ბერტოლდ ლუბეტკინი - ქართული წარმოშობის ბრიტანელი არქიტექტორი

ბერტოლდ ლუბეტკინი 1901 წელს თბილისში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ის არქიტექტურისა და ინჟინერიის შესასწავლად თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგში წავიდა, შემდეგ ვარშავასა და ბერლინში სწავლობდა. 20-იან წლებში პარიზში გაემგზავრა, სადაც ლე კორბუზიეს ადრეულ ექსპერიმენტებსა და ოგიუსტ პერეს ნეო-კლასიცისტურ სტილს აკვირდებოდა, 1931 წელს კი ლუბეტკინი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.


ლონდონში ჩასული ბერტოლდ ლუბეტკინი ბრიტანული მოდერნიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად იქცა, მან ფრენსის სკინერთან და დენის ლასდანთან ერთად რადიკალური არქიტექტურული ჯგუფი - Tecton დააარსა და საკუთარ შემოქმედებაში გააერთიანა საბჭოთა კონსტრუქტივის, მოდერნიზმისა და ნეოკლასიციზმის მიმართულებები. 

Tecton-მა მუშაობა ლონდონის ზოოპარკით დაიწყო, სადაც გორილების სახლი დააპროექტეს. 1933 წელს ბერტოლდ ლუბეტკინმა, დანიელ ინჟინერ და ფილოსოფოს უვე არუპთან ერთად, პინგვინების აუზის პროექტი შექმნა.


Tecton-ის დაშლის შემდეგ ლუბეტკინის პროექტით აშენდა ლონდონის ერთ-ერთი უმაღლესი საცხოვრებელი კომპლექსი, ფინსბერის ჯანმრთელობის ცენტრი და სპა  ლონდონში. მის შემოქმედებაში ჩანს აბსტრაქტივიზმის ნიშნები, თუმცა ყოველთვის შენარჩუნებულია ფუნქციური დანიშნულებაც. ლუბეტკინის ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით თეთრი ფერის ბეტონის მასიურ კედლებსა და ბრტყელ სახურავებს, გეომეტრიულ ფორმებს და რამდენიმე სხვადასხვა სტილის სინთეზს. 

 


პინგვინების აუზი, რომელიც ლონდონის ზოოპარკში მდებარეობს, 2004 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რადგან ბეტონის კონსტრუქცია პინგვინების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა ის გამოიყენებულია ჰარი სტაილსის სიმღერის, As It Was-ის კლიპში. მიუხედავად იმისა, რომ აუზს ფუნქციური დატვირთვა აღარ აქვს, ის ტექნიკურად და ვიზუალურად იმდენად მომხიბვლელია და იმდენად დიდია მისი არქიტექტურული მნიშვნელობა, რომ ნაგებობა შენარჩუნებულია და მისი დათვალიერება მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.


ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Gillfoto, Chris Sampson, Dezeen, Getty