Auroboros - უტოპიური მომავლის ციფრული მოდა

 მაშინ როცა მოდას მეცნიერება და ტექნოლოგია ერწყმის, მიღებული შედეგი  ნამდვილად შთამბეჭდავ ვიზუალს ქმნის - ლონდონში  სულ ცოტა ხნის წინ დაარსებული მოდის სახლი, სახელწოდებით „Auroboros” ადამიანებს  ინოვაციური დიზაინის მქონე, AR ტექნოლოგიითა და სამგანზომილებიანი სკანირების გამოყენებით შექმნილ ულამაზეს ციფრულ სამოსს სთავაზობს. „Auroboros“, ერთგვარად, მომავალსა და მოდას აკავშირებს ერთმანეთთან, ვინაიდან აქ გამორჩეული და საინტერესო სამოსის მოდელირება ვირტუალურ სივრცეში ხდება. მისი დამფუძნებლების - პაულა სელიოსა და ალისა აულბეკოვას მიზანი მოდის ინდუსტრიის კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაა, რაც უტოპიური მომავლის შესახებ იდეისა და  მის ადამიანის სხეულთან მყარი კავშირის ფორმირებას გულისხმობს.




„Auroboros”-ში შექმნილი უჩვეულო ლუქები მნახველს ზღაპრულ თუ მითურ სიუჟეტებს აგონებს - კოლექციაში ვხვდებით როგორც ნეირო ყელსაბამებს, რომლებსაც გველის ფორმა აქვთ, მოსაცმელებს, რომლებიც ლიმფური სისტემის ელემენტებითა თუ ცოცხალი ნერგებითაა მორთული, ასევე კაბის სახით გაცოცხლებულ ფერად ორქიდეებსაც. რაც შეეხება მოდის სახლის სახელს “Auroboros”-ს, ის „Ouroboros“-ის ანტიკური სიმბოლოდან მოდის და  გველს გამოსახავს, რომელიც თავის კუდს კბენს და მარადიულობისა და მუდმივი განახლების რეპრეზენტაციაა, რაც მოდის სახლის დამფუძნებლების შთაგონების წყარო სწორედ იმიტომ გახდა, რომ მათი სურვილიც მოდისათვის ახალი, პროგრესული ვიბრაციის მინიჭებაა მეცნიერების გზით, ისე რომ სილამაზე და დახვეწილობა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.




„Auroboros”-ის მიერ შემოთავაზებული სამოსი ადამიანის სხეულზე იღებს განსაზღვრულ ფორმას და მასზე იზრდება. ამ იდეის ავტორები - პაულა სელიო და ალისა აულბეკოვა, რომლებიც პარალელურად ალექსანდრ მაკქუინის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის - „Sarabande“-ს რეზიდენციის დიზაინერები არიან, ბიომიმიკრიას, გარემოსთან შესაბამისობის დაცვითა და ბიოლოგიური პრინციპების მიხედვით მომუშავე ტექნიკას ცოცხალი ქსოვილების შესაქმნელად იყენებენ. „ჩვენ მიერ შექმნილი სამოსი, რომელთა მატერიაც ცოცხალია, სხეულზე ექვსიდან თორმეტი საათის განმავლობაში იზრდება, რაც ძალიან ამაღელვებელი პროცესია, ვინაიდან კონკრეტული მომხმარებელი, რომელიც ჩვენ სამოსს ირგებს, მთელი სხეულით გრძნობს ამ მომენტს“,  - ამბობს პაულა სელიო. მაშინ, როცა ეს  მატერია მომხმარებლისა თუ მოდელის სხეულზე ცოცხლდება, ადამიანი ზრდის  ამ უცნაური პროცესის თანამონაწილე ხდება - იაზრებს, რომ მიღებული შედეგი იმისაგან, რაც თავდაპირველად მოირგო, სრულიად განსხვავებულია - სამოსი მასზე ორგანულად გაიზარდა.




ტანსაცმელი, რომელსაც ეს ბრენდი გვთავაზობს, მცენარეთა სტრუქტურით, ადამიანის ანატომიითა და იმ ზებუნებრივი ორგანიზმებითაა შთაგონებული, რომლებსაც სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ვხვდებით. „Auroboros”-ის სამოსი საკმაოდ რთული ტექნიკით იქმნება, რომლის  სისტემაც მათ ფორმირებას ნელ-ნელა ცდილობს და სამოსს ხელოვნების ნიმუშსა თუ ტროპიკულ მცენარეებს ამსგავსებს. სამოსის შექმნისას მნიშვნელოვანია იმის გაკონტროლებაც, რომ  მისი შემადგენელი კრისტალები გააქტიურებისას ყვავილებივით გაიფურჩქნოს. მომხმარებელს, რომელიც ამ ბრენდის სამოსს ირჩევს,  კრისტალიზაციის პროცესში ჩართვა  თავისუფლად შეუძლია - მას ეძლევა შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს, როდის დაიწყება ეს პროცესი, რისთვისაც მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო.




„Auroboros”-ისეული სამოსი ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის სხეულს ერგება, რის შესაძლებლობასაც მისი ციფრული ბუნება იძლევა. ამ ბრენდის ტანსაცმელი დროთა განმავლობაში განიცდის მეტამორფოზას - იმის გამო, რომ მისი სტრუქტურა ორგანულია, მატერიის შემადგენელი კრისტალები ზრდისას ნელ-ნელა დაჟანგვამდე იცვლის ფერს და შემდეგ ქრება. დიზაინერ ალისა აულბეკოვას თქმით, მოდის სახლის დაარსების იდეა სამყაროში კორონავირუსის გამოჩენამ დაბადა, ვინაიდან მეტი საჭიროება გაჩნდა იმისა, რომ ყველაფერს ციფრულ სივრცეში გადაენაცვლებინა, მათ შორის მოდასაც.



„ჩვენ ციფრულ მოდაში ვხედავთ მომავალს“, - აცხადებენ „Auroboros”-ის დამფუძნებლები  და გეგმავენ შექმნან ახალი მიმართულება, რომელიც ამჯერად ინტერნეტთამაშების მოყვარულებს შესთავაზებს ისეთ ვირტუალურ სამოსს, რომელიც მხოლოდ ციფრულ რეალობაში იარსებებს - მომხმარებლებს შეეძლებათ მათ მიერ ონლაინსივრცეში შექმნილ ავატარები თავად შემოსონ.



იდეას, რომელსაც ანტიკური სიმბოლო „ouroboros” ატარებს და რომლის თანახმადაც, ის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვისა და მუდმივი განახლებისაკენ სწრაფვის  ვიზუალიზაციაა, ლონდონში დაფუძნებული ამ თანამედროვე მოდის სახლის კონცეფცია უჩვეულო და საინტერესო გზით ეხმიანება. ის დიზაინერები, რომლებმაც „Auroboros” დააფუძნეს, იმედოვნებენ, რომ ასეთი სამოსით მოდის სფეროში რაღაც ინოვაციურისა და გამორჩეულის შექმნას შეძლებენ, ციფრული მოდის განვითარებას შეუწყობენ ხელს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიერ შემოთავაზებული ტანსაცმლით შეიმოსებიან, დაარწმუნებენ, რომ ეს სამოსი უტოპიური მომავლიდანაა; ისეთი მომავლიდან, რომელშიც „ადამიანებს ახალი, თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული იდენტობებისა და მრავალფეროვანი ნარატივების შექმნა შეუძლიათ“, იქ, სადაც მოდაც მარადიულად თავიდან იბადება.



ავტორი : ანი კლდიაშვილი