაც ნათელია, რომ ძალიან მოგვწონს მეორედ გამოყენების იდეა, რაც ავტომატურად კარგ საწყისს გვაძლევს და კარგ შედეგამდეც მივყავართ. ამიტომაც ყოველთვის გვინდოდა, რომ კონტეინერები სხვა ფუნქციითაც აგვეთვისებინა. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მცდელობა გვქონდა, მაგრამ უშუალოდ მშენებლობის პროცესამდე ვერ მივდიოდით. ეს წლები შესაბამის ლიტერატურას ვაგროვებდით, სულ ვკითხულობდით და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კონტეინერი თავად გაგვეკეთებინა, ჩვენი ფინანსებით. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვივიდა.არის თუ არა ეს პროექტი საქართველოს ფარგლებში კონტეინერის გარდაქმნის პირველი შემთხვევა?


დევი:
არა მგონია. კონტეინერების გარდაქმნას იმასაც დავარქმევდი, როდესაც ისინი სამშენებლო მოედანზე მიაქვთ და შიგნით ფანჯრებს აყენებენ. არ მგონია, რომ პირველები ვიყოთ, თუმცა იმასაც არ ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება ბევრი მაგალითი არსებობდეს, როდესაც კონტეინერი საცხოვრებელ ან დროებით საცხოვრებელ სივრცედ გადაეკეთებინათ. რამდენიმე მაგალითი არსებობს, როდესაც პროექტი კონტეინერების ზომებით გაკეთებულა, მაგრამ თვითონ კონტეინერები არ გამოყენებულა. უბრალოდ, ერთი შეხედვით, კონტეინერები არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ ერთეულებს, აქ უფრო საინტერესო ნაწილი მათ ტექნიკურ მხარეზე მუშაობაა.

როგორ შეაფასებდით კონტეინერზე მუშაობის ტექნიკურ მხარეს? 

გოგიკო: რატომღაც ყოველთვის არსებობს იმის ცნება, რომ რადგანაც საქმე კონტეინერს ეხება, მასზე მუშაობა მარტივი იქნება და ჰგონიათ, რომ მთელი რიგი ტექნიკური პროცესები ერთი ხელის მოსმით სრულდება. დაპროექტების მხრივაც ძალიან რთული სამუშაოა, იმიტომ რომ, რაღაც მხრივ, შებოჭილი ხარ, მხოლოდ კონკრეტული ზომები გაქვს მოცემული და შენც ამ ზომებს უნდა მოერგო ისე, რომ შედეგი ეფექტურიც იყოს და ამასთან, პრაქტიკულიც. 

 

დევი: ვერ ვიტყოდი, რომ ტექნიკური ნაწილი რთულია, უფრო მეტად საფრთხილოა. ყველაფერი სწორად უნდა გამართო, რაც დიდი გამოწვევაა. რადგანაც კონტეინერის სტრუქტურა თავიდან ბოლომდე ლითონია, ძალიან მნიშვნელოვანია თერმული ხიდების სწორად გაკეთება, რადგან შესაძლოა, მათი გაუმართაობით სივრცის შიდა ნაწილი დაზიანდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგერღვეს კონკრეტული კვანძები, რადგან ერთი დეტალის გაუთვალისწინებლობის გამო შესაძლოა, რომ მთელი შენი ინვესტიცია ჩამოიშალოს. ეს და კიდევ სხვა ისეთი მთავარი ნაწილები, როგორებიცაა, მაგალითად, სტრუქტურის დარღვევა და შემდეგ მისი გამყარება, კონტეინერის პროექტზე მუშაობის დროს კარგად შევისწავლეთ. სინამდვილეში ძალიან მარტივი პრინციპებია და ამ პრინციპების კარგად ცოდნით ნებისმიერს შეუძლია, რომ კონტეინერის პროექტზე მუშაობა დაიწყოს.


ვინ წარმოადგენს სივრცის სამიზნე აუდიტორიას?

 

გოგიკო: ეს სივრცე თავიდანვე ჩვენთვის გაკეთდა. ერთი მხრივ, ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც გამოვიდა. მეორე მხრივ, კონტეინერი გახდა დამატებითი სივრცე მათთვის, ვისაც არ სურდა, რომ მხოლოდ ოფისიდან ემუშავა. კონტეინერში ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ განმარტოების, განტვირთვის, მშვიდ გარემოში მუშაობის და ასევე იქ დარჩენის შესაძლებლობა. 

 

დევი: მაგალითად, პროექტებისათვის “ბრეინშტორმინგის” მეთოდის გამოსაყენებლად გუნდს შეუძლია ადგეს და ოფისიდან კონტეინერში გადაინაცვლოს. ძირითადად მაინც დღის განმავლობაში ვიყენებთ და კონტეინერის არსებობით კომფორტის ზონას ვიქმნით. საიალქნო კლუბი, რომლის განვითარებაში MUA დიდ როლს თამაშობს, იქვე მდებარეობს და ბუნებრივია, იმ მიდამოებში ყოფნა ხშირად გვიწევდა, ამიტომაც ყოველთვის გვინდოდა, რომ ახლომახლო ჩვენი საკუთარი სივრცეც გვქონოდა. სულ თავიდან ვიფიქრეთ: “მოდი, კლუბში უფრო მეტი დროის გატარება რომ შევძლოთ, იქვე სამუშაო სივრცე მოვიწყოთ”. ეს იყო იდეის დასაბამი, რომელმაც თანდათან უფრო ვრცელი პროექტის ფორმა მიიღო. 


როგორც ახსენეთ, კონტეინერი საიალქნო კლუბის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ასევე MUA-ს ერთ-ერთი პროექტია. რა გავლენა აქვს კლუბის მუშაობას თბილისის ზღვის არეალზე?

 

დევი: საიალქნო კლუბის მუშაობით ჩვენი მხრიდან ისეთ დეტალების წახალისებას ვცდილობთ, რომ თბილისის ზღვაც უფრო განვითარდეს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი საზოგადოებისათვის მეტად მისაწვდომი და რეკრეაციული დატვირთვის მქონე იქნება. 

 


რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი კონცეპტი?

დევი: თითოეულ პროექტზე მუშაობისას ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ მრავალმხრივი აზროვნებისა და სიღრმეებში წვდომის შედეგად უხილავის გამოვლენას შევუწყობთ ხელს. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ. MUA-ს მუშაობის სპეციფიკაზე დაყრდნობით კონკრეტულად ის შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამუშაოს ძირითადი ნაწილი პროექტირებაა. არქიტექტურა ჩვენი ძლიერი მხარეა, მაგრამ ამასთან ვავითარებთ Placemaking-ის ნაწილსაც და დაინტერესებულები ვართ ურბანული ინტერვენციებით. ჩვენთვის მთავარია, რომ პროექტების ინიცირებით საზოგადოებისთვის საინტერესო და მისაწვდომი ადგილების განვითარებასაც შევუწყოთ ხელი.

გოგიკო: რეალურად, ჩვენთვის ყოველთვის ისეთი პროექტები უფრო საინტერესოა, რომლებზე მუშაობის გამოცდილება აქამდე არ გვქონია. ასეთი პროექტები ყოველთვის გამოწვევაა, რადგან მათი განხორციელების ფარგლებში ბევრ თანამდევ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება, შემდეგ ვმუშაობთ მათ გადაჭრაზე და საბოლოო სახის სრულყოფაზე. ჩვენი გეზი არ მოიცავს მხოლოდ ერთ მიმართულებას და ირგვლივ ბევრ განშტოებას უყრის თავს.

რჩევა, რომელსაც ახალგაზრდა არქიტექტორებს დაუტოვებდით…


გოგიკო:
მთავარი სწორ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღებაა, მაგრამ, პირველ რიგში, კონკრეტული მიზანი უნდა გქონდეს, თუნდაც ისეთი, რომლის განხორციელება შორ სამომავლო პერსპექტივაში იქნება შესაძლებელი.

დევი: უნდა გჯეროდეს, რომ მიზნის განხორციელებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ჩემი აზრით, უნდა გწამდეს შენი თავის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თამამი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იფიქრო პროცესის მსვლელობაზე და თავი მხოლოდ შედეგებზე ფიქრით არ მოიცვა. შედეგზე ფიქრში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ მიიღებს და შეაფასებს შენს პროექტს სხვა. მთავარი ისაა, რომ მუდმივად რაღაც აკეთო, დაუშვა შეცდომები და დაგცინონ კიდეც, თუ ასე მოხდა. პროცესს უნდა მიენდო, წარმატებასაც მისი მიყოლა განაპირობებს

 

სამომავლო გეგმები…

 

დევი: ახალ საფეხურზე გადავდივართ და რაღაც მხრივ, სხვა ამბიციებიც გაგვიჩნდა. ვგეგმავთ, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმაც ვიყოთ აქტიური. უკვე ავირჩიეთ კონკრეტული ქვეყნები, რომლებშიც, პირველ რიგში, გვინდა, რომ მუშაობა დავიწყოთ. ახლა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ვართ. 

 

გოგიკო: მართალია, მანამდე ბევრ პროექტზე გვიმუშავია, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბის გამოცდილებაც მოგვიტანა, მაგრამ აქამდე ამ ნაბიჯს ასე თამამად ვერ გადავდგამდით, არ ვთვლიდით, რომ გამოგვივიდოდა. დღეს ვიცით, რომ ამისთვის მზად ვართ.

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე
ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
MUA: Make up institute Georgia



ავტორი : ანა გაბისიანი