ბერგმანის კუნძული - სცენები პირადი ცხოვრებიდან

თითქოს არაფერი უნდა იყოს ისეთი კომფორტული, როგორიც ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძული ფაროა, როდესაც რეჟისორი ხარ და ახალ სცენარზე გიწევს მუშაობა, ასე ფიქრობენ ტონი (ტიმ როთი) და კრისიც (ვიკი კრიპსი). ტონი წარმატებული რეჟისორია, მისი პარტნიორი - კრისი ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ ნიჭიერი. წყვილი ფაროზე შთაგონების საპოვნელად ჩადის, რეალურად კი მხოლოდ პირად პრობლემებს აწყდება. 

ზოგადად, მია ანსენ-ლევის ფილმებს სიმსუბუქე ახასიათებთ, რეჟისორი არ ცდილობს მაყურებლის დატვირთვას გაწელილი კადრებით, გადაჭარბებული ფრაგმენტაციით ან გადატვირთული გამოსახულებით და ძირითად თხრობის ფორმად დიალოგს ირჩევს. ის “ბერგმანის კუნძულშიც” არ ღალატობს ტრადიციულ სტილს და ამბავს მარტივი ენით გვიყვება. 

პირველ რიგში, რაც “ბერგმანის კუნძულს” საინტერესოს ხდის, ატმოსფეროა - ყველაფერს, რაც ფილმში ხდება, კუნძული ფარო და ინგმარ ბერგმანი განაპირობებენ, რეჟისორი შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომელიც მუდმივად აჩრდილივით დასდევს ტონის და კრისს. კუნძულზე თითქოს დრო არის გაჩერებული და ყველაფერი ბერგმანის გარშემო ტრიალებს, ფაროს მცხოვრებლები ნებისმიერ ხესა თუ კენჭთან რეჟისორს აკავშირებენ და სრულიად უმნიშვნელო ფაქტებს ისტორიულ მნიშვნელობას სძენენ. ფაროზე ინგმარ ბერგმანი ერთგვარ ატრაქციონადაა ქცეული, რომელსაც ადამიანურობის ნიშანი სრულიად აქვს დაკარგული და მხოლოდ მითის როლს ირგებს. 

სწორედ ბერგმანის მუდმივი არსებობა ქმნის კრისისთვის დისკომფორტს, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის ჩრდილქვეშ ის თავდაჯერებას კარგავს და ვეღარ წერს, ირევა მისი და ტონის ურთიერთობაც, კრისი სტუდენტ ბიჭს გაიცნობს, რომელთანაც მუდმივად ფლირტ ნარევი საუბარი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ფლირტი ფლირტად რჩება, მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მათი ურთიერთობა ბევრად უფრო ჯანსაღი და ბუნებრივია, ვიდრე კრისის და ტონის. 

 

 

"ბერგმანის კუნძული" პირველ რიგში კინოს სიყვარულზეა, ფილმში მუდმივად საუბრობენ ბერგმანის ფილმებზე, მეტიც, რამდენიმეჯერ ფილმის ეპიზოდსაც ვხედავთ, თუმცა ამასთანავე მია ანსენ-ლევი აცნობიერებს, თუ რამდენად ირონიულია წლების წინ გარდაცვლილი რეჟისორის დევნა და პერიოდულად ცინიკურ ჩანართებს აკეთებს - მაგალითად, როცა კრისი Cries and Whispers-ს ჰორორის ჟანრს მიაკუთვნებს ან როდესაც ბერგმანისგან კომედიის გადაღებას ითხოვს. "ბერგმანის საფარის" ეპიზოდში კი რეჟისორი პირდაპირ დასცინის სინეფილებს, რომლებიც პილიგრიმებივით დადიან კულტურულ ტურში, სახელად "ბერგმანის საფარი" და კუნძულის ყველა მონაკვეთში რეჟისორის ნაკვალევის პოვნას ცდილობენ. 

 

 

“ბერგმანის კუნძულის” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კრისის ფილმია, რომელსაც ანსენ-ლევი ძალიან მოულოდნელი  ფორმით გვიჩვენებს, შუა ფილმში იწყება მეორე ფილმი, რომელსაც კრისი მოგვითხრობს, ამ გადაწყვეტას კიდევ ერთხელ მივყავართ ინგმარ ბერგმანთან, რომელიც მსგავსი მეთოდით გვიჩვენებს ბავშვობის ეპიზოდს ფილმში - "მარწყვის მდელო". 

 

 

"ბერგმანის კუნძული" რაღაცით რიჩარდ ლინკლეიტერის Before ტრილოგიას ჰგავს, აქაც მოქმედებას დიალოგი ანაცვლებს, თუმცა ანსენ-ლევი უკვე გაცივებულ, ურთიერთ პასუხისმგებლობაზე დაშენებულ ურთიერთობას გვაჩვენებს. ფილმში ძირითადად თითქოს არაფერი ხდება, თუმცა ზუსტად უმნიშვნელო ამბების ჭვრეტა სძენს მას განსაკუთრებულ მშვენიერებას. ძალიან სწორადაა შერჩეული ოპერატორიც, რომელიც კინოს არა ციფრულად, არამედ 35 მმ-იან ფირზე იღებს, ფირისთვის დამახასიათებელი ფერები და ოდნავ გაცრეცილი გამოსახულება "ბერგმანის კუნძულს” განსაკუთრებულ ესთეტიკას სძენს. მომხიბვლელია ფილმის ტემპიც, ის აუღელვებელი და დუნე თხრობა, რასაც რეჟისორი ირჩევს მაყურებლისთვის, გასაგებს ხდის, თუ როგორია კუნძულზე ცხოვრება. 

 

 

ფილმი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია, ტონის და კრისის ურთიერთობა მია ანსენ ლევისა და ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიას ურთიერთობას მოგვაგონებს, თუმცა რეალობისგან განსხვავებით ფილმში რეჟისორი იმედს გვიტოვებს, რომ წყვილს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი. 

 

 

“ბერგმანის კუნძული” უცნაური ფილმია - ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე, შემოქმედებით და რომანტიკულ კრიზისზე, კინოს სიყვარულზე და შიშზე, შვედური კულტურის უცნაურ ასპექტებსა და ბუნებაზე. თუმცა ყველაზე მეტად ფილმი იმაზეა, რისი აღიარებაც ადამიანებს ხშირად არ გვინდა, წლებთან ერთად სიყვარული ნელდება, ხშირად პარტნიორი მომაბეზრებელი და მონოტონური ხდება, მისი თვისებები რაც ადრე მოგვწონდა, ახლა გამაღიზიანებელია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს, თუ მასში მშვენიერებას ვიპოვით.

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

 

ფოტო: IndieWire, Vox, Bergman Island Movie