Axis Towers - დახვეწილი არქიტექტურული შემოქმედების ნიმუში

„Axis Towers-ის“ ცათამბჯენი არა მხოლოდ მასშტაბითა და მრავალფუნქციურობით არის გამორჩეული, არამედ არქიტექტურითა და ინოვაციურობით. საქართველოში არაერთი მაღალი შენობა შეგხვდებათ, თუმცა „Axis Towers-ს“ განსაკუთრებულად, პირველ რიგში, მისი ტექნოლოგიური გადაწყვეტები აქცევს. ეს არის შენობა, რომლის არქიტექტურამ დროს გაუსწრო. 2005 წელს, როდესაც კომპლექსის მშენებლობა იწყებოდა, „Axis Towers-ის“ გუნდმა იცოდა, რომ საქართველოსთვის უნიკალურ პროექტს ქმნიდა, რომლის გამოცდილებაც ქვეყანაში არ არსებობდა. „Axis Towers-ი“ კიდევ დიდხანს დარჩება, როგორც დახვეწილი არქიტექტურული შემოქმედების ნიმუში.  ასე რომ, თბილისს ახალი ლენდმარკი აქვს და მისი სახელი „Axis Towers-ია“.

„Axis Towers-ი“ მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

I კომპონენტი პიედესტალი და ორი კოშკია, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღემატება. შენობა სულ 41 სართულს ითვლის - 4-ს მიწის ქვეშ, ხოლო 37-ს მიწის ზემოთ.

II - კოშკები ფორმით იდენტურია, თუმცა ამავე დროს, ერთმანეთისგან განსხვავდებიან კიდეც. ეს განსხვავება კი მასალათა შორის კონტრასტია. ერთი კოშკი ქვისაა, მეორე - მინის; ერთი თეთრია, ხოლო მეორე - შავი. ეს იძლევა საშუალებას, კოშკები გასცდნენ ე.წ. ტყუპების ვიზუალს და უფრო საინტერესონი გახდნენ.

III - კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს მოცემულობა უნიკალურს ხდის შენობას, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს.

სამშენებლო სფეროში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაჰყვე თანამედროვე ტექნოლოგიებს. „Axis Towers-ის“ გუნდს თავიდანვე სურდა, რომ თეთრი კოშკი ბუნებრივი ქვის ყოფილიყო. შესაბამისი კლიმატური პირობებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებისთვის ისინი იტალიურ კომპანია „ლამინამს“ დაუკავშირდნენ. ეს ფილები - მარმარილოს ფაქტურით - ბუნებრივ კომპონენტებს მოიცავს. მარმარილო ფილებს სასურველ სითეთრეს აძლევს, ხოლო გრანიტი სიმტკიცეს სძენს. შედეგად, „Axis Towers-ის“ ფასადისთვის გამოყენებული კერამიკული ფილები, ფაქტობრივად, ყველანაირ დატვირთვას უძლებს და ამავდროულად, მსუბუქიცაა.


შავი კოშკის შემთხვევაში, არქიტექტორებს შემდეგი ამოცანა ჰქონდათ: შენობა, მაქსიმალურად, მუქი ფერის მინის  შესახედაობის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სართულშუა გადახურვის ფილები უნდა შემოსილიყო ისეთი მასალით, რომელიც მინასთან მიახლოებული იქნებოდა. ამისათვის, „Axis Towers-ის“ არქიტექტორთა გუნდმა „მიცუბიშის“ კომპოზიტური პანელები აირჩია.

ხარისხისა და გამძლეობის გარდა, სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესში ენერგოეფექტურობის ფაქტორიც გათვალისწინებულია. ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, ფასადთან არის დაკავშირებული. ამისათვის, გამოყენებულია ე.წ. დაბალემისიური მინა, რომელიც, რა თქმა უნდა, მშენებლობისთვის უფრო მაღალბიუჯეტურია, თუმცა უკეთესია, რადგან ნაკლები თბოდანაკარგი აქვს. ის ინარჩუნებს სითბოს და აკავებს სიცივეს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის გარდა, ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების ეფექტურად მუშაობას უწყობს ხელს. არქიტექტურულად შენობის ყოველი მომდევნო სართული, ქვედასთან შედარებით, 2 გრადუსით არის მობრუნებული. კონსტრუქციის ცენტრში მონოლითური სიხისტის ძალიან დიდი ბირთვია, რომლის დიამეტრიც 13 მეტრს შეადგენს. სწორედ ბირთვშია განთავსებული საევაკუაციო კიბის უჯრედები, ლიფტები, კომუნიკაციები და ა.შ. მის გარშემო განლაგებულია 12 ცალი დიდი ზომის პილონი, რომელსაც მთელი შენობა უჭირავს. გეგმას ზემოდან რომ დავხედოთ, საათის ციფერბლატს მოგვაგონებს. ბრუნვის ეფექტი კონსოლების ხარჯზე მიიღწევა.

გარდა იმისა, რომ ბრუნვის ეფექტის მიღწევა კონსტრუქციულად ისედაც საკმაოდ რთულია და მაღალტექნოლოგიურ სამუშაოებს საჭიროებს. მოგეხსენებათ, ბინებს კომუნიკაციები სჭირდება: სველ წერტილებს, სამზარეულოს... როგორც წესი, ეს ყველაფერი ერთ ხაზზე იკინძება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არც ვერტიკალურად და არც ჰორიზონტალურად არცერთი სართული არ იყო იდენტური, თითოეული მათგანის ინდივიდუალური დაგეგმარება გახდა საჭირო. ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნიდა, თუმცა „Axis Towers-ის“ გუნდი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა.

საცხოვრებელი კოშკი ბევრი რამით არის გამორჩეული. ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, ალბათ, ეზოა, რომელიც შენობის მე-7 სართულზეა განთავსებული. საცხოვრებელი ბინები სწორედ ამ ნიშნულიდან იწყება. ეს დახვეწილი ტექნოლოგიაა და მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან დამატებით კომფორტს წარმოადგენს. ეს იდეალური ადგილია ბავშვების სათამაშოდ და მოსასვენებლად. სხვათა შორის, ეზოში საკმაოდ მაღალი ხეებია, რომელთა სიმაღლე 5 მეტრსაც კი აღწევს. გარდა ამისა, შენობაში ცენტრალური რეკუპერაციის სისტემა და ასევე, ცენტრალური გათბობაა.

 

Axis Towers-ის“ სტუმარს ერთი შეხედვითაც მოხვდება თვალში შენობის ინტერიერი, რომელიც ყველასაგან განსხვავებულია. ასეთი ბიზნესტიპის შენობებში ყოველთვის სტანდარტულ, სოლიდურ დიზაინს ვხვდებით, მაგრამ „Axis Towers-ი“ მნახველს ე.წ ლოფტის ტიპის დიზაინით აკვირვებს, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი და ინოვაციაა. ამ სიახლეების პარალელურად, სოლიდურობაც დაცულია, რასაც, დიდწილად, ბუნებრივი მარმარილოს ქვა განაპირობებს. გარდა ამისა, ინტერიერში გამოყენებულია სხმული ბეტონი, მინისა და ლითონის ელემენტები, უჟანგავი ლითონის პანელები და სხვადასხვა თანამედროვე დეკორატიული პანელი. უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშენებლები მაქსიმალურად იყენებდნენ ცეცხლგამძლე, არააალებად მასალებს.

Axis Towers-ს მოწვეული ჰყავდა წამყვანი ფრანგი დიზაინერი კრისტოფ პილე, რომელიც ქართველი დიზაინერების აქტიური ჩართულობით მუშაობდა. რაც მთავარია, სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე პირადად იყო ჩართული ავტორი და დეველოპერი. ამ ყველაფრის შედეგად, შენობის დიზაინი ერთდროულად არის თანამედროვე და მყუდრო, კომფორტული და ტექნოლოგიური, ეფექტური და ფუნქციური. ეს ის შეფასებებია, რომელთაც "Axis Towers-ი" არა მხოლოდ პროფესიონალებისგან, არამედ კომპლექსის თითოეული სტუმრისგან იღებს.