ბონგ ჯუნ-ჰო - „სოციალური რეჟისორი“ თანამედროვე კინოში

კინოში აზიელების დომინანტობას სერგეი ეიზენშტეინი 1928 წელს დაწერილ წერილში წინასწარმეტყველებდა, 2020 წლის ოსკარების დაჯილდოებამ ლეგენდარული რეჟისორის წინასწარმეტყველება გაამართლა და სამხრეთ კორეელმა ბონგ ჯუნ-ჰომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტ სურათებს შორის უპირობო ლიდერმა, „პარაზიტმა“ ოთხი ოსკარი აიღო და ოსკარების 92-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი სამხრეთკორეული ფილმი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. 




ბონგ ჯუნ-ჰო 1969 წელს ქალაქ დეგუში დაიბადა.  ხელოვანმა მამამ დიდი გავლენა იქონია რეჟისორის სამომავლო გეგმებზე, თუმცა 1988 წელს ის იონსეის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში ბონგი აქტიურად მონაწილეობდა დემონსტრაციებსა და დემოკრატიულ მოძრაობებში. 90-იან წლებში სწავლობდა კორეის კინოხელოვნების აკადემიაში და ადრეული წლებიდანვე მისი სადიპლომო ნამუშევრები ჰონგ-კონგისა და ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარადგინეს. 

„მე უბრალოდ 12 წლის მორცხვი, გულუბრყვილო, ფილმების მოყვარული ბიჭი ვიყავი როდესაც რეჟისორობა გადავწყვიტე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც სცენაზე ამ ჯილდოთი ხელში ვიდგებოდი“. - დღეს ჯუნ ჰო-ბონგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა კინოსამყაროში: ის ანგ ლის შემდეგ მეორე აზიელი და კორეაში პირველი ოსკაროსანი რეჟისორია;  ასევე, იმ ცხრა ოსკაროსანი რეჟისორის (ბილი უაილდერი, ლეო მაკკერი, ფრენსის ფორდ კოპოლა, ჯეიმს ლ. ბრუკსი, ითან და ჯოელ კოენები, ალეხანდრო გ. ინიარიტუ და პიტერ ჯექსონი)  ელიტარული ჯგუფის წევრი, რომელთა ერთმა ნამუშევარმა „ოსკარი“ სამ ნომინაციაში მოიპოვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო სცენარი. 


ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმები ძირითადად კონცენტრირებულია საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფასა და სოციალურ პრობლემებზე. მართალია, ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმები პოლარიზებული საზოგადოების ორივე მხარის მანკიერებებსა და ნაკლს დაუფარავად გამოხატავს და მიუკერძოებელი, ობიექტური მემატიანის მსგავსად აღწერს რეალობას, სისტემისაგან თავის დაღწევის საშუალება მის ნამუშევრებში ყოველთვის განსხვავებულია: ერთ შემთხვევაში გამოსავალი სისტემის სრული ნგრევა და დესტრუქციაა, მეორე ფილმში  - მარადიული ოცნება.  

 


მის სურათებში ყოველთვის იგრძნობა თანაბარი პატივისცემა მდიდრებისა და ღარიბების მიმართ; არანაირი ირონია, არავითარი სარკაზმი - მხოლოდ რეალისტურად აღწერილი ტრაგედია... გასაკვირი იქნებოდა „თოვლისმჭრელის“, „ოკჯასა“ და „პარაზიტის“ რეჟისორისგან განსხვავებული დამოკიდებულება... ბონგ ჯუნ-ჰო ინტერვიუებში აღნიშნავს ხოლმე, რომ არ აქვს ამ მავნებლური სოციალური სისტემის დანგრევის იმედი და გულახდილები თუ ვიქნებით, მართალიცაა - ადამიანები ამ ფერხულში დიდი ხანია ჩაებნენ და უკვე საკმაოდ შორსაც არიან წასულები... 

რეჟისორის შემოქმედება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ თემატიკითა და ზემოთ ნახსენები სამი ფილმით არ შემოიფარგლება, მისი ნამუშევრებია: Barking dogs never bite (2000), Memories of murder (2003), The Host (2006), Tokyo (Shaking Tokyo) (2008), Mother (2009), Snowpiercer (2013), Okja (2017) და  Parasite (2019). 

 

თოვლისმჭრელი  (2013)

 


„თოვლისმჭრელი“ ფრანგულ გრაფიკულ ნოველაზე დაფუძნებული სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც პოსტაპოკალიფსურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. 40 მლნ დოლარიანი სურათი კორეულ კინოსამყაროში დღემდე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, ხოლო ჯუნ ჰო-ბონგის შემოქმედებაში პირველი ინგლისურენოვანი პროექტია. 

 


გლობალური დათბობის შედეგად გაყინულ სამყაროში ერთადერთი მატარებელი გადარჩა, რომელიც 17 წელია შეუჩერებლად მოძრაობს და ამ მოძრაობით არღვევს ყინულის დაბრკოლებებს. მატარებლის თითოეულ ვაგონში განსხვავებული სოციალური ფენის წარმომადგენლები, განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობენ: პირველ ვაგონებში მცხოვრები ელიტის მდიდრული ყოფა და მათი ულმობლობა ბოლო ვაგონში რევოლუციის მომწიფების საფუძველი ხდება. 

 


ბოლო ვაგონში მცხოვრებთა სამყარო სასტიკად შეზღუდულია, მათ საცხოვრებელს ფანჯრებიც კი არ აქვს და შესაბამისად,  არაფერი აკავშირებთ გარესამყაროსთან. ფანჯრები არ აქვს მოწინავე ვაგონსაც - იქ მცხოვრები ფენების  ცხოვრების წესი და მუდმივი წვეულებები არც იწვევს გარესამყაროს ხედვის საჭიროებას. გაყინული, რეალისტური დედამიწის ხილვა მხოლოდ საშუალო ფენის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომელთა მისიაც მატარებელში წესრიგის ნებისმიერი ხერხით შენარჩუნებაა.

 


„თოვლისმჭრელში“ არსებულ წოდებრივ უთანასწორობას ისიც ამძაფრებს, რომ მატარებელში თითქმის შეუძლებელია ერთი სოციალური საფეხურიდან მეორეზე გადასვლა, თუმცა არსებობენ იშვიათი გამონაკლისებიც. ვაგონებში არსებული ინდივიდუალური მოცემულობები დედამიწის ერთგვარი მინიატიურაა, რომელშიც ერთიანდებიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ისევე, როგორც მსახიობები ფილმში. 

 


ბონგ ჯუნ-ჰო ერთ-ერთ ვაგონში წარმოგვიდგენს სკოლას, სადაც მოსწავლეებს უნერგავენ თოვლისმჭრელის უალტერნატივობასა და მისიას; ვილფორდის ფასდაუდებელი ღვაწლისა და შრომის ნაყოფს, რომელმაც ადამიანებს სიცოცხლის უფლება შეუნარჩუნა. ვილფორდის კულტი ადრეული ასაკიდანვე იკიდებს ფესვებს ბავშვების გონებაში, რათა წლების შემდეგ მათ ადრე ნასწავლი „ამბავი მხსნელ ვილფორდზე“ გაახსენდეთ და ჩანასახშივე დაივიწყონ აჯანყების იდეა.

 


„თოვლისმჭრელში“ პერსონაჟთა მრავალფეროვანი პალიტრაა წარმოდგენილი და მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრის ევანსისა და ტილდა სუინტონის მიერ განსახიერებული პერსონაჟები  არიან: მინისტრი მეისონი ვილფორდის მარჯვენა ხელი, მისი მესიჯების გამავრცელებელი და ტიპური პოლიტიკური ფიგურის ხატ-სახეა, მათთვის დამახასიათებელი ყალბი, ხელნაკეთი ჩინ-მედლები ტილდას პერსონაჟის განუყოფელი აქსესუარია. როგორც ტილდა ამბობს, მის მიერ განსახიერებული მინისტრი მარგარეტ ტეტჩერის, ადოლფ ჰიტლერისა და სილვიო ბერლუსკონის ნაზავია.

 
კურტისი, რომლის როლსაც კრის ევანსი ასრულებს, აჯანყებულთა ლიდერია. ვაგონიდან ვაგონში გადასვლისას ის თანდათან უახლოვდება ვილფორდს იმ იმედით, რომ არსებული სისტემისგან მისი და თავისი მეგობრების დასახსნელად ლოგიკურ გამოსავალს იპოვის, თუმცა ვილფორდთან დიალოგი ბევრ უცნობ დეტალს მოჰფენს ნათელს და აჯანყებულთა ლიდერისთვის გამოსავალი მთლიანი სისტემის დესტრუქციაა. 

 

ოკჯა (2017)

 


„ოკჯაში“ ჯუნ-ჰოსათვის ნაცნობი სოციალური თემატიკა ახალ ასპექტშია წარმოდგენილი და ცხოველების უფლებების დაუცველობის პრობლემასაც მოიცავს. ნეტფლიქსის დაფინანსებით გადაღებულმა ფილმმა დარბაზში თავიდან გაბრაზების შეძახილები, საბოლოოდ კი აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

 


10 წლის წინ კომპანია „მირანდომ“ აღმოაჩინა იშვიათი “სუპერ ღორები“, რომლებმაც უნდა გადაჭრან გლობალური შიმშილის პრობლემა და ისინი მსოფლიოში სხვადასხვა ფერმერს გადასცა. დღეს კი დრო დადგა ღორები „მირანდოს“ დაუბრუნდნენ. ერთ-ერთი სუპერღორი ოკჯა  კავშირს ამყარებს თავის პატრონ გოგონასთან, რომელიც საყვარელი ცხოველის დაბრუნებას ითხოვს. აქ იწყება იმ მოვლენების სერია, რომელიც რეალობაში არაერთხელ გვინახავს: ინდუსტრიული სამყაროს წარმომადგენელი მსხვილი კორპორაციები საკუთარი შეცდომების „ფსევდოგამოსწორების“ გამოაშკარავებით ცდილობენ დაიბრუნონ მომხმარებლები და კეთილშობილური პიარკამპანიის მიღმა განაგრძობენ თავიანთ შავ-ბნელ საქმეებს. 

 


ჯუნ ჰო-ბონგის ფილმებში განსხვავებული სიუჟეტების კვეთა და პრობლემების გაერთიანება რეჟისორისთვის დამახასიათებელი დეტალია. სურათში პრობლემები მხოლოდ მიჯასა და ოკჯას არ აქვთ და ამ ორი პერსონაჟის მიღმა დალხენილად არ არიან  ლუსი მირანდო და ჯონი ვილკოქსი. ლუსი მირანდო ცდილობს, თავი დააღწიოს ტყუპისცალი დის აჩრდილს და წარმატებით განახორციელოს უდიდესი პროექტი მის კარიერაში. ჯონი ვილკოქსი კი შინაური თაგვია, რომელიც გარეულმა კატამ გააგდო: წლების შემდეგ „ცელქი“ მეცნიერი აღარაა კორპორაციის სახე და ის შეცვალა პატარა გოგონამ.

 

 

პარაზიტი (2019) 

 


„პარაზიტი“ რეჟისორის მიერ სოციალურ თემაზე შექმნილი კიდევ ერთი ნამუშევარია, თუმცა ამჯერად ბონგმა ფილმი კორეულ გარემოს მოარგო, რაც შემდეგნაირად ახსნა, - „მინდოდა მომეყოლა ამბები ჩემს უბანში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები. ასე გაჩნდა იდეა. მინდოდა ერთგვარად ჩავღრმავებოდი ჩემ ირგვლივ არსებულ რეალობას, თითქოს მიკროსკოპით ვაკვირდები ყველაფერს - ვხედავ რაღაც უფრო პატარას და უფრო დეტალურად.  კორეულ გარემოსთან ერთად მნიშვნელოვანი იყო დავბრუნებოდი არა ისეთ მაღალბიუჯეტიან ფილმებს, როგორიც „ოკჯა“ და „თოვლისმჭრელია“, არამედ „დედასა“ და „მკვლელობის დღიურებს“. 

 

„პარიზიტი“ ამბავია ორ ოჯახზე, ერთი ნახევრად სარდაფში ცხოვრობს, მეორე კი ცნობილი არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ სახლში. ნახევრად სარდაფები კორეაში არცთუ  იშვიათი და რეჟისორის აზრით, საინტერესო რამაა: ნახევრად სარდაფი ნიშნავს, რომ ნახევრად მიწის ქვეშ ხარ და ნახევრად ზემოთ - აქაც  და იქაც... ოჯახი მეზობლის Wifi-ს იყენებს და იმდენად ღატაკია, რომ საერთო შეწამვლის დროს ფანჯრებს ღიას ტოვებს, რათა ბინაში არსებული პარაზიტები „უფასოდ“ გაანადგუროს. „პლებეების“ ტალანტი, ცოდნა, მათი არტისტიზმი და ფანტაზიის უნარი ფილმის დასაწყისშივე იპყრობს მაყურებლის ყურადღებას.  

 


მდიდრების ოჯახი ტიპური შეძლებული ხალხის სახეა: მათ აქვთ ხელოვნების შეგრძნება, რომელიც ვინ იცის ფსევდოა თუ ნამდვილი; ისინი პატივისცემით ეპყრობიან მათ ქვეშევრდომებს, არ მიმართავენ უხეშად და მბრძანებლური ტონით; არიან კეთილები და არავის ზიანს არ აყენებენ, თუმცა, როცა მარტო რჩებიან და თავს გულახდილობის უფლებას აძლევენ, აღიარებენ, რომ მათ მძღოლს „ჩვარის სუნი“ ასდის. როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი - პარკი ამბობს, მათ შემოსაზღვრული აქვთ საკუთარი სამყარო და აქ შემოჭრის უფლებას არავის აძლევენ, მათ არ აინტერესებთ გარესამყარო, მეტრო და ნაკლებად შეძლებული ხალხის ყოველდღიურობა.  ორ სოციალურ ფენას შორის არსებული უფსკრული იმდენად ორგანული გახდა, რომ ოჯახის უმცროსი წევრი ყველაზე პირველი აღნიშნავს, როგორ ასდით მძღოლსა და მზარეულს სპეციფიკური სუნი, ისეთი, როგორიც მის მშობლებს არ აქვთ. 

 


ემპათიის არარსებობა და ბონგ ჯუნ-ჰოს პესიმიზმი სოციალური პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, კარგად ჩანს ძველი და ახალი მზარეულის სცენაშიც, როცა ერთი მეორეს დახმარების სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, თუმცა უშედეგოდ. ადამიანი, რომელსაც გამოცდილი აქვს სარდაფში ცხოვრების „გემო“, სხვას ამის უფლებასაც კი არ აძლევს. 

 


საინტერესოა ისიც, რომ ფილმში ნახსენები კერძი „რამ-დომი“ კიდევ ერთი ელემენტია სიმდიდრის გასახსენებლად, ჯუნ ჰო-ბონგი ამბობს,  „ეს არის ორი განსხვავებული ტიპის noodles-ის ნაზავი: ერთია შავი ლობიოს მარცვლები და მეორე - ზღვის პროდუქტის პიკანტური არომატი. მას ხშირად მიირთმევენ როგორც მუშათა კლასის, ისე საშუალო ფენის წარმომადგენლები. მდიდრები მსგავს რამეს არ ჭამენ, ისინი ძვირად ღირებული, ორგანული საკვებით იკვებებიან. მიუხედავად ამისა, ბავშვებს ის მაინც უყვართ, ფილმში დედა ამ კერძს  ხორცის ნაჭერს უმატებს სიმდიდრის ხაზგასასმელად. რამ-დომს ასე არავინ ჭამს, ეს ჩემი იდეა იყო“.



ავტორი : ანი დიდიშვილი