არქიტექტურის ფოტოგრაფია წარსულში და დღეს

არქიტექტურა როგორც ძირითადი თემა ფოტოგრაფიაში ჯერ კიდევ მე-20  საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება, თუმცა ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ ფოტოგრაფიაში გვხვდება, 1940-იანი წლებში განვითარდა. ამ დროიდან ფოტოგრაფები ნელ-ნელა იწყებენ გაცნობიერებას, რომ შენობაც შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო და პრაქტიკულად ხელოვნების ახალი მიმდინარეობა წარმოქმნას. არქიტექტურული ფოტოგრაფია, როგორც ქვეჟანრი ძირითადად ორ მიზანს ემსახურება, შეინარჩუნოს შენობის რეალური სახე და დიზაინი, მაგრამ, ამავდროულად, ჩასვას გამოსახულება კონკრეტულ ესთეტიკაში, რომელიც უცხო თვალისთვის მომხიბვლელი იქნება. უშუალოდ ფოტოს ესთეტიკას ხშირად ის არქიტექტურული სტილი განაპირობებს, რომელსაც შენობა მიეკუთვნება. 

 

არქიტექტურული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი ქალია - ბერენის ებოტი, რომელიც ამ ჟანრში 1930-იანი წლებიდან მუშაობდა. ებოტმა განათლება პარიზში მიიღო, ის მან რეის ასისტენტი იყო და პორტრეტების ფოტოგრაფად მუშაობდა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით საინტერესოა სერია “ცვალებადი ნიუ-იორკი”, რომელშიც ასახულია ქალაქის სწრაფი ცვლა დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში.

 

 

კიდევ ერთი ფოტოგრაფი, რომელიც არქიტექტურით 30-იან წლებში დაინტერესდა, ჯულიუს შულმანია. მან არქიტექტურული ნიმუშების გადაღება 1936 წელს, დიზაინერ რიჩარდ ნოიტრასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. შულმანი მუშაობდა ისეთ არქიტექტორებთან, როგორებიცაა: ფრენკ ლოიდ რაითი, გრეგორი ეინი, ალბერტ ფრეი და ჩარლზ და რეი ეიმსები. მის შემოქმედებაში გამორჩეული ნამუშევარია Case Study 22, რომელიც გვიჩვენებს ღამის ქალაქის ფონზე სახლის შემინულ კუთხეს და კაცის ფიგურას ფანჯარასთან. სურათი გამორჩეულად საინტერესოა, რადგან ფოტოგრაფი ირჩევს ინტერიერზე გარე კუთხიდან დაკვირვებას, პერსონაჟის შემოყვანით კი საოცრად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

 

 

ეზრა სტოლერი კიდევ ერთი ამერიკელია, რომელსაც არქიტექტურულ ფოტოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის შედარებით უფრო გვიან, 1960-იან წლებში მუშაობდა და მის ობიექტივში ძირითადად ინდუსტრიული სტილის ნაგებობები ხვდებოდა. მის შემოქმედებას გამოარჩევს სინათლისა და ჩრდილების საინტერესო განლაგება, მკვეთრად გამოხატული კონტურები და გეომეტრიული ფიგურები. 

 

 

არქიტექტურის ფოტოგრაფებში ყველაზე საინტერესო ცხოვრება ლიუსიენ ერვეს ჰქონდა, ის უნგრელი იყო, რომელიც 1919 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა, თუმცა გადარჩა და 1949 წელს ლეგენდარულ არქიტექტორ ლე კორბუზიესთან დაიწყო მუშაობა. მის შემოქმედებაში იშვიათად შევხვდებით შენობებს, რომელთა სრულად აღქმაც შესაძლებელია, ის მუდმივად ირჩევდა ხედვის უცნაურ კუთხეს და არქიტექტურის არა ფუნქციურ, არამედ მხოლოდ არტისტულ ნაწილს წარმოაჩენდა. 

 

 

კიდევ ერთი თანამედროვე ფოტოგრაფი, რომელიც გამორჩეულ სტილს ირჩევს, ელენ ბინეა. ბინე მხოლოდ ფირით, შავ-თეთრ ფოტოებს იღებს და ძირითადად შუქჩრდილებს აკვირდება.

 

 

არანაკლებ საინტერესოა დღევანდელი არქიტექტურული ფოტოგრაფია. ივან ბაანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული არტისტია, რომელიც შენობებს სოციალურ საკითხებსა და უსახლკაროთა პრობლემებზე სასაუბროდ აღბეჭდავს, გარდა ამისა, მის ობიექტივში ხშირად ხვდება შენობები, რომლებიც პეიზაჟს ბუნებრივად ერწყმის. ბაანს უმუშავია არქიტექტორებთან ზაჰა ჰადიდთან და სოუ ფუჯიმოტოსთან.

 

 

სრულიად განსხვავებულ ნამუშევრებს გვთავაზობს შვედი ფოტოგრაფი ტეკლა ეველინა სევერინი, მისი შემოქმედება უეს ანდერსონის კინემატოგრაფიას მოგვაგონებს, სევერინი აღბეჭდავს პასტელურ ფერებსა და ძალიან სიმეტრიულ ინტერიერებს, მის ფოტოგრაფიას გამოარჩევს სინაზე და ფემინურობა.

 

 

ფრანგი მოყვარული არქიტექტურული ფოტოგრაფის, მატიე ვენოს სავიზიტო ბარათსაც ფერები წარმოადგენს, თუმცა ის ძირითადად მხოლოდ ექსტერიერით ინტერესდება. მის შემოქმედებას გამოარჩევს 80-იანი წლების ნოსტალგია და ბავშვური გულწრფელობა. 

 

 

არქიტექტურული ფოტოგრაფია ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჟანრია, რადგან ის საშუალებას იძლევა შენობები, რომლებიც ჩვენ თვალწინაა და რომელთა შემჩნევაც ხშირად გვიჭირს, სრულიად ახალი თვალით დავინახოთ.

 

 

ფოტო: Medium, NYtimes, Matthieuvenot. Artland Magazine, Archdaily, Teklaevelinaserevin

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე