არქიტექტურით შთაგონებული ნივთები - ინტერვიუ Streaming-ის დამფუძნებლებთან

ლენკა ციციშვილმა და მარიამ სამარღანიშვილმა თებერვალში პროდუქტის დიზაინის სტუდია - Streaming დააარსეს, რომელიც არქიტექტურით შთაგონებულ ნივთებს ქმნის. Streaming-ის სახელით შექმნილი პირველივე ნივთი, სანათი, მილანში პრესტიჟული გალერეის, კონკურსის - Rosana Orlandi Guiltless Prize-ს ფინალისტი გახდა. Streaming-ის დამფუძნებლებმა გვიამბეს ბრენდის დაარსების, კონკურსისა და ნივთების შესახებ, რომლებიც არქიტექტურის სიყვარულით იქმნება.


მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ Streaming-ის დაარსების იდეა?

 

ორივენი არქიტექტორები და დიდი ხნის მეგობრები ვართ, რამდენიმე პროექტზე ერთადაც გვიმუშავია, რაც ორივესთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ამიტომ გაგვიჩნდა აზრი, რომ ერთად დაგვეწყო პროდუქტის დიზაინზე მუშაობა, რომელიც ჩვენს მთავარ საქმიანობასთან, არქიტექტურასთან იქნებოდა კავშირში.

 

რა მნიშვნელობას ატარებს ბრენდის სახელი?

 

Streaming ავარჩიეთ როგორც სიტყვა, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, იმის მიხედვით, თუ რა კონტექსტში ვიყენებთ, იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენს პროდუქტებთან, ისინი სხვადასხვა გარემოში იცვლიან მნიშვნელობასა და კონტექსტს. Streaming, ერთი მხრივ, ეს არის დინება, გადმოცემა, მეორე მხრივ კი  streaming of unconsciousness-ცნობიერების ნაკადი, არაცნობიერში არსებული ცოდნისა თუ სურვილების ნაკადი. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, ჩვენში დალექილი ემოციების ნივთებში გადატანა.

როგორ შეიქმნა სანათი, რომელიც შემდეგ Rossina Orlandi Gallery-ის კონკურსზე გაიტანეთ? 

 

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ნივთები ძირითადად არქიტექტურითაა შთაგონებული, თუმცა სანათის მთავარი ინსპირაცია პეტრე ოცხელის ერთ-ერთ ჩანახატზე არსებული პატარა, თითქოს უმნიშვნელო ფორმაა, რომელიც ძალიან მოგვეწონა. სანათს Second Life Light ჰქვია, რადგან, ერთი მხრივ, ის პეტრე ოცხელის ნამუშევრის ახალი სიცოცხლეა, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ გადამუშავებული პლასტმასისა და ზეთის საღებავის შერევითაა დამზადებული. მსგავსი სანათების შექმნას კიდევ ვაპირებთ, შევინარჩუნებთ ფორმასა და მასალას, თუმცა განსხვავებული იქნება როგორც ფერი, ასევე დიზაინი. Second Life Light-ის ფორმა უკვე შემუშავებული გვქონდა, როდესაც კონკურსი - Rossina Orlandi Guiltless Prize გამოჩნდა, კონკურსის ფინალისტები გავსდით და ასე გამოვიდა, რომ პირველივე გამოფენა გვქონდა მილანში, ძალიან პრესტიჟულ გალერეაში, Streaming-ს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა პრესაშიც, სანათი კი ცნობილმა პარფიუმერმა, ალესანდრო გუალტიერიმ შეიძინა, რომელსაც ისეთ ბრენდებთან უმუშავია, როგორიცაა: Versace, Fendi, Helmut Lang და Diesel. 

 

რა არის Streaming-ის შთაგონების წყარო?

 

როგორც აღვნიშნეთ, პირველ რიგში არქიტექტურა და ქართული ხელოვნება, ასევე ყველაფერი, რაც გვინახავს, მოგვწონებია და ჩვენშია დალექილი. 


გვესაუბრეთ უშუალოდ სამუშაო პროცესის შესახებაც 

 

რადგან ერთი ბექგრაუნდი გვაქვს, ერთად ჩავაბარეთ, ვისწავლეთ და ხშირად ერთად ვმუშაობდით. ძალიან მარტივია სამუშაო პროცესი, ზოგჯერ თქმაც კი არ გვჭირდება, იმდენად ემთხვევა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს, ხშირად ერთად მოგვდის აზრები და ერთადვე ვაქცევთ ამ იდეებს რეალობად. 

 

ნივთის დიზაინზე მუშაობისას რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ესთეტიკური მხარე თუ ფუნქციურობა?

 

საერთოდ, უმჯობესია, რომ ორივე იყოს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ესთეტიკური მხარე მაინც ჭარბობს, ამ სანათსაც ფუნქციური დანიშნულება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ვიზუალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია. მომავალი კოლექციაც, რაზეც ვმუშაობთ, ესთეტიკურად იქნება დატვირთული, თითოეული ნივთი, რასაც ვქმნით, გვინდა, რომ ხელოვნების ნიმუში იყოს, სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ ყველაფერი თითო და სხვადასხვანაირი იყოს.

არსებობს რაიმე კონცეფცია. რაც Streaming-ის პროდუქციას გააერთიანებს?

 

არქიტექტორებს ხშირად გვინდება, რომ რაღაც ყოველდღიური, ხელშესახები ნივთებიც შევქმნათ, თითქოს შენობები აღარ არის საკმარისი, ალბათ ყველა ნივთს რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით სწორედ ეს სურვილი გააერთიანებს და, რა თქმა უნდა, არქიტექტურა, რაც თან შთაგონების წყაროა, თან კი - ამ ნივთების არსებობის მიზეზი. 

 

როგორია თქვენი ბრენდთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები?

 

ჯერჯერობით ზუსტად თქმა არ გვინდა, მაგრამ ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაშიც გვსურს, რომ მივიღოთ მონაწილეობა.

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Andrea Ceriani, Nina Saturnina, Streaming