ანუშკა ჩხეიძის გულწრფელი მუსიკა - ინტერვიუ მუსიკოსთან

Hammock Magazine კომპანია Meama-სთან ერთად წარმოგიდგენთ სტატიების სერიას იმ ადამიანებთან, ვინც საკუთარ სფეროში ქმნიან მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს, პროგრესს და ამ ყველაფრით ცვლიან ყოველდღიურობას.

პირველი ისტორია არის ახალგაზრდა მუსიკოსის - ანუშკა ჩხეიძის შესახებ, რომელიც მუსიკის შესაქმენლად ბგერებს აგროვებს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მიიჩნევს, რომ თითოეული ადამიანის უკან საინტერესო და უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ ადამიანების ისტორიებში პოულობს შთაგონებას, თუნდაც საერთოდაც არ იცნობდეს მათ. 



ანუშკა, მოგვიყევი როგორ გაჩნდა მუსიკა შენს ცხოვრებაში, რამ გიბიძგა რომ მუსიკოსი გამხდარიყავი?

ოთხი ან ხუთი წლის ვიყავი, როცა ბებიას სახლში პიანინოზე ჩემთვის მუსიკას ვაწყობდი ხოლმე. ხუთი წლიდან ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, კი ვსწავლობდი ნაწარმოებებს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ნოტები დიდად არ მაინტერესებდა. ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს,  პარალელურად დავდიოდი ხალხურ სიმღერაზე  და  ვგალობდი ტაძარში. ალბათ მუსიკასთან ასეთი შეხება ყველა ბავშვს ჰქონია, თუმცა მე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად მახსენდება როგორ დამჭირდა ერთ-ერთი ცეკვისთვის თავად დამეჭრა მუსიკა და შემდეგ ერთმანეთზე მიმება, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა რაღაც "დიჯეობის" მსგავსი ვცადე. მეცხრე კლასში მუსიკას საერთოდ თავი დავანებე და გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო ამოსავალი წერტილი, თუმცა პირველივე კურსზე მივხვდი, რომ ეს ის არ ყოფილა რაც მე მინდოდა. საბოლოოდ ისევ ბავშვობის ჩვევას დავუბრუნდი და მუსიკასთან დაბრუნება გადავწყვიტე. დავბრუნდი კიდეც, ოღონდ სრულიად განსხვავებული ფორმით, ელექტრონული მუსიკის შესწავლა დავიწყე, რომელიც ყოველთვის ძალიან მიზიდავდა.

ოთხი წელია ამ სფეროში ხარ, პროფესიულ განვითარებასთან ერთად ხომ არ შეიცვალა შენი წარმოდგენა მუსიკის შესახებ?

ამ ოთხმა წელმა პირველ რიგში შეცვალა ის, რომ თუ აქამდე მელომანი ვიყავი, ახლა თავად იმდენ დროს ვუთმობ მუსიკის შექმნას, ფიზიკურად ბევრის მოსმენა აღარ შემიძლია. ამ პერიოდში ძალიან განვვითარდი, სხვანაირად ვუსმენ, თუმცა სინამდვილეში ყველაზე დიდი რამ რაც ჩემში შეიცვალა არის ის, რომ მუსიკას გარედან ვეღარ ვჭვრეტ, სულ შიგნიდან ვუყურებ.



როცა მუსიკას არ ქმნი...

როცა მუსიკას არ ვქმნი, მუსიკას ვუსმენ და მაინც მუსიკაზე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც მომენტში ინსტრუმენტთან არ ვიჯდე და არ ვქმნიდე, თუმცა ფიქრებში მაინც სულ იქ ვტრიალებ. ალბომებზე მუშაობამ გამიღრმავა სწრაფვა, რომ სულ ახალი იდეები ვეძებო, რაც საბოლოოდ ყოველთვის ჩემი შთაგონების წყარო ხდება.

როგორ დაახასიათებ შენს მუსიკას?

ჩემი მუსიკის საყრდენი თავიდან ბოლომდე ემოცია და გულწრფელობაა. ვერასდროს ვგეგმავ წინასწარ თუ რომელ ჟანრში დავუკრავ, თუ რაიმე პროექტზე ვმუშაობ, გარკვეული მოცემულობა ყოველთვის არსებობს, თუმცა პირადად ჩემი მუსიკა ყოველთვის მაინც თვითგამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობაა. 


როგორც ამბობ, ცხოვრების მუსიკასთან დაკავშირებამ თვითგამოხატვის ბევრი ახალი საშუალება მოგცა. შენთვის როგორც მუსიკოსისთვის რა არის ის მთავარი იდეა თუ სათქმელი, რომლის ადამიანებისთვის გაზიარება მუდმივად გინდა?

ჩემთვის მუსიკა ყველაზე კარგი საკომუნიკაციო საშუალებაა, არა მხოლოდ მსმენელთან, ნებისმიერ ადამიანთან, მგონია ხოლმე, რომ ჩემს მუსიკას თუ მოისმენენ შესაძლოა უკეთაც გამიცნონ, იმიტომ რომ მთლიანად გულწრფელობაზე ვარ დამოკიდებული. ბედნიერი ვარ მუსიკის შექმნით, ყველაზე დიდი ენერგია ამას მოაქვს და ვცდილობ რომ სულ აღტაცებული ვიყო იმით, რასაც ვაკეთებ.

მუდმივი განვითარებისთვის რა გზებს მიმართავ ხოლმე, სად პოულობ შთაგონებას?

შთაგონება ყოველთვის გარემო და ადამიანები არიან, ასე იყო თავიდანვე და ასეა ახლაც. რადგან ჩავთვალე რომ მუსიკა ჩემი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ მგონია, რომ საბოლოო ჯამში იმას რასაც ვაკეთებ, ადამიანებს ვუძღვნი. ყოველდღიურად ჩემს მიერ დასახულ პატარ-პატარა გეგმებს ვასრულებ და ამავე დროს ყოველგვარი ახალი გამოცდილების გასაზიარებლად მუდმივად ღია ვარ.


რა როლი აქვს გარშემომყოფთა რეაქციას იმისთვის, რომ როგორც ხელოვანი თავს თავდაჯერებულად გრძნობდე?

გარშემომყოფებთა აზრს თავდაჯერებულობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მაინც ვცდილობ ამის გავლენის ქვეშ არ მოვექცე, მაგრამ როდესაც რაიმეს ქმნი პატარ-პატარა მხარდაჭერა ყოველთვის გჭირდება. მგონია, რომ მსმენელი ყოველთვის უკეთესად აღიქვამს მუსიკას ვიდრე თავად მუსიკოსი იდეებს. მე თვითონ ძალიან კარგი მსმენელი ვარ, შეიძლება უკეთესიც ვიდრე მუსიკოსი და ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი მსმენელიც ასეა. ბევრჯერ უთქვამთ, რომ სინამდვილეში ძალიან ღრმად განიხილავენ ჩემს მუსიკას, ამას კი ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხელოვნებისთვის კი ალბათ მთავარი ხიბლი აქვს.

მთავარი ღირებულება, რომელსაც არასდროს ღალატობ...

ოთხი წლის წინ, როცა მუსიკას დავუკავშირე ცხოვრება, იმდენად დიდი გადატრიალება მოახდინა  ჩემში და იმდენი რამ მომცა, მგონია, რომ არასდროს არ უნდა ვუღალატო იმას როგორც დავიწყე, რასაც ნამდვილად ვგრძნობ და რისი გამოხატვაც მინდა. მგონია, რომ მთავარი ეს არის - ბევრი შრომის ხარჯზე არ ვუღალატო იმ პრინციპს, რომელიც მართლა ჩემია და არ მოვექცე რაიმე ტენდენციების გავლენის ქვეშ.


როგორია ციფრული სამყაროს მნიშვნელობა შენს საქმიანობაში და რას ანიჭებ მნიშვნელობას იმისთვის რომ საკუთარი შემოქმედება ახალი, ინოვაციური ფორმით წარმოადგინო?

ის, რომ მუსიკაში ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, გარკვეულწილად ინოვაციების და ინტერნეტ სივრცის დამსახურებაც არის. მე, როგორც მუსიკოსს, მგონია, რომ საჭიროა ადამიანებმა მათთვის სწორი პლატფორმა იპოვონ და თავადვე განსაზღვრონ რა სჭირდებათ.  ვცდილობ სოციალურ ქსელების  სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი მუსიკის ადამიანებამდე მისატანად. მიხარია, რომ წელს "სფოთიფაიც" შემოვიდა საქართველოში, ესეც ძალიან ბევრ მუსიკოსს დაეხმარება. კარგია,როცა საკუთარი ლეიბლი გაქვს, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ პლატფორმებზე ოფიციალურად იტვირთება შენი მუსიკა, მსმენელი მარტივად გპოულობს, მისი საშუალებით კომპანიები და გამოცემებიც გეხმაურებიან. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად სჭირდება დღეს თანამედროვე მუსიკოსს.


როგორ ხედავ შენი პროფესიის მომავალს და საკუთარ თავს ამ მომავალში, რა მიმართულებით გინდა განავითარო შენი ფართო ხედვა?

ძალიან მიყვარს საქართველო, საინტერესო პროექტების აქ შექმნა, თუმცა ხშირად ვფიქრობ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე. მინდა მომავალი წელი აკადემიურ განათლებას დავუთმო. ერთია როცა კარგი მუსიკოსი ხარ, მუსიკას წერ და უკრავ და მეორე, რომ გინდა კიდევ უფრო განვითარდე, მომავალში უკეთეს პროფესიონალად ჩამოყალიბდე. არ მინდა, რომ მუსიკა ჩემთვის ოდესმე გახდეს ჰობის ან გართობის საშუალება, მინდა ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე ვიცოდე და სხვადასხვა მედიუმებში ვიმუშაო, ამისთვის აუცილებლად მჭირდება აკადემიური განათლება.

და ბოლოს, რას უსურვებდი საკუთარ თავს უფრო მეტი განვითარებისთვის?

იღბლიანი, ვარ რაღაც-რაღაცები სულ მიწყობს ხელს რომ ამ სფეროში ვიყო, მათ შორის ალბათ ასაკიც, სულ სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ და ხანდახან შიში მაქვს, რომ ეს ყველაფერი არ დასრულდეს ან ოდესმე სხვანაირად იყოს. ჩემს თავს ალბათ ვუსურვებდი, რომ ბოლომდე ამ სფეროში დავრჩე და რაც მთავარია მიღირდეს აქ დარჩენა. 

განსაკუთრებული მადლობა: Sense Consept Store, Toibox, Buyers



ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტო: ლაშა ბაკურაძე, ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე