ამატერა - დახვეწილი დიზაინის სამოსი ორსულებისთვის

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე სპეციალურად ორსულებისთვის შექმნილი ტანსაცმლის პირველი ქართული ბრენდი “ამატერა” გამოჩნდა, რომელიც თავის მომხმარებელს დახვეწილი დიზაინის კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს სთავაზობს. თუმცა, როგორც ბრენდის დამფუძნებელი სალომე სიხარულიძე ამბობს, ამ კომფორტული სამოსის მიღმა "ამატერა"  ბევრ არამატერიალურ ღირებულებასაც ატარებს, რომლებიც ორსულობის დროს და მას შემდეგაც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად.


სალომე, პირველ რიგში მოგვიყევით, საიდან გაჩნდა "ამატერას" დაარსების იდეა და ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ბრენდზე იმუშავეს?

“ამატერას” შექმნის იდეა მისი საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა, დღეს საქართველოში ძალიან ძნელია ორსულმა ქალმა კომფორტული, მოდური და ელეგანტური სამოსი შეიძინოს. მე თავად ვარ სამი შვილის დედა და ყოველი ორსულობისას ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებოდი, შეუძლებელი იყო ორსულობის პერიოდში შემენარჩუნებინა ჩემი საქმიანი სტილი და ამის პარალელურად თავი კომფორტულად და ელეგანტურად მეგრძნო.  სწორედ ამიტომ შევქმენი ტანსაცმლის ბრენდი სპეციალურად ორსულებისთვის, რომელიც დაეხმარება ქალებს შეინარჩუნონ ჩვეული სტილი და იგრძნონ თავი თავდაჯერებულად ცხოვრების ამ ყველაზე საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე.
ბრენდის პლატფორმის და კონცეფციის შექმნაზე სტრატეგმა თაკო სულაქველიძემ და კრეატიულმა დირექტორმა ბასა მეტრეველმა იმუშავეს, ბრენდინგზე კი დიზაინსტუდია ORI-ს წარმომადგენლებმა - გვანცა ჩიჯავაძემ და სოფო გურასპაშვილმა. ვფიქრობ, განსაკუთრებულ
ბრენდბუქი შექმნეს, რომელიც კარგად ასახავს ბრენდის ხასიათს.



რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს სახელი "ამატერა" და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს სახელი დაგერქმიათ?

სახელის შერჩევა ბრენდის შექმნის უპირველესი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მინდოდა სახელი დასამახსოვრებელი ყოფილიყო და მნიშვნელოვანი იდეური დატვირთვა ჰქონოდა, ბევრი ძიების შემდეგ ამატერა ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც მინდოდა. “ამატერა” სინათლის და ნაყოფიერების ქალღმერთია იაპონურ მითოლოგიაში. აღმოსავლურ კულტურაში ამატერა მოიაზრება სიცოცხლის მასაზრდოებელ ქალღმერთად, დასავლურ კულტურაში კი „matera” დედას ნიშნავს.



რას გულისხმობს  თქვენი ბრენდის ფილოსოფია, რა არის ის მთავარი განმსაზღვრელი ელემენტები, რომლითაც შეგვიძლია  “ამატერა” დავახასიათოთ?

ბრენდის მთავარი ღერძი და კონცეფცია ქალთა გაძლიერებაზე, სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას. როდესაც ბრენდს ქმნი, მნიშვნელოვანია იფიქრო, რა პრობლემას ჭრის ის. ვფიქრობ, “ამატერა” ჭრის მნიშვნელოვან პრობლემას. მე მჯერა, რომ სამყაროს სასურველი, თავდაჯერებული ქალები ატრიალებენ და რომ ორსულობა მათ ამ თვითრწმენას არ უნდა აკარგვინებდეს.
ამატერას” ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს დაეხმაროს ორსულობის თანმდევი ფიზიკური და მენტალური პრობლემების დაძლევაში და შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოახდენს ძუძუთი კვების სტიმულირებას. ჩემ მიერ შექმნილი მატერიალური პროდუქტის უკან ბევრი მნიშვნელოვანი არამატერიალური ღირებულებაა, რომლებიც მინდა, რომ ქალებს გადავცე და გავაძლიერო ისინი ორსულობის და მშობიარობის შემდეგაც.


მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებაც, ვინ ქმნის “ამატერას” დიზაინს და რა არის ამ პროცესში თქვენთვის ყველაზე მთავარი?

“ამატერას” დიზაინს ვქმნი მე, ჩემი გემოვნების, იდეების და გამოცდილების თანხვედრით.

განვითარების ეტაპებთან ერთად, რა თქმა უნდა, “ამატერას” გუნდი გაიზრდება. ტექნიკური მიმართულებით ვთანამშრომლობ გუნდთან, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის საუკეთესო სპეციალისტებით. მუშაობის პროცესში ყველაზე მთავარია, რომ თითოეული დეტალი კარგად ნაფიქრი და ორსულზე მორგებული იყოს, გამოყენებული მასალები კი საუკეთესო ხარისხის და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, რადგან ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ზრუნვას საჭიროებს.


დაგვიხასიათეთ როგორია “ამატერას” სტილი?

როდესაც ბრენდზე მუშაობა დავიწყე, ვფიქრობდი, როგორი სტილის სამოსი იქნებოდა საინტერესო ორსულებისთვის, რისი ნაკლებობა  და საჭიროება იყო ბაზარზე.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორსულ ქალებს სჭირდებათ ტანსაცმელი რომელიც იქნება ხარისხიანი, მოდური და კომფორტული, რომელსაც ჩაიცვამენ სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე, წვეულებაზე და ა.შ.  და რომელიც შეუნარჩუნებთ მათ ჩვეულ სტილს.


დაინტერესებულ მომხმარებელს სად შეუძლია "ამატერას" სამოსის შეძენა?

“ამატერას” სამოსის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდიდან amatera.ge. მიწოდება 1-3 დღის ვადაში ხორციელდება, ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის განსაკუთრებულობას და ვთავაზობთ ზომის გადაცვლის მომსახურებას, რომელიც ისევე უფასოა, როგორც პირველადი მიწოდება.



როგორია ბრენდის უახლოესი სამომავლო გეგმები, რა ტიპის სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენი ბრენდისგან?

ბრენდი ჯერ ძალიან ახალია, ამიტომ ახლა ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ორსულმა ატაროს სიყვარულით და მათზე ზრუნვით შექმნილი “ამატერას” სამოსი. “ამატერა” უნდა გახდეს ბრენდი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის კომპონენტი, რაც ქალს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ეტაპებზე სჭირდება. ეს იქნება ტანსაცმელი თუ აქსესუარები როგორც  მისთვის, ასევე მისი შვილებისთვის. “ამატერა” შეიქმნა იმისთვის, რომ გადასცეს მომავალ დედებს ის ენერგია, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ თან.



ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი
MUA: Make Up Institute Georgia (მარი ბაგრამიანი, ნათია რიგვავა)