Black Mirror ახალი სეზონით ბრუნდება

თითქმის სამი წელი გავიდა, რაც Netflix-ზე Black Mirror-ის მეხუთე სეზონის პრემიერა გაიმართა, თუმცა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის ავტორი ჩარლი ბრუკერი მეექვსე სეზონზე მუშაობს. 

 

 

როგორც ამბობენ, სერიალის მეექვსე სეზონი კიდევ უფრო კინემატოგრაფიული იქნება, ვიდრე წინა სეზონები, თითოეულ ეპიზოდს ისე გადაიღებენ, როგორც ინდივიდუალურ ფილმს. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ახალი სეზონი წინაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, ის სამზე მეტ ნაწილს გააერთიანებს.

 

 

სავარაუდოდ ახალ სეზონშიც უნდა ველოდოთ მსახიობების ვარსკვლავურ შემადგენლობას, რადგან გასულ წლებში სხვადასხვა ეპიზოდში თამაშობდნენ: მაილი საირუსი, ჯონ ჰემი, ბრაის დალას ჰოვარდი და ენდრიუ სკოტი. 

 

 

დისტოპიური სერიალის ახალი სეზონის შესახებ ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ფაქტია, რომ ავტორებს მოუწევთ, გასულ წლებში მომხდარ გლობალურ კატასტროფებზე, უფრო შემზარავი რეალობა გვაჩვენონ.

 

გამომცემლობა Variety-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პერსონაჟების კასტინგი მიმდინარეობს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია როგორც გადაღებების დაწყების, ასევე სერიალის გამოსვლის თარიღი. 

 

 

ფოტო: Tvinsider, Engadget, Polygon

ავტორი: ლიზა ალფაიძე