ანა ვიაზემსკი: მეტი, ვიდრე მუზა

რობერტ ბრესონის, უმნიშვნელოვანესი ფრანგი რეჟისორის, მუშაობის სპეციფიკა თავის მსახიობებთან ცნობილია. გადასაღებ მოედანზე მსახიობები მანამ რეპეტიციობდნენ, სანამ მათი შესრულება ბუნებრივი და უნიკალური არ იქნებოდა. სწორედ ამგვარი აურის გამო გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ანა ვიაზემსკი თავის ფილმში - “Au Hasard Balthazar”, რომელიც მომავალში ფრანგული კინოს ერთ-ერთი შედევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიაზემსკისათვის ეს როლი ნამდვილად ყველაზე დიდ სამსახიობო მიღწევად ითვლება, მისი შესაძლებლობები ამ ფილმით არ დასრულებულა.



ანა ვიაზემსკი დაიბადა 1947 წელს 14 მაისს ბერლინში. დედის მხრიდან ის ნობელის პრემიის ლაურეატი დრამატურგის, ფრანსუა მორიაკის შვილიშვილი იყო, რომელიც, როგორც თავად იხსენებდა, პატარა ასაკიდანვე აცნობდა ლიტერატურასა და დრამას.  მამამისი რუსი დიდგვაროვანი იყო, რომელმაც რევოლუციის პერიოდში თავი საფრანგეთს შეაფარა და სამომავლოდ წარმატებული დიპლომატი გახდა. მისი ბავშვობა, მამის სამსახურის თავისებურებებიდან გამომდინარე, გახლეჩილი იყო ჟენევას, კარაკასს და პარიზს შორის, თუმცა საბოლოოდ, იგი 1962 წელს საფრანგეთს დაუბრუნდა.




სულ რაღაც 18 წლის ხდებოდა, როდესაც ოჯახის ნაცნობმა, მსახიობმა ფლორანს დელემ, ვიაზემსკი რობერტ ბრესონს გააცნო. ანას არ ჰქონია არავითარი ფორმალური სამსახიობო განათლება, ან გამოცდილება, თუმცა ბრესონისათვის ეს უპირატესობად უფრო ითვლებოდა. მისი მშვიდი ხმა, უმანკო, მიამიტი გამოხედვა, რომელიც თითქოს ცხოვრებისეული გამოცდილებების არარსებობას გაგრძნობინებენ, იდეალური იყო მარიას როლის - ახალგაზრდა, ფერმაში გაზრდილი გოგონასთვის, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს თავისი მოშინაურებული ვირის, ბალთაზარისადმი. ცნობილია, რომ გადაღებების დროს ბრესონმა რამდენჯერმე შესთავაზა ცოლობა ვიაზემსკის, რომელმაც ყოველ ჯერზე უარი უთხრა. მოგვიანებით, თავის მემუარებში იხსენებს კიდეც რეჟისორის მისდამი აკვიატებებს.




ფილმის გადაღების ერთ-ერთ დღეს მოედანზე ბრესონს ჟან-ლიუკ გოდარი ესტუმრა, რომელიც ასევე მოინუსხა ვიაზემსკის სილამაზითა და ნიჭიერებით; თუმცა ამ შემთხვევაში გრძნობა ორმხრივი იყო და ანამ 1966 წლის ივნისში გოდარს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გულს უშლიდა, თუ როგორ უყვარდა მისი ფილმები და თავად ისიც. შემდეგ კი, მიუხედავად 17-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, მათი რომანიც დაიწყო,  როცა ანა ნანტერის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა სასწავლებლად. ანამ გოდარის რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. მათგან ყველაზე ცნობილი იყო „La chinoise”, რომელშიც ახალგაზრდა მარქსისტ სტუდენტს განასახიერებს, რომელიც შეპყრობილია რევოლუციური იდეებით. ფილმი ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანია გოდარის შემოქმედებაში და სწორედ მისი და ანას იმდროინდელ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. სავარაუდოდ, ეს დინამიკა, რეჟისორი ქმარი და ახალგაზრდა ცოლი, რომელიც მის ფილმებში თამაშობს, გახდა საფუძველი ვიაზემსკის სამომავლო რეპუტაციისაც. როდესაც  2017 წელს ანა გარდაიცვალა, მისი ნეკროლოგების სათაურებშიც კი ჩანდა, თუ რა დამსახურებების გამო იწერებოდა მასზე: „გოდარის ცოლი“, „გოდარის მუზა“ და ა.შ.




ანა ვიაზემსკი არასდროს ყოფილა კარიერაზე ორიენტირებული მსახიობი და თუ გადავხედავთ როლებს, რომლებსაც ის ირჩევდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის პერსონაჟი, ფილმი და რეჟისორის ხედვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პოპულარობის  მოხვეჭა და ფინანსური წარმატება. გარდა ბრესონისა და გოდარისა, ის გვხვდება პიერ პაოლო პაზოლინის, მარკო ფერერის და ფილიპ გარელის ფილმებში. ანა დაინტერესებული იყო იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური წესრიგითაც; აქტიურად მონაწილეობდა 1968 წლის პარიზის გამოსვლებში და, მოგვიანებით, „343-ის მანიფესტსაც“ მოაწერა ხელი. ცნობილია ისიც, რომ “La chinoise”-ში თავისი გმირის, ვერონიკ, ბევრი მონოლოგიც თავად ანას იმპოვიზებულია.




80-იანი წლებიდან ვიაზემსკიმ დაიწყო მოთხრობების წერა, ნელ-ნელა კი რომანებზეც გადავიდა. მისი ნაწარმოებები, ძირითადად, ავტობიოგრაფიულია, იხსენებს ყველაფერს, კონტინენტებზე მიმოფანტულ ბავშვობას, მშობლებს, ნობელიანტ ბაბუას, გადასაღებ მოედნებს, ქორწინებას ჟან-ლიუკ გოდართან, მოგზაურობებს, რევოლუციებს და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა არსებულ უამრავ იმედგაცრუებასა და ტკივილს. მისმა 1993 წლის რომანმა „Canines” გონკურის პრემიაც მოიპოვა. 80-იან წლებში, გარდა წერისა,  ანა სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებსაც იღებდა; 1994 წელს კი „U.S. Go Home“-ის, კლერ დენესის სატელევიზიო დრამის, ტელესცენარიც შექმნა, რომელიც 60-იანი წლების პარიზში მცხოვრები თინეიჯერი გოგოს პრობლემებსა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.


მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური პოპულარობა  ნამდვილად გოდარის,  უფრო მეტად კი ძიგა ვერტოვის ჯგუფთან ერთად გადაღებული ფილმებით მოიპოვა, ანა ასევე იყო ძალიან ნიჭიერი მწერალი, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებული აღმოჩნდა ყველა მისი თანამედროვისაგან საკუთარი პრინციპებით, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობით და უნიკალური ნიჭით -  გამოეხატა ყველაზე უფრო რთულად გამოსახატავი ემოციები.


ფოტოების წყარო:
1. theguardian.com
2. nytimes.com
3. vogue.fr



ავტორი : მარიამ რაზმაძე