ანი თოიძის შემოქმედება - ინტერვიუ ხელოვანთან

„ჩემ მიერ გამოსახული სამყარო მრავალი მოვლენისა თუ საგნის სხვადასხვაგვარი გაგებისა და აღქმის ჩარჩოში მოქცეული ერთი დიდი ოთახია,  სადაც გაურკვეველი და რეალური ერთმანეთში იხლართება“, - ამბობს ანი თოიძე, ახალგაზრდა მხატვარი, რომლისთვისაც ხელოვნება გაუგებარ მოძრავ სარტყელს ჰგავს, რაღაც საშუალოს - ყველაფერსა და არაფერს შორის.  ანის მიერ ზედაპირზე გამოსახული ფორმები თუ  ფერები, რომლებსაც მისთვის მაგიური მნიშვნელობა აქვთ,  ხელოვანისათვის საშუალებაა გასაგნობრივებული თუ გაშიშვლებული ემოციების გამოსახატად.

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ ანი თოიძესთან, რომელიც მის მიერ სხვადასხვა მედიუმში გაცოცხლებულ სამყაროზე,  ფერებისა და ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა. 




ანი, რატომ გადაწყვიტე საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა და როგორია ეს გზა შენთვის?

ამ არჩევანის გაკეთება რთული არ ყოფილა,  რადგან ხელოვნება ჩემს ყოველდღიურობაში ადრეული ბავშვობიდან შემოიჭრა, შემდეგ მისი როლი ეტაპობრივად გაიზარდა და საბოლოოდ ერთადერთ რეალობად მექცა. ეს გზა საინტერესოა - თავად ვწყვეტ საით წავიდე, რა გავაკეთო... გაუგებარი მოძრავი სარტყელივითაა, რაღაც საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის.




მოგვიყევი, როგორია ფერების მიმართ შენი დამოკიდებულება და როგორ უკავშირებ ხოლმე მათ კონკრეტულ განწყობასა თუ ემოციას.

ფერი ის მთავარი და მაგიური საშუალებაარომლითაც ჩემს ყველაზე ინტიმურ და პირად მდგომარეობას გადმოვცემ.  ყოველ ფერს  თუ ტონალობას თავისი განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა და განსაზღვრება აქვს.


ნამუშევრებს სხვადასხვა მასალით ქმნი - რომელ მედიუმშია მუშაობა შენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო?

მუშაობის პროცესში უპირველესი რეალობასთან კონფლიქტში მყოფი ან დროებით ჰარმონიულად დალაგებული ემოციებია, რომელთა ვიზუალიზაციის შემდეგაც ნელ-ნელა მივდივარ შესაბამის მასალამდე. ნებისმიერი მათგანი მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზეთის საღებავი, აკვარელი, გაუზავებელი პიგმენტი თუ თაბაშირი.



პასტელური ფერები, მშვიდი განწყობა, ცხოველები, ადამიანების სახეები - მოგვიყევი, როგორია სამყარო, რომელსაც შენს ნამუშევრებში აცოცხლებ.

ჩემ მიერ გამოსახული სამყარო ბევრი მოვლენისა თუ საგნის სხვადასხვაგვარი გაგებისა და აღქმის ჩარჩოში მოქცეული ერთი დიდი ოთახიასადაც გაურკვეველი და რეალური ერთმანეთში იხლართება, ერთი კარი პარალელურ სივრცესთან მაკავშირებს, მეორეთი კი ყოველდღიურობაში ვბრუნდები.




როგორ გავლენას ახდენს შენს შემოქმედებაზე ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ ან ის ამბები, რომლებიც ყოველდღიურობას სდევს თან?

 ვფიქრობ,  როგორც  უნდა ეცადო შენ მიერ შექმნილ პარალელურ სივრცეში დარჩენას, ყოველდღიური მოვლენები, ამბები თუ სიახლეები მაინც პირდაპირ და ირიბ კავშირშია სამუშაო გარემოსთან, შეიძლება ზოგჯერ განმაპირობებელი არ გახდეს, თუმცა გარკვეულ კვალს აუცილებლდ ტოვებს.



როგორ დაახასიათებდი შენს შემოქმედებას ძალიან მოკლედ - რა დეტალებს გამოყოფდი, რომლებიც გგონია, რომ შენი ხელწერის ნაწილია და შენს ნამუშევრებს სხვებისაგან გამოარჩევს?

ალბათ  ესაა საგნებისა თუ მოვლენების ჩემეული აღქმა, რაც საშუალებას მაძლევს გადმოვცე გასაგნობრივებული, გაშიშვლებული ემოცია.  შემფასებელი კი დამთვალიერებლია.  




და ბოლოს,  რაზე  მუშაობ ამჟამად  და როგორია შენი სამომავლო გეგმები.

ვმუშაობ ყოველდღიურად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ვაკეთებ პატარა სკულპტურებს და ვქმნი სხვადასხვა სერიას. ახლო მომავალში იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა გალერეა "გამრეკელში“.



ავტორი : ანი კლდიაშვილი